მსოფლიო ყარაბაღის ომი. ომი დამარცხებულის გარეშე 2021, 11 თებერვალი, 21:47 ყარაბაღის მეორე ომი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა. ომში აზერბაიჯანი მიზნად ისახავდა ოკუპირებულ ყარაბაღზე კონტროლის აღდგენას. ორივე მხრიდან ომს დაახლოებით 3500-3500 სამხედრო ემხსვერპლა. აზერბაიჯანმა მოახერხა ყარაბაღის 40%-ის აღება, დანარჩენი კი სამშვიდობო მოლაპარაკებებით მიიღო, რომელიც რუსეთის ინიციატივით გაიმართა. მართალია, ომში აზერბაიჯანმა გაიმარჯვა, რომელმაც გაანადგურა სომხეთის არმიის ჯავშანტექნიკის 70%, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სომხეთმაც გარკვეული სარგებელი ნახა. კერძოდ, რუსეთის ჩარევის შედეგად სომხეთმა შეინარჩუნა სტეფანაკერტის რეგიონი, ყარაბაღის 25%. რომ არა სამშვიდობო ხელშეკრულება, აზერბაიჯანი მთელ ყარაბაღს აიღებდა, ასე რომ, ეს შეიძლება სომხეთის მცირე წარმატებად ჩავთვალოთ. რა მოიგო რუსეთმა? ერთი შეხედვით რუსეთი დამარცხებულს ჰგავს, რადგან დაუჩაგრეს მოკავშირე ქვეყანა, შეელახა ავტორიტეტი სომხეთთან და მოუმზადებელი შეხვდა თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსს, თუმცა რთული მისახვედრია, მომხადებული რომ ყოფილიყო, რას მოიმოქმედებდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელსაც ძლიერი თურქეთი უმაგრებს ზურგს. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებას ხომ რუსეთიც და თურქეთიც გაურბის. თუმცა მათი ინტერესები აშკარად იკვეთება კავკასიაში და ერთ დღესაც ეს მოჩვენებითი მოკავშირეები ერთმანეთს მწარედ დაუპირისპირდებიან. სომხეთის ინტერესების შელახვა რეგიონში ფაქტობრივად რუსეთის ინტერესების შელახვას უდრის და უნდა ჩავთვალოთ, რომ ყარაბაღის 75% დაკარგა არა მარტო სომხეთმა, არამედ რუსეთმაც. თუმცა რუსეთმა მოიგო იმ მხრივ, რომ ყარაბაღში რუს სამშვიდობოებს შეიყვანს და ბაზას გახსნის, ფაქტობრივად უვადოდ. ომში თურქეთის გამარჯვება ცხადზე ცხადია, მისი ავტორიტეტი მოძმე აზერბაიჯანის თვალში კიდევ უფრო გაიზარდა, იმ მხარდაჭერის გამო, საბრძოლო ტექნიკის და პოლიტიკური გვერდშიდგომის გათვალისწინებით, რასაც თურქეთი აზერბაიჯანს უგზავნიდა. თურქეთის დიდი სურვილია მანაც განათავსოს ჯარები ყარაბაღში, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთი გამოთქვამს პრეტენზიას სამხრეთ კავკასიის კონტროლზე, 100 წლის წინ კავკასიიდან ფეხამოკვეთილი ოსმალეთი, შეიძლება კვლავ დაბრუნდეს კავკასიაში, რასაც ყველანაირად ეწინააღმდეგება რუსეთი. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში ყველა მხარემ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა... 374 შეფასება არ არის
|