x
image
მაქს კავალერა
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა ავტობანი გადაკეტეს
image
სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე, მისი მეუღლის თანახმად, სახლიდან 11 ივლისის დილით სოკოს საკრეფად გავიდა. როგორც ირმა ბუთხუზმა “ნეტგაზეთს” უთხრა, მას თან ახლდა მეგობარი, თუმცა დაკავების მომენტში გახელაძისგან მოშორებით იმყოფებოდა და არ დაუნახავს, როგორ წაიყვანეს საოკუპაციო ძალებმა მოქალაქე.
როგორც ირმა ბუთხუზი ყვება, ინციდენტი 12:00 საათის შემდეგ მოხდა. ქმარმა მას მობილურ ტელეფონზე მესიჯი მისწერა და დაკავების ამბავი აუწყა. ცოტა ხანში კი დაურეკა და უთხრა, რომ კარგად იყო:
“თავისი ტელეფონით მომწერა მესიჯი, ბავშვს ვფიცავარ, რუსებმა დამაკავეს, არ გეხუმრებითო. 10-15 წუთის მერე, სადღაც 12:30-სკენ, დამირეკა თვითონ, დაარეკინეს: კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთო. ბავშვები მოიკითხა. მამამისი შაქრიანია, გულით ავადმყოფია და მამა მოიკითხა. არ ინერვიულოთ, კარგად მექცევიანო. აქეთ გაგვამხნევა, ცუდი რომ არაფერი გვეფიქრა”.
მისივე თქმით, ზაზა გახელაძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ სამხედროებმა დაჭრეს. ოჯახმა ეს ფაქტი მოგვიანებით მედიისგან შეიტყო.
ზაზა გახელაძე მონადირეა და სანადირო იარაღს ფლობს. ირმა ბუთხუზის თქმით, იარაღის ყველა დოკუმენტი წესრიგშია, თუმცა ვერ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა ზაზა გახელაძეს წაღებული იარაღი დაკავების დღეს, როდესაც სამხედროებმა ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს.
დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, რომ სახლში მცირეწლოვანი ბავშვების ყოფნის გამო გახელაძე იარაღს ყოველთვის სეიფში ინახავდა, გასაღები კი თან დაჰქონდა. სეიფი ახლაც ჩაკეტილია და ოჯახმა იარაღის შესახებ არაფერი იცის.
არ აქვთ ინფორმაცია ზუსტ ადგილზეც, საიდანაც გახელაძე წაიყვანეს. მეუღლის თქმით, მეგობარი, რომელიც დაკავებულს ახლდა თან, თავს ცუდად გრძნობს და სრულყოფილად კონტაქტზეც არ გასულა მათ საერთო მეგობართან, რომელიც ინციდენტის შემდეგ მის მოსანახულებლად მივიდა.
სუს-ის თანახმად, გახელაძე ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა კი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ზოლიდან 500 მეტრში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და ასე წაიყვანეს მოქალაქე.
აღნიშნული შემთხვევა სხვა მსგავსი ინციდენტებისაგან განსხვავდება, ვინაიდან გახელაძეს ედავებიან არა მხოლოდ დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთას, არამედ ცეცხლის გახსნას რუსი სამხედროების მისამართით.
0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0