x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
ჰუმანური პედაგოგიკის სამი მეთოდის განხილვა (შალვა ამონაშვილის მაგალითების საფუძველზე)
image
ჰუმანური პედაგოგიკის სულის ჩამდგმელია შალვა ამონაშვილი, მასვე ეკუთვნის აღნიშნული პედაგოგიკის მეთოდები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებ.

არსებობს ცნებები, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია პედაგოგიური პროცესის გაგება. ერთ-ერთი ასეთი ცნებაა ურთიერთობა. "ურთიერთობა ცხოვრების დედაა" (შალვა ამონაშვილი). ურთიერთობები გვკრავს ერთიანობად, მისი ამოვარდნა ჩვენი ცხოვრებიდან, ეს იგივეა რაც მზის ჩაქრობა. ურთიერთობას გააჩნია საკუთარი წყაროები, რომლებმაც ძალა უნდა მიანიჭოს მას. პირველი წყარო არის სიყვარული, მეორე- რაც ურთიერთობებს ასაზრდოებს, ეს არის მეტყველების ჰარმონიულობა. ჩვენი მეტყველება ჩვენივე სულის სარკეა. თუ ამ ყველაფერს დავივიწყებთ, თუ გრძნობებს არ ჩავდებთ მეთოდებში, მაშინ ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს.

სად და როგორ ვიყენებთ მეთოდებს?

გაკვეთილი არის ძირითადი ადგილი, სადაც პედაგოგიური მეთოდები უნდა ამოქმედდეს. დავივიწყოთ, რომ გაკვეთილი არის ფორმა სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობისა. როგორადაც ერთფეროვან გარემოში ვამყოფებთ ბავშვს სასკოლო ცხოვრებაში, იგივე ერთფეროვანი ადამიანი ჩამოყალიბდება მისგან. გაკვეთილი არის არა ცხოვრებისთვის მზადება, არამედ ის არის ცხოვრების მონაკვეთი. სკოლა არ არის მხოლოდ გარკვეული მასალის მოყოლა, არამედ ის არის შრომა, ძიება, განვითარება, ურთიერთობა.


პირველ მეთოდს შეიძლება ვუწოდოთ "უშენოდ მიჭირს". ჩვეულებრივ, როდესაც ბავშვი გაკვეთილზე აგვიანებს მასწავლებელი ეუბნება რომ მიპატიებია, მოემზადე და ჩაერთე გაკვეთილში. თუკი იგივე მოსწავლემ მომდევნო დღესაც დააგვიანა, მაშინ პედაგოგი ბავშვს გაფრთხილებას აძლევს, მესამედ დაგვიანების შემთხვევაში დგება პრობლემაში მშობლის ჩართულობის ჯერი ("მშობლის გარეშე არ მოხვიდე"). როგორ მოიქცევა აღნიშნულ შემთხვევაში ჰუმანური პედაგოგი? ის პირველ დაგვიანებაზე იტყვის : "რა კარგია რომ მოხვედი, მე შენ გელოდი", მეორე დღეს აღარ გაახსენებს მოსწავლეს უკვე დაშვებულ იგივე შეცდომას, რადგან ბავშვს წარსული არ უყვარს. მასწავლებელი გაუღიმებს და იგივე შინაარსის შემცველ ფრაზას ეტყვის რაც წინა დღით, რომ ელოდება, რომ უმისოდ გაკვეთილს ვერ ატარებს ანუ ბავშვს უნდა დავუმკვიდროთ რწმენა, რომ ის ადამიანებს ძალიან სჭირდებათ. როცა მე, პირობითად ბავშვი, ვფიქრობ, ადამიანებს ვჭირდები, ისინი მე მელოდებიან, ჩემი ფეხი აჩქარდება და მე აღარ დავაგვიანებ. ამასთანავე, ჰუმანური პედაგოგი საყვედურით კი არ მიმართავს მშობელს, არამედ ეტყვის, მართალია მისმა შვილმა დღეს დააგვიანა, მაგრამ რომ არ მოსულიყო ეს ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდებოდა გაკვეთილის მსვლელობაში. საბოლოოდ, ამ მეთოდით მასწავლებელი ყველაფერთან ერთად ოჯახში ურთიერთობასაც კი ცვლის.

"თანაავტორობის" მეთოდი-სასკოლო სახელმძღვანელოებში ბევრი ისეთი ნაწარმოებია, რომლებიც არ ჯდება არც ბავშვის და არც მასწავლებლის გემოვნებაში. ამ შემთხვევაში მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მას სახელმწიფო ავალდებულებს მაგალითად რაღაც კონკრეტული ლესის მიცემას საზეპიროდ მათთვის, მაგრამ აქვე ეუბნება, რომ არ სურს თავის მოსწავლეებს გემოვნება გაუფუჭოს და ეს ლექსი ასწავლოს. ამ დროს ბავშვებს უჩნდებათ თავისუფლების განცდა, იწყებენ მსჯელობას თუ როგორ გადაჭრან წამოჭრილი პრობლემა და ის რასაც ჩვენ მეტყველების განვითარებას ვუწოდებთ, სწორედ ამ კონკრეტულ მომენტში ხდება. ბავშვებმა მონახეს გზა. ამოირჩიეს თავისი გემოვნებით ლექსები, გადაწერეს ფურცელზე და ჩააკრეს წიგნში. აღნიშნული მეთოდის მიზანია აღვზარდოთ თავისუფალი მოქალაქეები, რომლებსაც ერთობაც ექნებათ, ურთიერთგაგებაც და სიყვარულით სავსე გულები. გაკვეთილი გაკვეთილს უნდა ბადებდეს და გაკვეთილების გარკვეულ წყებას რაღაც კულმინაციამდე უნდა მივყავდეთ.

"კითხვის დასმის უფლება"- კითხვის დასმა უფრო მაღალი დონეა აზროვნებისა, ვიდრე პასუხის გაცემა. კითხვის დასასმელად უნდა იპოვო საკითხში რაღაც კონფლიქტური, რაც მიიღწევა დიდი დაკვირვების შედეგად. შესანიშნავი იქნება მასწავლებლის მიერ არა დავალების მიცემა მოსწავლისთვის, არამედ თხოვნა იმისა, რომ ისეთი კითხვა მოენახათ, რომელზეც პასუხის გაცემას თავად მასწავლებელი ვირ შეძლებდა. კითხვით, რომელსაც მასწავლებელი პასუხს ვერ სცემს ბავშვი მოიპოვებს დიდობასაც, თავისუფლებასაც და აუმაღლდება განვითარების დონეც. გაკვეთილი უნდა წარმოადგენდეს მასწავლებლის საჩუქარს ბავშვისთვის, ხოლო საშინაო დავალება ბავშვის სიურპრიზს მასწავლებლისთვის.


8 თებერვალი. 2021 წელი.



0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ნანული დუნდუა
ნანული დუნდუა
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0