x
თამაში და კურიკულუმი

image

დასაწყისში, სანამ თამაშსა და კურიკულუმს შორის კავშირზე ვისაუბრებდეთ, მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი. თამაში ახალი ფენომენი არ არის. ადამიანები ყოველთვის თამაშობდნენ, განსაკუთრებით კი ითვლება, რომ ბავშვები, რადგან საზოგადოების წარმოდგენაში, ბავშვობა ძირითადად თამაშთან არის ასოცირებული. მაგრამ მაინც, რას წარმოადგენს თამაში? აღსანიშნავია, რომ თამაშის განსაზღვრება ადვილი სულაც არ არის. ეს იმიტომ, რომ, პირველ რიგში, თამაში აბსტრაქტული და პროცესუალურია - ის არ არის რაიმე კონკრეტული საგანი თუ ადგილი. ამასთან, თამაშის მნიშვნელობები საკმაოდ მრავალფეროვანია. ინგლისურ ენაზე თამაშის ასზე მეტი განმარტება მაინც არსებობს. მეცნიერებიც თამაშს სხვადასხვანაირად განმარტავენ. მაგალითად, ზოგიერთი მეცნიერი თამაშს განმარტავს, როგორც აქტიურ მოქმედებას - ხასიათის გამომჟღავნებას თამაშის გზით, რომელსაც აღვიქვამთ ვარჯიშად, ამოცანების მისაღწევად მიმართულ ქმედებად, გამბედაობად; ზოგი მეცნიერი კი თვლის, რომ თამაში აღიქმება ემოციურ განტვირთვად (აბრეაქციად) ან პაროდიად; ხოლო ზოგი თამაშს მიიჩნევს ცხოვრების მოულოდნელობებისთვის ან არაპროგნოზირებადი გარემოებებისთვის მზადებად - და ეს სია დაუსრულებელია. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ კონცეფციას ტიპურად ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ და ყველა ეს კონცეფცია უდავოდ შესაძლებელია ერგებოდეს თამაშის რომელიმე ფორმას. მეორე მხრივ, ერთი რამ, რაზეც მეცნიერების უმეტესობა, როგორც წესი, თანხმდება არის ის, რომ თამაში, უპირველესად, შინაგანად მოტივირებულია, ანუ ისინი თვლიან, რომ ადამიანები ძირითადად გასართობად თამაშობენ, თუმცა მეცნიერები არ ცდილობენ ამის ახსნას. თამაშის არსის გაგებისთვის შეიძლება მისი საწინააღმდეგო ცნებაც - „მუშაობა“ - გამოგვადგეს. ზოგჯერ რთულია თამაშის და მუშაობის ერთმანეთისგან განსხვავება - ერთი და იგივე მოქმედება შეიძლება ხან მუშაობა იყოს, ხან კი თამაში, ასევე, ერთი მდგომარეობა შეიძლება მეორეში გადაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ ქმედებას თამაშად ან სამუშაოდ კონტექსტის, დროის და პირად ცვლადებზე დაყრდნობით აღვიქვამთ, სამუშაოს სერიოზულობა ამ ქმედებას თამაშს უპირისპირებს. მარკ ტვენი აღნიშნავს: „თამაში ისაა, რის კეთებაც სხეულს უნდა, ხოლო სამუშაო ისაა, რის კეთებაც მისთვის სავალდებულოა“. მოვალეობა სერიოზული რამ არის, სერიოზული ქმედება კი თამაშის საპირისპირო ხასიათის ქმედებაა. ამრიგად, თამაშის არსის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, მაგრამ არც იმდენად, რომ თამაში ვერ ამოვიცნოთ.

