x
image
მაქს კავალერა
აზერბაიჯანი უკვე აქტიურად აშენებს და გაჰყავს გზა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ
image
აზერბაიჯანი უკვე აქტიურად აშენებს და გაჰყავს გზა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ.
აზერბაიჯანული მხარე უკვე ღიად საუბრობს იმ ტურისტულ ნაკადებზე, რომლებიც სავარაუდოდ გზის გაყვანის შემდეგ გაემართებიან დავით გარეჯისკენ.
არადა, დელიმიტაციის პროცესი არ დასრულებულა. რას უნდა მივაწეროთ აზერბაიჯანის ასეთი მოქმედებები?
დასკვნის გაკეთებამდე, მსურს შეგახსენოთ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, ზუსტად დელიმიტაციის პროცესის მსვლელობისას, მაშინ როდესაც მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში იყო, გაიყვანა გზა ჩიჩხიტურთან, ააშენა თანამედროვე, სტაციონარული სამხედრო ბაზა უდაბნოს მონასტრის ძირში, ამავე უდაბნოს მონასტრის ქვედა ნაწილში გააკეთა უზარმაზარი წარწერა აზერბაიჯანულ ენაზე "სამშობლო ჩემი გულია", 2020 წლის მარტში აღმოვაჩინეთ, რომ გუგლის რუკაზე საზღვრის სადავო მონაკვეთზე შეიცვალა საზღვარი აზერბაიჯანის სასარგებლოდ და უკვე აღდგომის ტაძარი და საგარეჯო-გარეჯის გზის 164 მეტრიანი მონაკვეთი აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა.
ეს ყველაფერი განხორციელდა ე.წ.სადავო ზონაში, სადაც არანაირი მშენებლობის, საზღვრის შეცვლის, რაიმე წარწერის გაკეთების უფლება არავის აქვს, მანამ სანამ დელიმიტაციის პროცესი არ დასრულდება.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებზე ხელისუფლების პასუხი იყო - ხელს ნუ გვიშლით, ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ. დაახლოებით ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც მოგვიწოდებდა, ხმამაღლა არ გვესაუბრა ამ თემებზე და საგანგაშო მოვლენებზე, რომლებიც ცალმხრივად ვითარდებოდა აზერბაიჯანული სახელმწიფოს მიერ და აზერბაიჯანული სახელმწიფოს სასარგებლოდ.
დღესაც, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს იმის თაობაზე, რომ ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ და არაფერი ვთქვათ მანამ, სანამ დელიმიტაციის პროცესი არ დასრულდება.
დავეთანხმებოდი ამ აზრს და მოწოდებას, რომ არა აზერბაიჯანის ასეთი ცალმხრივი, აქტიური მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ განცხადებაში გაჟღერდა პირდაპირი მესიჯი, რომლითაც ბატონი ხალაფოვი პირდაპირ აფიქსირებს, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანია. არადა, კვლავ მივცემ საკუთარ თავს უფლებას შეგახსენოთ, რომ დელიმიტაციის პროცესი ჯერ შორს არის დასრულებისგან.
ამის საპირწონედ კარგად მახსოვს ვახო სანაიას გადაცემაში, მთელი ეთერის განმავლობაში ბატონმა დარსალიამ ვერ გაბედა დაეფიქსირებინა, რომ გარეჯი საქართველოა, მხოლოდ გადაცემის ბოლოს, როდესაც ვახომ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა, ძალიან მოკრძალებულად ამოილუღლუღა რომ დიახ, გარეჯი საქართველოაო.
რას ვხედავთ დღეს? დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება აქტიურად თავს იპიარებს კარტოგრაფების საქმით, მაგრამ არანაირ რეალურ ქმედებას არ ახორციელებს იმ რუკით, რომელსაც შეუძლია გარეჯის საქმე საჩვენოდ შემოაბრუნოს.
ამასობაში, აზერბაიჯანმა შეირგო ჩიჩხიტურთან გზის მიყვანა, თანამედროვე ბაზის მშენებლობა, უდაბნოს მონასტრის კლდის ნაწილზე პროვოკაციული წარწერა "სამშობლო ჩემი გულია", სადავო მონაკვეთზე გუგლის რუკაზე საზღვრის სათავისოდ შეცვლა.
ეხლა კი გაჰყავს 15 მეტრის სიგანის გზა გარეჯისკენ.
ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი მოქმედებებიდან, არცერთის განხორციელების უფლება აზერბაიