x
ენეაგრამა - ადამიანის 9 ფსიქოტიპი

image

პირველი ფსიქოტიპის ადამიანი, ე.წ. „რეფორმატორი“, ხასიათდება რაციონალურობით, მიზანსწრაფულობით, საკუთარი თავის კონტროლის მაღალი მაჩვენებლითა და პერფექციონიზმისკენ მიდრეკილებით.

ამ ტიპის ადამიანებს ხშირად უწოდებენ „რეფორმატორებს“ იმიტომ, რომ ცნობიერების გარკვეულ დონეზე ხასიათდებიან განცდით, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ სამყაროს შესახებ. ხშირ შემთხვევაში მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი ქვეყნის არეული პოლიტიკისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების მოგვარებასა და მოწესრიგებას.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ საკუთარი პრინციპებისთვის ღალატის შიშით ხშირად წინააღმდეგობას უწევენ ინსტინქტურ დრაივებს და შეგნებულად არ გამოხატავენ ემოციებს თავისუფლად. შედეგად, უჭირთ აგრესიისა და უარყოფითი დამოკიდებულების, ასევე ნამდვილი გრძნობების სხვებამდე მიტანა. შესაბამისად, სხვა ადამიანების მენტალურ კონსტრუქციებში ხშირად ფორმირდებიან უმაღლესი დონის თვითმაკონტროლებელ, ხშირად ხისტ პირებად. პირველი ფსიქოტიპის წარმომადგენლების რეალური გამოცდილების ვერბალურ–ვიზუალური რეპრეზენტაცია კი შემდეგნაირად შეიძლება წარმოვადგინოთ: ისინი ვნებებითა და სურვილებით სავსე ქვაბის სახურავზე სხედან და ამჯობინებენ, რომ ქვაბს სახურავი არ ახადონ და ემოციები არ გამოავლინონ. კასანდრა, ფსიქოთერაპევტი, იხსენებს საკმაოდ რთულ გამოცდილებას საკუთარი ახალგაზრდობიდან: „მახსოვს, უმაღლეს სკოლაში მივიღე უკუკავშირი, რომ უგრძნობი ვიყავი. შინაგანად, ინტენსიურად ვგრძნობდი სხვადასხვა ემოციას, თუმცა არ შემეძლო, უფლება მიმეცა, რომ სხეული დაეტოვებინათ და გარეთ გამოსულიყვნენ. ახლა კი მეგობართან კონფლიქტი მაქვს და ხშირად ვვარჯიშობ, როგორ გამოვხატავ, თუ რა მინდა, რა მაბრაზებს ან რა მჭირდება; ხოლო რაც შეეხება ჩემს პიროვნებაში სიბრაზის გრძნობას, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ მძაფრია, გავაცნობიერე, რომ სრულიად ნორმალური ემოციაა“.


გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, „პირველებს“ სჯერათ, რომ თუ საკუთარ თავთან მკაცრი დამოკიდებულებით იდეალურ „მეს“ მიუახლოვდებიან, სხვა ადამიანები მიიღებენ. მაშასადამე, სოციუმთან მიკუთვნებულობის შეგრძნება გაუჩნდებათ, ანუ განცდა, რომ რაღაც დიდის ნაწილები არიან. თუმცა პერფექციონიზმის ინდივიდუალური „ბრენდის“ შექმნის ნაცვლად ხშირად პერსონალურ ჯოჯოხეთს იქმნიან. ანუ ვერ იღებენ რეალობას ისეთს, როგორიც არის, მუდმივად ნაკლს ეძებენ და მისი გამოსწორებისკენ ისწრაფიან. ცხადია, ამ ფსიქოტიპის ადამიანები მთელი არსებით ეყრდნობიან საკუთარ სუპერეგოს, ბავშვობაში დასწავლილ ხმას, რაც უბიძგებს მათ, რომ უსასრულოდ მიილტვოდნენ „უფრო კარგისკენ“.

ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს პიროვნული ზრდა ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლებისთვის: ეს გახლავთ საფეხური, როდესაც ეს ადამიანები ფსიქოლოგიური წიაღსვლით გაისიგრძეგანებენ და გააცნობიერებენ საკუთარი პიროვნების ნაკლებსა და პოზიტიურ მხარეებს, დაინახავენ განსხვავებას საკუთარ თავსა და იმ „მიუტევებელ ხმას“ შორის, რომელიც იდეალურობისკენ უბიძგებთ მრისხანე და სასტიკი გზებით, აღმოაჩენენ, რომ ეს ხმა უამრავი პიროვნული ლიმიტის საძირკველია და დაიწყებენ დამოუკიდებლად, სურვილებზე, ინსტინქტებსა და შინაგან დრაივებზე დაყრდნობით მოქმედებას. ამასთანავე, ცნობიერების ზედა საფეხურზე უსათუოდ მიხვდებიან, რომ საკუთარ თავს განტვირთვის საშუალებას თუ მისცემენ, ამით ყოველთვის ყველაფერი არ გაფუჭდება; გარდა ამისა, აქტიურ კომუნიკაციას დაიწყებენ საკუთარ შეგრძნებებსა და არაცნობიერ იმპულსებთან და გაისიგრძეგანებენ, რომ ემოციები, სექსუალური ლტოლვები და აგრესიის გრძნობა გვაქცევს ადამიანებად, მათი მუდმივი დაიგნორება კი კარგს არაფერს მოგვიტანს.


image

მეორე ფსიქოტიპის ადამიანი, ე.წ. „დამხმარე“, სულგრძელობით, გულუხვობით, მესაკუთრეობით, ემპათიურობით, გულწრფელობითა და გულთბილობით ხასიათდება და გამოირჩევა. ისინი არიან მეგობრულები, თავგანწირულები. საუკეთესო შემთხვევაში არაეგოისტური, ალტრუისტული ბუნება აქვთ და უპირობო სიყვარულს გასცემენ.