მნიშნველოვანია გავიგოთ კურიკულუმის არსიც. საგულისხმოა, რომ არც მას აქვს ერთი შეთანხმებული განმარტება, თუმცა, ძირითადად კურიკულუმი განიმარტება, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს მთელ სასწავლო კურსს - სასწავლო ამოცანები, მიზნები, დისციპლინა, სწავლების სტრატეგიები, სასწავლო აქტივობები, შეფასების მეთოდები და ა.შ. სხვა სიტყვებით, კურიკულუმი მთელი აკადემიური პროგრამაა - ე.ი. ის, რასაც ასწავლიან (შინაარსი), როგორ ასწავლიან ამ შინაარსს და შეფასება. კურიკულუმი თამაშზე ერთ-ერთი პოტენციური გავლენის მომხდენი ფაქტორია. პოტენციური იმიტომ, რომ მასწავლებელზეა დამოკიდებული თუ რა გავლენა ექნება კურიკულუმს ბავშვების სათამაშო აქტივობებზე ან პირიქით. აღსანიშნავია, ჯონ დიუის მოსაზრება, რომლის მიხედვით საკლასო ოთახში უკიდურესობების ადგილი არ არის, მაგრამ თამაშისა და მუშაობის ადგილი კი ნამდვილად არის. კარგი გაკვეთილები და კარგი სწავლა უაღრესად სერიოზული, მაგრამ ამავე დროს ძალიან სახალისოცაა. თუმცა, მეტისმეტად ბევრი სამუშაო ან მეტისმეტად ბევრი თამაში ყველაფერს აფუჭებს და აქტივობა უგუნურ ქცევად გარდაიქმნება.

თამაშსა და კურიკულუმს შორის კავშირი მრავალ განსხვავებულ ასპექტში შეგვიძლია განვიხილოთ, პირველ რიგში, შესაძლებელია განვიხილოთ თამაშსა და კურიკულუმს შორის ურთიერთობის მოცულობა. არსებობს ურთიერთობის სამი ძირითადი სქემა. პირველი არის იზოლაცია. ამ შემთხვევაში ბავშვების თამაშებთან დაკავშირებული აქტივობები სრულიად განცალკევებულია დანარჩენი კურიკულუმისგან. მაგალითისთვის, შესაძლოა კლასის სასწავლო მასალა ტრანსპორტის თემას უკავშირდებოდეს და მონაწილეობდეს ტრანსპორტის შესახებ პროექტებში. თამაშისთვის განკუთვნილი სივრცე კი ოჯახურ კუთხედ არის მოწყობილი და სივრცეში სათამაშო ტრანსპორტის საშუალებები არ მოიაზრება. ამრიგად, თამაშსა და კურიკულუმს შორის კავშირი არ არის. მეორე არის თანაარსებობა. ამ შემთხვევაში ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ითამაშონ აკადემიურ კურიკულუმთან დაკავშირებული თამაში ან თამაშთან დაკავშირებული კურიკულუმის აქტივობები შეასრულონ, თუმცა ეს სავალდებულო არ არის. ისევ ტრანსპორტის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მასწავლებელმა თამაშების სივრცეში შესაძლოა ტრანსპორტთან დაკავშირებული რამდენიმე სათამაშო და რეკვიზიტი მოათავსოს, მაგრამ მასწავლებელი ბავშვების ყურადღებას ამ სათამაშოებსა თუ რეკვიზიტებზე არ ამახვილებს, არ მოიხსენიებს მათ ბავშვებთან საუბრისას, წიგნის კითხვისას ან მეცადინეობის დროს. თუმცა, ბავშვებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, თავისი სურვილიდან გამომდინარე თამაშის დროს გაითამაშონ, რასაც ტრანსპორტის შესახებ სწავლობენ. და ბოლოს, ნამდვილი ინტეგრაცია, როდესაც მასწავლებელი უზრუნველყოფს კავშირს თამაშსა და კურიკულუმს შორის და ინტენსიურად მუშაობს ამ კავშირზე. თუ კვლავ ტრანსპორტის მაგალითს დავუბრუნდებით, უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მასწავლებელი თამაშების სივრცეს ისე აწყობს, რომ ტრანსპორტის თემას დაუკავშიროს ის. ამისათვის, სათამაშო სივრცეში შესაბამის სათამაშოებს და რეკვიზიტებს ამატებს. გარდა ამისა, თამაშის აკადემიურ შინაარსთან დაკავშირების მიზნით, მასწავლებელი ბავშვებს ტრანსპორტის თემაზე თამაშს სთავაზობს. მაგალითად, მექანიკოსის შესახებ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მასწავლებელმა სათამაშო სივრცეში მანქანებით მოთამაშე ბავშვებს შესაძლოა იგივე საქმის კეთება შესთავაზოს, რასაც წიგნის გმირი აკეთებდა - მაგალითად, ზეთის ჩასხმა მანქანის ძრავაში.

