x
სკოლამდელი ასაკის დეპრესია
image

დეპრესია არის გუნება-განწყობის აშლილობა, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია. ჩვეულებრივ, დეპრესია მოზრდილობის ასაკთან ასოცირდება, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ის სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც უვითარდებათ. მართალია, არც თუ ისე ხშირია მსგავსი შემთხვევები, თუმცა კვლევების მიხედვით, ბავშვებს შეიძლება 3 წლიდანაც კი განუვითარდეთ. მკვლევრებისთვის საინტერესოა, თუ რა იწვევს დეპრესიას სკოლამდელ ასაკში.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ გენეტიკაზე, რამეთუ გენეტიკური ფაქტორები დიდ როლს ასრულებენ დეპრესიის ჩამოყალიბებაში. მიუხედავად ამისა, სკოლამდელ ასაკში დეპრესიის მიზეზი უმეტესად გარემო ფაქტორებია. გარემო ფაქტორებში მოვიაზრებთ არაჯანსაღ გარემოს, თანატოლებთან პრობლემებს, ახლობელ ადამიანთან განშორებას, ბულინგს და სხვა მიზეზებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ სკოლამდელ ასაკში რთულია დეპრესიის იდენტიფიცირება. მიზეზი მარტივია – ბავშვს უჭირს საკუთარი მდგომარეობის სიტყვებით გადმოცემა.


სიმპტომები, რომელიც დაგვეხმარება დეპრესიის ამოცნობაში:

* გაღიზიანება, ფეთქებადობა

* ძილის დარღვევა (ჭარბი ძილი ან უძილობა)

* ხშირი ფიზიოლოგიური ჩივილები ( მუცლის/თავის ტკივილი, როცა რეალურად ფიზიოლოგიური საფუძველი არ არსებობს)

* მადის დაქვეითება ან მომატება

* ცვლილებები სოციალურ ურთიერთობებში (ურთიერთობების გაწყვეტა)

* მგრძნობელობის გაზრდა შენიშვნებისადმი

* კონცენტრირების პრობლემები

* დამახსოვრების პრობლემები

* მოქმედებების შენელება

* მომატებული შფოთვა

* დანაშაულის განცდა

არის შემთხვევები, როცა ბავშვი თვითდამაზიანებელ ქმედებებს ავლენს.

ეს სიმპტომები ბავშვს სულ მცირე 2 კვირის მანძილზე უნდა აღენიშნებოდეს. შედეგ კი აუცილებელია ვიზიტი ბავშვთა ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან, სადაც სპეციალისტი გაესაუბრება ბავშვს და მშობელს, ჩაატარებს ყველა აუცილებელ ტესტსა თუ დაკვირვებას. მნიშვნელოვანია, რომ მან მრავალფეროვანი ინფორმაცია მიიღოს მაგალითად, ინფორმაცია ბავშვის შესახებ სახლში და ბაღში. ეს ინფორმაცია აუცილებელია, რათა სპეციალისტი დარწმუნდეს სიმპტომების კონსისტენტურობაში.

რაც შეეხება მკურნალობას, გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები. ერთ-ერთი მათგანია ქცევითი თერაპია, სადაც ბავშვს ასწავლიან, თუ როგორ უნდა ირეაგიროს სტრესულ სიტუაციებში და როგორ გაუმკლავდეს ნეგატიურ ემოციებს. ასევე, იყენებენ ოჯახურ თერაპიას, რომელშიც ოჯახის ყველა წევრია ჩართული. მოცემული თერაპია ბავშვს ეხმარება იმაში, რომ გააუმჯობესოს სოციალური ურთიერთობები. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია კი ბავშვს ეხმარება არარაციონალური აზრების დაძლევაში, როგორიც არის მაგალითად : "მე არაფერი გამომდის".

აღსანიშნავია, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც სკოლამდელი ასაკის დეპრესია აქვთ, მოზრდილობაშიც ხშირად უვითარდებათ დეპრესია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დეპრესიის ნიშნების ადრეული ამოცნობა და სპეციალისტის ჩართვა, რადგან დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა მოზრდილობაში დეპრესიის განვითარების რისკს ამცირებს.



0
8
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ხუჯაძე
თამარ ხუჯაძე
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0