ძირითადი შიში: არასასურველობა, სიყვარულის უღირსობა;

ძირითადი სურვილი: იგრძნოს, რომ უყვართ

ორის არქეტიპებს უპირობო სიყვარულის გაცემა და სხვებისთვის სარგებლის მოტანა თავს ღირებულად და მნიშვნელოვნად აგრძნობინებთ. მათი თვალთახედვით, სხვებზე ზრუნვა იმის ინდიკატორია, რომ სხვა ადამიანების, საზოგადოების ნაწილად იგრძნონ თავი, ეს კი თითოეული ადამიანის ფუნდამენტურ მოთხოვნილებათაგან ერთ–ერთია, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნიდან (ნაყოფი ხომ რაღაც დიდის, ანუ დედის სხეულის ნაწილია, დედამიწაზე მოვლენის შემდეგ კი ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ბრძოლა იწყება. ბრძოლის სტრატეგია თითოეულ ფსიქოტიპს სხვადასხვაგვარი აქვს).

ამ ფსიქოტიპის ჯანსაღი და დაბალანსებული თვისებების გამოვლენისას ვხვდებით ყურადღებიან, მზრუნველ, სარგებლიან და გულუხვ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელ სიყვარულს გასცემენ და ზომიერად ეხმარებიან ყველას, ვისთანაც ხელი მიუწვდებათ. ისინი, ფაქტობრივად, დაფასებითა და ყურადღებით ათბობენ და აცოცხლებენ სხვებს, ეხმარებიან, საკუთარ თავებში იმ დადებითი თვისებების აღმოჩენაში, რომელიც ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებიათ.

თუმცა, მოგეხსენებათ, მონეტას ორი მხარე აქვს და არც ეს „კეთილი ფერიები“ შობილან ბნელი მხრის გარეშე. ბუნებრივია, გაინტერესებთ, რა დგას მათი „ჩრდილის მხარეს“: სიამაყე, თავის მოტყუება და სხვების ცხოვრებაში ზედმეტი დოზით ჩარევისა და საკუთარი ემოციური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სხვებით მანიპულირების ტენდენცია. ამასთანავე, ორის არაჯანსაღი გამოვლენის არქეტიპები ქმნიან მენტალურ კონსტრუქციებს, თითქოს გულუხვობისა და სულგრძელობის სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ, სინამდვილეში კი წარმოუდგენლად დიდი მოლოდინები და სხვა არაცნობიერი ემოციები და სურვილები აქვთ, რისი გაცრუების შემთხვევაშიც აგრესიასა და უკმაყოფილებას აფრქვევენ. გარდა ამისა, არაჯანსაღი ორის ფსიქოტიპის რიგ გამოვლინებებში ადამიანები ემორჩილებიან სუპერეგოს მოთხოვნებს, რომ სხვებს შესწირონ თავი, რაც არაცნობიერ დონეზე აბრაზებთ და აღიზიანებთ მათ.

პერსონალური განვითარებისა და არაჯანსაღი ფსიქოტიპის გამოვლენის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა, პირველ რიგში, იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი პრობლემების მოგვარების გარეშე სხვების საჭირბოროტო საკითხებზე ზრუნვა შფოთვის, მუდმივი იმედგაცრუებისა და სხვა სირთულეების თანხლების გარეშე შეუძლებელია. ამასთანავე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტიპის ადამიანს კარგად ჰქონდეს გასიგრძეგანებული, რეალურად რა მოტივები დგას სხვების დახმარების სურვილის უკან. თუ ის სხვებს იმიტომ ეხმარება, რომ მათგან საპასუხო რეაქცია მიიღოს, იზრდება ალბათობა, რომ იმედგაცრუებული დარჩეს, რადგან ადამიანები სულაც არ გვაძლევენ ყოველთვის იმას, რაც ჩვენ გვინდა ან გვჭირდება. ასევე, აუცილებელია, გადამოწმდეს, რეალურად სჭირდება თუ არა მესამე პირს ის დახმარება, რომელსაც მეორეს ფსიქოტიპის წარმომადგენელი სთავაზობს. უნდა დაისვას კითხვა: ზედმეტად ხომ არ იჭრება სხვის პირად სივრცეში? თუნდაც პოზიტიურად. საბოლოოდ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვაკონტროლებთ საკუთარ თავსა და თვისებებს, ცნობიერებისა და განვითარების რომელ საფეხურზე ვდგავართ. ამის შესაბამისად კი ვფორმირდებით ან ყველასთვის საყვარელ და სასარგებლო, ან – ტოქსიკურ ადამიანად.


image

მესამე ფსიქოტიპის ადამიანი, ე.წ. „მიმღწევი“, წარმატებაზე ორიენტირებულობით, პრაგმატულობით, ადაპტირებადობით, ენერგიულობით, კომპეტენტურობითა და თავდაჯერებულობით ხასიათდება. საუკეთესო შემთხვევაში ის ავთენტური პიროვნებაა, რომელიც საკუთარი თავის მაღალი მიმღებლობით გამოირჩევა და, როგორც წესი, სხვებისთვის მისაბაძი ფიგურაა.

ძირითადი შიში: თავის ღირებულად გრძნობის დეფიციტი;

ძირითადი სურვილი: თავი ღირებულად იგრძნოს.

