x
"მორალური განვითარების თეორია კოლბერგის მიხედვით "

თავდაპირველად მნიშვნელოვანია განვიხილოთ დარგი, რომელიც ფსიქოლოგიისთვის ძალიან ღირებულია, ეს გახლავთ განვითარების ფსიქოლოგია, სფერო, რომელიც შეისწავლის ცვლილებებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაში ჩასახვიდან სიცოცხლის ბოლომდე. კოლბერგმა დასვა რამდენიმე კითხვა, ხოლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემის პროცესში, კოლბერგმა აღმოაჩინა ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტები, რომელზე დაყრდნობითაც მან შექმნა მორალური განვითარების თეორია. კოლბერგმა დასვა შემდეგი კითხვა: რომელი შემეცნებითი სტრუქტურები აღწერენ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ტყუილი, შიში და ქურდობა. თეორიის მიხედვით, მან გამოყო მორალური განვითარების სამი ძირითადი დონე და თითოეული დონე კი ორ სტადიად დაყო.

დონე I. პრეკონვენციური მორალი სტადია: 1)მორჩილება და დასჯაზე ორიენტირება- ბავშვი თვლის, რომ ვიღაც „ყოვლისშემძლე ადამიანები“ ადგენენ წესებს, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ. მორალური აზროვნების პირველ სტადიაზე მყოფ ბავშვს აღელვებს ის, თუ რის ნებას იძლევიან "ყოვლისშემძლე უფროსები“ და რისი გაკეთებისთვის სჯიან. ბავშვები ზნეობას განიხილავენ, როგორც რაღაც გარეგანს, მათგან დამოუკიდებელს, რაღაცას, რაც მათ უნდა გააკეთონ, რადგანაც ასე ამბობენ უფროსები. ისინი სწორ ან არასწორ საქციელს იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რა შედეგი მოჰყვება მას. თუ წაასწრეს და დასაჯეს, მაშინ მისი საქციელი არასწორია, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი - სწორი. სტადია 2- მარტივი ინსტრუმენტული ჰედონიზმი- ორიენტირებულია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ბავშვები აცნობიერებენ, რომ არ არსებობს ერთი სწორი შეხედულება, რომელიც „ყოვლისშემძლე ადამიანისგან“ გამომდინარეობს. ისინი სწორად მიიჩნევენ საქციელს, როდესაც ადამიანი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მეორე სტადიაზე მყოფი ბავშვების მსჯელობა შეიძლება ამორალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული წარმოდგენები სამართლიან საქციელზე. ეს არის სამართლიანი და პატიოსანი გაცვლის გაგება (შენ - მე, მე - შენ). ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმი სარგებლიანობაა. ბავშვი ემორჩილება წესებს, თუ საპასუხოდ პირადი მოთხოვნილებებიც დაუკმაყოფილდება. პირველ და მეორე სტადიაზე მყოფი ბავშვები საუბრობენ დასჯაზე, თუმცა სხვადასხვანაირად იღებენ მას. პირველ სტადიაზე დასჯა, ბავშვის აზრით, დასჯა `ადასტურებს“, რომ ქცევა არასწორი იყო. მეორე სტადიაზე კი დასჯა ეს უბრალოდ საფრთხეა, რომელსაც, ადამიანი, ცდილობს, რომ გაექცეს.

დონე II. კონვენციური მორალი: სტადია 3-კარგი ადამიანური ურთიერთობები- ბავშვები, მორალს განიხილავენ, როგორც უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი შეთანხმებაა. ისინი თვლიან, რომ ადამიანებმა ოჯახისა და საზოგადოების მოლოდინების შესაბამისად უნდა იცხოვრონ და „კარგად“ უნდა მოიქცნენ. კარგი საქციელი ნიშნავს კარგი მოტივებისა და პიროვნებათშორისი გრძნობების ქონას (სიყვარული, ემპათია, ნდობა და სხვებზე ზრუნვა). ამ სტადიაზე მყოფი ბავშვის სურვილია, მოეწონოს სხვა ადამიანებს, „იყოს კარგი“. ქცევის ავკარგიანობა ფასდება იმის მიხედვით, რას იტყვიან შენზე სხვები. ბავშვი ცდილობს, ისე მოიქცეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან შექება და მხარდაჭერა დაიმსახუროს. სტადია 4- სოციალური წესრიგის შენარჩუნება- ამ სტადიაზე მყოფი ადამიანი ემორჩილება კანონებს და ასრულებს თავის მოვალეობებს იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სოციალური წესრიგი. ადამიანები მორალურ გადაწყვეტილებებს საზოგადოების გადასახედიდან ღებულობენ, ისინი აზროვნებენ, როგორც სოციუმის სრულფასოვანი წევრები. ქცევის შეფასებაში წამყვანი ხდება მისი შესატყვისობა საზოგადოებაში დაწესებულ ნორმებთან და იურიდიულ კანონებთან.

დონე III. პოსტკონვენციური მორალი: სტადია 5- სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები- მოცემულ სტადიაზე მყოფი ადამიანები თვლიან, რომ კარგი საზოგადოება შეიძლება წარმოვადგინოთ სოციალური კონტრაქტის სახით, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით ერთვებიან, რათა მიღწეულ იქნეს საყოველთაო კეთილდღეობა. ისინი აცნობიერებენ, რომ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს აქვთ განსხვავებული ღირებულებები, ამიტომ საჭიროა, რომ- პირველი, დაცული იყოს ადამიანის ბაზისური უფლებები, როგორიცაა სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება და მეორე, ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდეს დემოკრატიული პროცესების დახმარებით. ადამიანებისთვის ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმია დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და ადამიანის უფლებათა დაცვა. სტადია 6- უნივერსალური ეთიკური პრინციპები- ამ საფეხურზე მყოფი ადამიანი მსჯელობს სინდისის ეთიკური პრინციპებით, რომლებიც ვრცელდება მთელს კაცობრიობაზე, განურჩევლად კანონისა და სოციალური შეთანხმებისა. ისინი, საუბრობენ ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა თანაბარი ზრუნვა ყველა ადამიანის მოთხოვნილებაზე, თითოეული პიროვნებისთვის პატივის მიგება და ღირსების პატივისცემა. ისინი იქცევიან ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად. ამ სტადიას აღწევს ადამიანების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა.

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცერცვაძე
მარიამ ცერცვაძე
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0