x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
როდის ამოვა წყალი მდ „იორიდან“ დედოფლისწყაროში - პროექტზე 38 მილიონი დაიხარჯება
image


დედოფლისწყაროში მრავალწლიანი უწყლოობის პრობლემის გადასაჭრელად ქართული ოცნების ხელისუფლებამ მდინარე იორიდან წყლის ცენტრალურ რეზერვუარამდე ამოყვანის პირობა დადო. სხვა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, წყლის მარაგი საკმარისი არათუ ზაფხულში, ზამთარშიც აღარ არის. ამდენად, ბოლო ხანს აქტიურად საუბრობდნენ, რომ მდინარე იორიდან წყლის ქალაქ დედოფლისწყარომდე ამოტანის გარეშე პრობლემის მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ათეულობით წლის წინ დედოფლისწყარო წყლით ლაგოდეხიდან მარაგდებოდა.


მდინარე იორიდან ქალაქის ცენტრალურ რეზერვუარამდე წყლის მიყვანის სამუშაოების ღირებულებას ტერიტორიული სიშორე და სამუშაოების მასშტაბურობა აძვირებს. როგორც ირკვევა, ამისათვის მთავრობა 40 მილიონამდე ლარს გამოყოფს.


დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში მოქმედ ჟურნალისტებს შეხვდა. პარლამენტარი დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან ამბობს, რომ წყლის იორიდან ამოყვანა ხელისუფლების გეგმა არ არის, ეს უკვე რეალობაა და სამუშაოები უკვე დაწყებულია.


სონღულაშვილი განმარტავს, რომ სასმელი წყლის ისტორიული პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებით რეალობად იქცა. ის მადლობას უხდის პრემიერს.



გაზეთი „შირაქი“ წერს, რომ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ჯამში 38 178 198 ლარი დაჯდება და პროექტი დალის წალსაცავიდან ქალაქ დედოფლისწყაროს რეზერვუარამდე ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს.


დავით სონღულაშვილი: „ტენდერი უკვე ჩატარდა და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. პროექტი ორწლიანია. სატენდერო პირობა ითვალისწინებს როგორც დაპროექტებას და პროექტის მომზადებას, ისე შემდგომში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ერთად წარმოებას. საპროექტო სამუშაოები დაწყებულია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ჩამორჩენა არ გვაქვს. ისტორიული პროექტია, რომელიც დედოფლისწყაროში ხორციელდება.


ამ პროექტის განხორციელება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან დიდი დამსახურებაა, ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. მეც ლობირებას ვუწევ ამ საკითხს და რომ არ შეფერხდეს ყოველდღიურად ვაქცევ ყურადღებას, “ - აღნიშნავს დეპუტატი.


მრავალი წელია ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფლებს სამრეკლოსა და ხორნაბუჯს სასმელი წყალი დღეგამოშვებით, რამდენიმე საათით მიეწოდება. გრაფიკი ირღვევა ზაფხულში, ტემპერატურის მატებისთანავე. 2016 წელს წყლის დებეტის გაზრდის მიზნით ახალი ჭაბურღილი მოეწყო, თუმცა ახლადაღმოჩენილი წყლის მარაგი მოულოდნელად დაიკარგა და პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა.

0
283
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0