მესამე ფსიქოტიპის ადამიანებს ხშირად უწოდებენ „მიმღწევებს“, რადგან ჯანსაღი პიროვნული თვისებების გამოვლენის შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ მათი ცხოვრება მიღწევებისა და მწვერვალების დაპყრობის მაღალი ხვედრითი წილით ხასიათდებოდეს. ეს ტიპი, ფაქტობრივად, ადამიანური ბუნების „ვარსკვლავია“ და სხვებს ხშირად ხიბლავს თავისი გრაციოზულობით. ამასთანავე, მესამე ფსიქოტიპის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რამდენად კარგი გრძნობაა პიროვნული განვითარება და საკუთარი შესაძლებლობებითა და უნარებით მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლაში წვლილის შეტანა. გარდა ამისა, ისინი ხშირად ცდილობენ სხვების მოტივირებას იმაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისკენ სწრაფვისთვის, ვიდრე ეგონათ, რომ შეეძლოთ. მესამეს არქეტიპები ხშირად სხვებზე უფრო წარმატებულები არიან, რადგან 9 ფსიქოტიპს შორის ყველაზე მეტად სწორედ მათ სჯერათ როგორც საკუთარი თავის, ასევე - შესაძლებლობებისა და ნიჭის რეალიზების. მათ იციან, რომ ღირს ძალისხმევა და ბრძოლა იმისთვის, რომ პიროვნული „მეს“ საუკეთესო ვერსიად იქცნენ.

მოგეხსენებათ, თითოეული ჩვენგანის ქცევებს სხვადასხვა ფსიქოლოგიური მოტივი უდევს საფუძვლად. ცხადია, არც „მესამეები“ არიან გამონაკლისები. ალბათ დამეთანხმებით, რომ სამყაროში ყველას გვჭირდება ყურადღება, წახალისება და ჩვენი მნიშვნელობის დადასტურება, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვჭირდება, რომ აღიარებულნი ვიყოთ. ეს მოთხოვნილებაც ერთ–ერთია იმ ფუნდამეტურთაგან, რომლებიც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს გვიმუშავდება: ნაყოფი აღიარებულია, ამისთვის მას ბრძოლა არ სჭირდება, თუმცა, როცა ვიბადებით, თავისთავად აღარაფერი მოგვეწოდება, შესაბამისად, ვიწყებთ ბრძოლას ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მესამეებს ეს მოთხოვნილება ყველაზე უფრო მძაფრად აქვთ: მათ ეშინიათ სიცარიელისა და "არაფრობის" უფსკრულში გადაჩეხვის. შეიძლება ითქვას, ფობია აქვთ, რომ მათი ღირებულება საზოგადოებაში არაფერია, შესაბამისად, მუდმივად ცდილობენ, გამარჯვებითა და წარმატებით დაუმტკიცონ სხვებს, რომ ნამდვილად ღირებული თვისებებისა და შესაძლებლობების მატარებლები არიან. ქცევა ხომ ის იარაღია, რომლითაც ადამიანი სამყაროს ერგება, მესამე ფსიქოტიპის წარმომადგენლები კი წარმატებისკენ სწრაფვით ცდილობენ, მოერგონ სოციუმს და აღიარება მოიპოვონ მათგან. თუ რაიმე შეეშლებათ, შიში იპყრობთ, რომ არასაკმარისად კარგები არიან და სხვები გარიყავენ; აღიარებულად, სრულფასოვან პირებად ვეღარ იგრძნობენ თავს.

ალბათ გაინტერესებთ, რა ხდება ამ ფსიქოტიპის არაჯანსაღი გამოვლენისას: ეს ადამიანები იმდენად ხდებიან წარმატებისა და მიღწევების შედეგად საზოგადოების მიერ აღიარებაზე მენტალურად დამოკიდებულნი, რომ თანდათან შორდებიან საკუთარ თავს და რეალურად, ვეღარ აცნობიერებენ, რა სურთ ან აინტერესებთ. ანუ, ფაქტობრივად, ერთადერთი, რითიც ეგოს იკმაყოფილებენ, საკუთარი თვისებებისა და წინსვლისთვის სოციუმის მიერ დაწესებული „ჯილდოა“, ამის შედეგად კი შესაძლოა სრულიად დაკარგონ ავთენტურობა და რეალური მიზნები. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ისინი საკუთარ ემოციებს უკანა პლანზე წევენ. ანუ, ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ყუთში ინახავენ და ყუთის თავსახურს საგულდაგულოდ მჭიდროდ ხურავენ, რათა დაბრკოლებების გარეშე განაგრძონ სვლა წარმატებისკენ.

როგორ ავირიდოთ თავიდან საკუთარი ეგზისტენციალური მეს დაკარგვის საშიშროება, თუ მესამე ფსიქოტიპის წარმომადგენლები ვართ? პირველ რიგში, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ადამიანები საკუთარი წარმატებებით ტრაბახის გარეშეც მიგვიღებენ და რაც უფრო ავთენტურები და ნამდვილები ვართ, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ სოციუმის მიერ აღიარების განცდა გაგვიჩნდეს. თუმცა, მეორე მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თავად საზოგადოება ფორმირდეს სწორად: უნდა ვისწავლოთ ადამიანების ისეთებად მიღება, როგორებიც არიან. მათ არ უნდა სჭირდებოდეთ ბრძოლა იმისთვის, რომ სოციუმმა აღიარორ. ჩვენ ერთმანეთი უნდა მივიღოთ და შევიყვაროთ ფინანსური კეთილდღეობის, მიღწევათა გრძელი ფურცლების, ვიზუალური იდეალურობის, უმაღლესი კოგნიტური შესაძლებლობების გარეშე.