ამასთანავე, შესაძლებელია განვიხილოთ თამაშსა და კურიკულუმს შორის ურთიერთობის მიმართულებაც - კურიკულუმს შეუძლია გამოიწვიოს ან გავლენა მოახდინოს ბავშვების სათამაშო აქტივობებზე და პირიქით, ბავშვების თამაშთან დაკავშირებული ქცევების საფუძველზე განისაზღვროს კურიკულუმის შინაარსი. ვან ჰორნმა, ნუროტმა, სქეილსმა და ალვორდმა (1993) ამ ურთიერთობას უწოდეს: 1. კურიკულუმის საფუძველზე შედგენილი თამაში. ამ შემთხვევაში ბავშვებს ათამაშებენ იმ მიზნით, რომ დაეხმარონ აკადემიური ცნებების და უნარების ათვისებაში. აკადემიურად გამდიდრებული თამაშების სივრცეები ამ მიდგომის მაგალითია. სათამაშო სივრცეები აღჭურვილია თემასთან დაკავშირებული წერა-კითხვის და მათემატიკური მასალებით, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს წერა, კითხვა და არითმეტიკა თამაშში გამოიყენონ. კურიკულუმის საფუძველზე შექმნილი თამაში ბავშვებს აკადემიური კურიკულუმის ფარგლებში შესწავლილი ცნებების და უნარების მარტივად ათვისებისა და პრაქტიკულად გამოყენების საშუალებას აძლევს. ამავე დროს, თამაშის საშუალებით მასწავლებლები აკვირდებიან და აფასებენ, რა ისწავლეს და დაიმახსოვრეს ბავშვებმა ნასწავლი მასალიდან. 2. თამაშის საფუძველზე შედგენილი კურიკულუმი. ამ შემთხვევაში კურიკულუმში ის საკითხები შედის, რომლის მიმართაც ბავშვებმა თამაშის დროს ინტერესი გამოიჩინეს. მაგალითისთვის, თუ თამაშისას ბავშვებმა მებაღეობის მიმართ გამოავლინეს ინტერესი (მაგალითად, ვითომ ყვავილებს რგავდნენ და ზრდიდნენ), ეს ინტერესი მასწავლებელმა იმ პროექტის ან სასწავლო მასალის განყოფილების დაგეგმვის დროს უნდა გამოიყენოს, რომელიც ბავშვებს ასწავლის, როგორ იზრდება მცენარეები. ეს შეიძლება მოიცავდეს ახლომდებარე ბაღში ვიზიტს, მცენარეების შესახებ წიგნების კითხვას. საგულისხმოა, რომ პროექტები და სასწავლო მასალა ბევრად უფრო წარმატებული იქნება, როდესაც ისინი ყურადღებას ბავშვისთვის საინტერესო თემებზე გაამახვილებენ. თამაშმა შესაძლოა მასწავლებელს ბავშვებისთვის საინტერესო თემების აღმოჩენის შესაძლებლობა მისცეს.


საბოლოოდ, უნდა ითქვას, ბავშვების განვითარებაში თამაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამიტომ თამაშს ბავშვების სასწავლო პროგრამებში დიდი ადგილი უნდა დაეთმოს და, ამასთან, მშობლებმა და მასწავლებლებმა მათ თამაშს ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყონ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვებს ჰქონდეთ არჩევანის უფლება. მათ ყოველთვის უნდა შეეძლოთ აირჩიონ სხვა სახის თამაში, რომელიც მათ ინტერესებს და თამაშის მოთხოვნილებებს უფრო შეესაბამება.

0
392
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0