
ემოციურ მდგომარეობას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოსალოდნელ საფრთხეზე ღელვა, დაძაბულობა და რომელიც სტრესის საპასუხოდაა მიმართული, შფოთვა ეწოდება.
შფოთვა ერთ-ერთი ძლიერი სტრესორია; სტრესორებს კი შეუძლიათ გამოიწვიონ გარკვეული ფიზიოლოგიური გართულებები. მაგალითად, შფოთვის მაღალი დონის მაჩვენებლის მქონე პაციენტები, რომლებიც ემზადებოდნენ ოპერაციისთვის, საჭიროებდნენ სხვებთან შედარებით უფრო დიდი დოზის დამამშვიდებელს, ეს კი შედეგად მათი რეაბილიტაციის პროცესს აფერხებდა.
სტრესზე ფიზიოლოგიური პასუხების შესუსტება და ამგვარად, ადამიანის შფოთვის დონის შემცირება კი მუსიკას შეუძლია. მუსიკის დადებითი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი უნარი, შეამსუბუქოს შფოთვა ექსპერიმენტების მეშვეობითაა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ ყველა ექსპერიმენტი ეთიკის ნორმების დაცვით ჩატარდა:
ექსპერიმენტის მონაწილეები იყვნენ საავადმყოფოს პაციენტები, რომლებიც სხვადასხვა, შფოთვის გამომწვევი პროცედურების ჩასატარებლად დაიბარეს; მაგალითად, კოლონოსკოპიისა ან მუხლის ოპერაციის. პროცედურის ჩატარების წინ, მოსაცდელ სივრცეში მყოფ ადამიანთა ერთ ჯგუფს ასმენინებდნენ მშვიდ მუსიკას 20 წუთი განმავლობაში, მეორე ჯგუფს კი- არაფერს. სტრესთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური მაჩვენებლების გაზომვის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც მუსიკას უსმენდნენ, ისინი გაცილებით დაბალი ჰქონდათ მეორე ჯგუფთან შედარებით.
მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ კითხვას- კონკრეტულად როგორ ახერხებს მუსიკა შფოთვის შემცირებას?
საქმე იმაშია, რომ მუსიკას შეუძლია მეტაბოლიზმის აჩქარება, კუნთების ენერგიის დონის შემცირება ან პირიქით, გაზრდა და პულსის ცვლილება. ამასთან ერთად, იგი ადამიანზე გარემოში არსებული სხვა ხმების გავლენას ამცირებს და ქმნის მრავალფეროვნებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუსიკის გამოყენება შფოთვის შესამცირებლად და სხვა თერაპიული მიზნებისთვის მრავალწლიან პრაქტიკას მოიცავს. მეტიც, დღესდღეობით არსებობს თერაპიის ახალი მიმდინარეობა- მუსიკალური თერაპია. მოცემულ სფეროში მოღვაწე თერაპევტები, როგორც წესი, მუსიკის სპეციალისტები არიან და იციან, თუ როგორ შეუძლია მუსიკას ადამიანში შესაბამისი ემოციური პასუხის გამოწვევა და შედეგად, მისი დამშვიდება.
მუსიკალური თერაპიის პროცესმა სხვადასხვანაირი სახე შეიძლება მიიღოს: შესაძლოა მხოლოდ თერაპევტი ან მხოლოდ კლიენტი უკრავდეს, ან როგორც თერაპევტი, ისე კლიენტი ერთად ასრულებდნენ გარკვეულ მელოდიას; მეტიც, ამ პროცესის განმავლობაში, შესაძლოა კლიენტმა ისწავლოს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. ამასთან ერთად, მუსიკალური თერაპიის მსვლელობის პროცესში, კლიენტმა და თერაპევტმა შესაძლოა სიმღერაც კი დაწერონ.
ზოგადად, მოცემული თერაპიის სეანსის შედგენისას, თერაპევტი ბევრ ფაქტორს აქცევს ყურადღებას:
გასათვალისწინებელია კლინტის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, კოგნიტური შესაძლებლობები, ინტერესები და უნარები. შესაბამისად, მუსიკალური თერაპიის ეფექტურობა არაა დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, შეუძლია თუ არა კლიენტს ინსტრუმენტზე დაკვრა. მეტიც, ეს უნარი სულაც არ არის აუცილებელი.
შესაბამისად დღევანდელ დღეს, ახალი მეცნიერული მტკიცებულებებისა და მუსიკალური თერაპიის მიმართ ინტერესის ზრდის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ შფოთვის შემცირების ერთ-ერთი ეფექტური გზა სწორედ საჭირო მუსიკის შერჩევა და მისი მოსმენაა.