image


მეოთხე ფსიქოტიპის, ე.წ. „ინდივიდუალისტი“, ადამიანები მგრძნობიარობით, ინტროსპექციულობით, ექსპრესიულობით, დრამატულობით, ტემპერამენტულობით, შემოქმედებითობითა და საკუთარი თავის შეცნობის მაღალი ინდექსით ხასიათდებიან. ხშირად მათ სდევთ მელანქოლიასთან, თავდაჯერებასა და თავმოწყალებასთან დაკავშირებული პრობლემები. საუკეთესო შემთხვევაში ყალიბდებიან შთაგონებულ, უაღრესად კრეატიულ პირებად, რომლებსაც შეუძლიათ როგორც საკუთარი თავის მუდმივი განახლება, ისე – გამოცდილებების გარდაქმნა სუბსტანციებად.

ძირითადი შიში: იდენტურობისა და პერსონალური მნიშვნელობის, ფასეულობის არქონა;

ძირითადი სურვილი: იპოვონ საკუთარი თავი და პერსონალური მნიშვნელობა,


მეოთხე ფსიქოტიპის ადამიანებს ხშირად უწოდებენ ინდივიდუალისტებს, რადგან ისინი საკუთარ ეგზისტენციალურ მეს აცნობიერებენ, როგორც ფუნდამენტურად ყველასგან განსხვავებულს. ოთხის არქეტიპები გრძნობენ, რომ სხვა ადამიანებს არ გვანან, შესაბამისად, არავის შეუძლია მათი გაგება ან სიყვარული ადეკვატურად. ისინი ხშირად საკუთარ თავს აღიქვამენ, როგორც უნიკალურად ნიჭიერს, გამორჩეულს, შეიძლება ითქვას, ერთგვარ საჩუქარს, მაგრამ, ამასთან ერთად, განსაკუთრებულად დაუცველს. სხვა ფსიქოტიპებისგან განსხვავებით, ისინი ყველაზე მეტად არიან ფოკუსირებულნი როგორც პერსონალურ განსხვავებებზე, ისე – თავიანთ ნაკლებზე.

მეოთხე ტიპის ჯანსაღი გამოვლენისას ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ავთენტურობის მაღალი ინდექსით გამოირჩევიან: ისინი ფლობენ საკუთარ შეგრძნებებს და შეუძლიათ, გააცნობიერონ თავიანთი მოტივები, შინაგანი წინააღმდეგობები, ემოციური კონფლიქტები უარყოფისა და დაიგნორების გარეშე. მათ შესაძლოა არ მოეწონოთ რომელიმე აღმოჩენა საკუთარ თავში, თუმცა არ ცდილობენ ამ კონკრეტული ნაწილის რაციონალიზაციას ან სხვებისგან დამალვას. ამასთანავე, მეოთხეს არქეტიპებს სურთ, ყველაფერი გაიგონ თავიანთი „მე“–ს შესახებ (თუნდაც ხასიათის სამარცხვინო, უარყოფითი გამოვლინებები), რადგან მათი ეგზისტენციის ერთ–ერთი ფუნდამენტური საზრისი სწორედ ე.წ. „ფაზლების“ შეგროვება და პერსონალური ეგოს მთლიანი სურათის „აწყობაა“. გარდა ამისა, ვინაიდან მეოთხე ტიპის წარმომადგენლებს გაცნობიერებული აქვთ საკუთარი ბნელი მხარეები, სხვა ფსიქოტიპებთან შედარებით უფრო მარტივად უმკლავდებიან მტკივნეულ გამოცდილებებს.

ამ ფსიქოტიპის ანალიზისას აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მის არქეტიპებს მუდმივად აქვთ განცდა, თითქოს რაღაც გამორჩათ პერსონალური „მეს“ კვლევისას, მაგრამ უჭირთ იმის იდენტიფიცირება, თუ ზუსტად რა არის ეს „რაღაც“. ისინი, სხვა ფსიქოტიპებისგან განსხვავებით, მძაფრად აცნობიერებენ, რომ საკუთარი ეგოს სტრუქტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ. მათ იციან, ვინ არ არიან, თუმცა არ იციან, ვინ არიან.

მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე ტიპის ადამიანები სოციუმის დანარჩენი ნაწილისგან მკვეთრად განსხვავებულებად გრძნობენ თავს, მათ არ სურთ მარტო ყოფნა. მართალია, სოციალურად მოუქნელები არიან, თუმცა, სინამდვილეში საკმაოდ დიდი სურვილი აქვთ, იპოვონ ის ადამიანები, რომლებიც გაუგებენ როგორც მათ პიროვნულ იდენტობას, ისე – გრძნობებსა და ემოციებს. ისინი უსათუოდ შემოუშვებენ ცხოვრებაში იმ ადამიანს, რომელიც გააცნობიერებს, გაისიგრძეგანებს, ღრმად ჩაწვდება და დააფასებს იმ იდუმალებით მოცულ, ფარულ „მეს“, რომელსაც მეოთხეს არქეტიპები მთელი სამყაროსგან ასე საგულდაგულოდ მალავენ.

როგორც წესი, მეოთხე ფსიქოტიპის ადამიანებს საკმაოდ ხშირად აქვთ პრობლემები ერთი მხრივ, საკუთარი მეს ხატის ნეგატიურად გაცნობიერების, მეორე მხრივ კი ქრონიკულად, სისტემატურად დაბალი თვითშეფასების კუთხით. ამასთანავე, მათ უჭირთ იმ გრძნობების დავიწყება, რომლებიც წარსულის ადამიანებთან აკავშირებთ და დიდხანს გრძნობენ ნეგატიურ ემოციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გული ატკინეს.

როგორ უნდა აირიდონ ოთხის არქეტიპებმა არასასურველი ფსიქიკური თვისებების გამოვლინება? პირველ რიგში, ნუ მიაქცევთ ზედმეტ ყურადღებას თქვენს გრძნობებს და დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი შეგრძნებები გაძლევთ ინფორმაციას თქვენი პიროვნული მეს მდგომარეობის შესახებ ერთ კონკრეტულ მომენტში და ეს არ განსაზღვრავს თქვენს რაობას ანიდან ჰოემდე. ამასთანავე, თვითშეფასებისა და თავდაჯერების ხვედრით წილს ვერ გაზრდით პოზიტიური გამოცდილებების გარეშე, შესაბამისად, ნუ დაუცდით, როდის იქნებით მზად ამა თუ იმ ნაბიჯისთვის, რადგან შესაძლოა ვერასდროს იგრძნოთ, რომ ამა თუ იმ საქმისთვის შესაბამისი და საკმარისი უნარები გაქვთ. „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.


image


მეხუთე ფსიქოტიპის, ე.წ. „გამომძიებელი“, ადამიანები ხასიათდებიან ინოვაციურობით, იზოლირებულობით, დამოუკიდებლობით, გამჭრიახობითა და ცნობისმოყვარეობით. როგორც წესი, მათ აქვთ პრობლემები ნიჰილიზმთან, ექსცენტრიულობასა და იზოლაციასთან დაკავშირებით. საუკეთესო შემთხვევაში, განვითარებით უსწრებენ დროს და შეუძლიათ სამყაროს სრულიად ახლებურად დანახვა.

ძირითადი შიში: იყოს გამოუსადეგარი, უმწეო ან უნიჭო

ძირითადი სურვილი: გამოირჩეოდეს მრავალმხრივი უნარებითა და კომპეტენტურობით;

image

მეხუთე ფსიქოტიპის წარმომადგენლებს ხშირად უწოდებენ გამომძიებლებს, რადგან მათ განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ, გაიგონ, რა წესებზე დაყრდნობით მუშაობს სამყარო. სინამდვილეში, ცოდნისადმი შეუბრალებელი დევნის უკან იმალება შიში შეუცნობლისა. ფაქტობრივად, ცოდნა ამ ტიპის ადამიანების ფარია, რომელსაც ისინი დაუცველობის შეგრძნების წინააღმდეგ იყენებენ. მეხუთეს არქეტიპები საკმაოდ დიდ დროს უთმობენ დაკვირვებას, რადგან ყველაზე დიდ ღირებულებად ცოდნასა და გაგებას თვლიან. ისინი საკუთარ ეგზისტენციალურ მეს აიდენტიფიცირებენ, როგორც ვიღაცას, ვინც აუცილებლად უნდა თქვას რაღაც გამჭრიახი და ისეთი, რაც სხვებმა არ იციან. შესაბამისად, მათ არ აინტერესებთ ის, რაც უკვე აღმოჩენილი და შესწავლილია. ამასთანავე, უსათუოდ სჭირდებათ, იპოვონ, მინიმუმ ერთი სფერო, რომელშიც ექსპერტები იქნებიან.

რა პრობლემებს შეიძლება გადააწყდნენ მეხუთეს არქეტიპები? მართალია, ისინი თავიანთ საქმეში უაღრესად კომპეტენტურები არიან, თუმცა იმდენად დიდ ძალისხმევას დებენ ამ უკანასკნელში, რომ სოციალური ურთიერთობები განზე რჩებათ. შესაბამისად, შესაძლოა ამ ტიპის ადამიანმა მსოფლიოს ყველაზე რთული განტოლება ამოხსნას, ან რაიმე კანონი აღმოაჩინოს, მაგრამ სამყაროში სოციალიზაცია და ფუნქციონირება მაინც უჭირდეს: ანუ ვერ გადაჭრას თავისი პირვანდელი პრობლემა – უსაფრთხოება.

როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ პრობლემები, თუ მეხუთე ფსიქოტიპის წარმომადგენლები ვართ? პირველ რიგში, აუცილებელია გავაკონტროლოთ ის ფიქრები და იდეები, რომლებიც ჩვენს უშუალო გამოცდილებას ბევრად სცდება: შესაძლოა, ჩვენი მენტალური შესაძლებლობები ექსტრაორდინალურია, მაგრამ საჭიროა კავშირი შევინარჩუნოთ ფიზიკურ ცნობიერებასთან. ამასთანავე, აუცილებელია ავირიდოთ იმ პროექტებში ჩართულობა, რომლებიც ჩვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, ნუ გაგვიჩნდება ურთიერთობების პარანოიდული შიში: ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა და არც არის საჭირო, რომ იყოს. ურთიერთობებში უთანხმოებები და კონფლიქტები სრულიად ნორმალური და ადეკვატურია და ეს არ გვაძლევს იმის მიზეზს, რომ სოციალური კავშირებიდან თავქუდმოგლეჯილები გავიქცეთ.

image

მეექვსე ფსიქოტიპის, ე.წ. „ლოიალისტის“, წამომადგენლები უსაფრთხოებაზე ორიენტირებით, სანდოობით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლიანობით ხასიათდებიან. ისინი შესაძლოა იყვნენ ერთი მხრივ, ფრთხილები, თუმცა, ამავე დროს, მეორე მხრივ ურჩები და რეაქტიულები. როგორც წესი, პრობლემები აქვთ თავდაჯერებასა და ეჭვებთან დაკავშირებით.

ძირითადი შიში: მხარდაჭერისა და ხელმძღვანელის გარეშე არსებობა

ძირითადი სურვილი: ჰქონდეს უსაფრთხოება და მხარდაჭერა;

მეექვსე ფსიქოტიპის წარმომადგენლებს ხშირად უწოდებენ ლოიალურებს, რადგან სხვა ტიპებთან შედარებით, ლოიალურობის ბევრად უფრო მაღალი ინდექსით ხასიათდებიან როგორც მეგობრებთან, ასევე – საკუთარ რწმენებთან მიმართებით. ალბათ, გაინტერესებთ, რამ განაპირობა მათ ეგზისტენციალურ "მეში" ლოიალურობის ასეთი მაღალი ხვედრითი წილი: სამყაროში ხომ უმიზეზოდ არაფერი ხდება და ამ კონკრეტული ფაქტის უკანაც, ცხადია, ფსიქოლოგიური მოტივი დგას: მათ არ უნდათ, რომ მიატოვონ და მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ, ეს არის და ეს.

ამასთანავე, ამ ტიპის ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ არამდგრადობასა და შიშს ნდობის ქსელი დაუპირისპირონ, რომლებსაც შესაბამის ადამიანებთან „აბამენ“. ამის საპირწონედ, როგორც კი დაცულობის შეგრძნება გაუჩნდებათ რომელიმე პიროვნებასთან, ყველანაირ ძალისხმევას ახმარენ მასთან ურთიერთობის შენარჩუნებას. პრობლემა ის არის, რომ ისინი არ ენდობიან საკუთარ თავს: ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი შესაძლოა თავის რწმენებს უფრო ენდოს, ვიდრე პიროვნულ მეს, შესაბამისად, „If I don’t trust myself, then I have to find something in this world I can trust”.

გარდა ამისა, მათი ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ცდილობენ გარემოში იპოვონ ან ააგონ უსაფრთხოება მაშინ, როდესაც საკუთარი ემოციური პრობლემები (დაუცველობა და ა.შ) არ აქვთ მოგვარებული. ამჯობინებენ, რომ ცხოვრების ნებისმიერ გაურკვევლობას საკუთარი სიმშვიდე დაუპირისპირონ, რაც რეალურად ხშირად სავალალო შედეგებს იწვევს.

როგორ ავირიდოთ პრობლემები და ემოციური არასტაბილურობა, როცა მეექვსე ფსიქოტიპის წარმომადგენლები ვართ? პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ შფოთვასა და გაღიზიანებაში არაფერია უცნაური და ეს ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ჩვენი შიშები ხშირად მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს და რეალობას მინიმალურ დონეზე ასახავს, შესაბამისად, უსაფუძვლო პარანოიებით ყოველდღიურობა არ უნდა დავიმძიმოთ. ამასთანავე, უნდა ვისწავლოთ ადამიანების ნდობა: ცხადია, სოციუმში უამრავი ტიპის ადამიანია და მათ შორის უსათუოდ იქნებიან მოღალატეებიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანთა მოდგმას სრული უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ.

image

მეშვიდე ფსიქოტიპის, ე.წ. „ენთუზიაზმით სავსის“, წარმომადგენლები მრავალფეროვნების მაძიებლობით, სპონტანურობით, გაფანტულობით, ექსტროვერტული ბუნებით, მხიარულობითა და პრაქტიკულობით ხასიათდებიან. მათ ხშირად აქვთ პრობლემები მოუთმენლობასა და იმპულსურობასთან. საუკეთესო შემთხვევაში ისინი საკუთარი ნიჭის ღირებულ მიზნებზე ფოკუსირებას ახდენენ.

ძირითადი შიში: ტკივილის განცდა;

ძირითადი სურვილი: კმაყოფილების განცდა;

image

მეშვიდის არქეტიპებს ხშირად უწოდებენ ენთუზიაზმით სავსეებს, რადგან მათ შეუძლიათ ენთუზიაზმის აღმოჩენა თითქმის ყველაფერში, რასაც ხედავენ. ისინი ცხოვრებას უდგებიან ცნობისმოყვარეობით, ოპტიმიზმითა და თავგადასავლების მძაფრი შეგრძნებით. დაახლოებით ისე, როგორც ბავშვები, რომლებიც ტკბილეულის მაღაზიაში ფართოდ გახელილი თვალებით სამყაროსგან პოზიტიურ გამოცდილებებს ელიან.

გარდა ამისა, როგორც წესი, მეშვიდე ფსიქოტიპის წარმომადგენლები ხშირად დაჯილდოებულნი არიან მახვილი გონებით და განსაკუთრებულად სწრაფად ათვისების უნარით. მათ აქვთ გონებისა და სხეულის შესანიშნავი კოორდინაცია და გამოირჩევიან მოხერხებულობით (პიანინოზე დაკვრა, ტენისის თამაში და ა.შ). თუმცა, სამყაროში მოგეხსენებათ არაფერი არსებობს ბნელი მხრის გარეშე და არც ეს საკითხია გამონაკლისი: რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, მეშვიდეს არქეტიპებს ხშირად პრობლემებსაც კი უქმნით მრავალუნარიანობა და ნიჭიერება, რადგან არ იციან, რომელი მათგანი განავითარონ, შედეგად კი გარკვეულ უნარებს არ აფასებენ იმდენად, რამდენადაც დააფასებდნენ, მათთვის ბრძოლა რომ დასჭირვებოდათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როდესაც ამ ტიპის ადამიანი ფსიქიკურად დაბალანსებულია, შეუძლია ექსტრაორდინალური მიღწევით მოიწონოს თავი.

ამასთანავე, ამ ტიპის ადამიანებს, ფაქტობრივად, ტკივილის ფობია აქვთ. შესაბამისად, ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან, ნებისმიერ ცხოვრებისეულ იმედგაცრუებას სხვა აქტივობით, მაგალითად, თამაშით ანაცვლებენ. ზრდასრულ ასაკში კი იცინიან, ხუმრობის ბურუსში ხვევენ პრობლემებს და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ანაღვლებთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ადამიანები მუდმივად გაურბიან შფოთვასა და უარყოფით შეგრძნებებს. გაუმკლავებელი პრობლემები ადრე თუ გვიან მათ წამოეწევათ და, შედეგად, როგორც წესი, სტატისტიკურად თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით სწორედ მეშვიდის არქეტიპები ხასიათდებიან. რატომ? იმიტომ, რომ ერთბაშად ყველა გაუმკლავებელი ემოციის წინაშე აღმოჩნდებიან და ვერ ერევიან.

როგორ ავირიდოთ თავიდან მენტალური პრობლემები და ცხოვრების დესტრუქციული გზები, როდესაც მეშვიდე ფსიქოტიპის წარმომადგენლები ვართ? მოვუსმინოთ სხვა ადამიანებს: კარგად თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ისინი ბევრად უფრო საინტერესოები არიან, ვიდრე გვგონია და შესაძლოა, უამრავი ახალი კარი გახსნან ჩვენთვის. ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეუძლებელია ყველაფერი, რაც გვინდა და გვჭირდება, ამ კონკრეტულ მომენტში გვქონდეს. ცხადია, კარგია აწმყოთი ცხოვრება, თუმცა უნდა გავაანალიზოთ, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელი ქათამი იქნება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რაც გვინდა, ნამდვილად კარგი შედეგების მომტანი იქნება თუ არა. უარყოფითი შედეგების გამომწვევ მიზნებთან ხომ არ გვაქვს საქმე?


image

მერვე ფსიქოტიპის წარმომადგენლები ხასიათდებიან დომინანტური თვისებებით, თავდაჯერებულობით, ნებისყოფით, კონფლიქტურობით, სიმტკიცით, პირდაპირობითა და ეგოცენტრული ბუნებით. ისინი ფიქრობენ, რომ უნდა გააკონტროლონ ყველა და ყველაფერი. საუკეთესო შემთხვევაში ხდებიან დიდსულოვანი გმირები, რომლებიც საკუთარ ძალებს სხვების ცხოვრების გასაუმჯობესებლად იყენებენ.

ძირითადი შიში: სხვების მიერ გაკონტროლება;

ძირითადი სურვილი: საკუთარი თავის დაცვა;

მერვეს არქეტიპები ძირითადად ქარიზმატული პირები არიან, რომლებსაც აქვთ როგორც ფიზიკური, ისე – ფსიქოლოგიური შესაძლებლობები, დაიყოლიონ და დაიმორჩილონ სხვები. ისინი საკუთარ უნარებს იყენებენ ცვლილებებისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სურთ, რომ გარემოს, რომელშიც მოღვაწეობენ, საკუთარი კვალი დაამჩნიონ.

მერვე ფსიქოტიპის ადამიანებს არ სურთ, რომ სხვები აკონტროლებდნენ ფსიქოლოგიურად, ან, თუ გინდ, ფიზიკურად/სოციალურად/ფინანსურად.

ამასთანავე, ენეაგრამის სხვა ტიპებთან შედარებით, ისინი სიმკაცრისა და დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი ინდექსით ხასიათდებიან. ფაქტობრივად, ძირითადად, მარტო არიან. მათ შეუძლიათ უგულებელყონ შიში, სირცხვილი და კონცენტრირდნენ საკუთარი საქციელების შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერების გარკვეულ დონეზე აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი მათზე, სხვების აზრებს არ აძლევენ ფუნდამენტური ზემოქმედების საშუალებას. ფაქტობრივად, ისინი თავიანთი მიზნებისკენ ფოლადის სიმტკიცითა და დეტერმინისტულობით მიემართებიან, რაც ხშირად ინსპირაციის წყაროც კია სხვებისთვის.

მერვე ფსიქოტიპის ემოციურად ჯანსაღი გამოვლენისას ჩვენ ვაწყდებით „შემიძლია, მაშასადამე გავაკეთებ“ ქცევის პატერნს. ამასთანავე, ასეთი ადამიანები საზოგადოებაში საპატიო ტიტულებითა და ავტორიტეტით სარგებლობენ. გარდა ამისა, მათ კარგად იციან, რომ შეუძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოების თითოეული წევრის ინტერესის გათვალისწინებას. ფაქტობრივად, არაჩვეულებრივ ლიდერებად და მმართველებად ყალიბდებიან.

თუმცა არც ისე იშვიათია ამ ფსიქოტიპის არაჯანსაღი გამოვლინება. ამ დროს ადამიანი ფორმირდება დიქტატორად: მას სურს, რომ გააკონტროლოს ყველა და ყველაფერი და არავის ინტერესს არ ითვალისწინებს. ეს დაუძლეველი სურვილი კი ხშირად ბავშვობის ტრავმებიდან (ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა) იღებს სათავეს და ადამიანი ხდება მოძალადე და იმორჩილებს ყველას იმის შიშით, რომ თავად არ გახდეს ძალადობისა და უხეში დამორჩილების მსხვერპლი. ამის ნათელი მაგალითია სტალინი.

როგორ შევინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა და მდგრადობა, თუ მერვე ფსიქოტიპის წარმომადგენლები ვართ? პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამყარო ჩვენ წინააღმდეგ არ არის შემართული და არავინ აპირებს არც ჩვენს დამორჩილებას და არც დასჯას. ამასთანავე, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, როცა სხვებს ვაკონტროლებთ, გვგონია, რომ მათზე არ ვართ დამოკიდებულნი, თუმცა, უფრო ღრმად თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილეში დამოკიდებულები ვართ მათ დამოკიდებულებასა და მორჩილებაზე ჩვენდამი. განა ნებისმიერი დამოკიდებულება საშიში არ არის? რა მოხდება, თუ ერთ დღესაც ვეღარ დავიმორჩილებთ მათ? ეს ჩვენს მენტალურად განადგურებას არ გამოიწვევს? ცხადია, გამოიწვევს. გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ნამდვილად თანასწორად იბადება და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება სხვისი უფლებების შეზღუდვის ხარჯზე ჭეშმარიტად ბოროტებაა. თუ ყოველივე ზემოაღნიშნულს გავიაზრებთ და გავითვალისწინებთ, აუცილებლად შევძლებთ ემოციური მდგრადობის შენარჩუნებას.

image

მეცხრე ფსიქოტიპის, იგივე „მშვიდობისმყოფელის“ წარმომადგენლები, როგორც წესი, ხასიათდებიან დამყოლი ბუნებით, სტაბილურობით, კრეატიულობით, ოპტიმიზმითა და სხვებისთვის მხარდაჭერის საკმაოდ მაღალი ინდექსით. მათ სძულთ კონფლიქტი და ყველანაირად ცდილობენ, ყოველთვის აირიდონ ის. საუკეთესო შემთხვევაში შეუპოვარი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება.

ძირითადი შიში: დანაკარგისა და განცალკევების შიში;

ძირითადი სურვილი: შინაგანი სტაბილურობა და სიმშვიდე;

მეცხრე ფსიქოტიპის წარმომადგენლებს ხშირად უწოდებენ მშვიდობისმყოფელებს, რადგან მათი განზრახვები ძირითადად მიმართულია შინაგანი და გარეგანი სიმშვიდისკენ როგორც საკუთარ თავში, ისე – სხვებში. მათ აქვთ ლტოლვა, დაუკავშირდნენ როგორც სხვა ადამიანებს, ისე – კოსმოსს.

ზოგჯერ მეცხრე ფსიქოტიპს ენეაგრამის გვირგვინს უწოდებენ ერთი მხრივ იმიტომ, რომ სიმბოლოების ყველაზე ზედა საფეხურზეა მოთავსებული, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ თითქოს ყველა სხვა ფსიქოტიპის თვისებებს მოიცავს საკუთარ თავში. კერძოდ, მას შეიძლება ჰქონდეს მერვეების ძალა, მეშვიდეებისთვის დამახასიათებელი იუმორის გრძნობა და თავგადასავლების სიყვარული, მეექვსეების მოვალეობების შეგრძნება, მეხუთეების ინტელექტუალიზმი, მეოთხეების კრეატიულობა, მესამეების მიმზიდველობა, მეორეების კეთილშობილება და პირველების იდეალიზმი. თუმცა, მათ არ გააჩნიათ საკუთარი იდენტურობის ძლიერი განცდა.

ამასთანავე, მეცხრეს არქეტიპები ცხოვრების შემაშფოთებელ ასპექტებს იგნორირებას უპირისპირებენ და ეძებენ სიმშვიდისა და კომფორტის მაღალ ხარისხს. ტკივილისა და ტანჯვის დროს როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად ეკედლებიან მშვიდობის განცდას. ამასთანავე, ისინი სხვა ფსიქოტიპებთან შედარებით ყველაზე მეტად ავლენენ უხეში რეალობისა და პარადოქსებისგან გაქცევის პატერნს პრობლემის შედარებით მარტივი გზით გადაჭრის მეშვეობით.

როგორ გამოვავლინოთ ფსიქიკურად ჯანსაღი მეცხრე ფსიქოტიპი? მეტი ძალისხმევა უნდა დავატანოთ საკუთარ თავს: უნდა ვაიძულოთ მას, რომ მიაქციოს ყურადღება, რა ხდება მის ირგვლივ. უნდა გავხდეთ სამყაროს აქტიური წევრები და არა უბრალოდ მისი „სტუმრები“ ან „დამსწრეები“. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვარსებობთ და ვიმოქმედოთ, ფეხი ავუწყოთ ცხოვრების წრებრუნვას მისი პერმანენტულად არიდების გარეშე. ამასთანავე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, რომ გვაქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები (აგრესია, წყენა, მრისხანება, სიბრაზე და ა.შ), რომლებთან გამკლავებაც უნდა ვისწავლოთ და მუდმივად არ უნდა გავექცეთ. ამასთანავე, როდესაც პირად ცხოვრებაში პრობლემები გვაქვს, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, თითოეულ მათგანში საკუთარი დანაშაულები უნდა ვიპოვოთ და მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ.


0
405
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი სარდლიშვილი
ქეთი სარდლიშვილი
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0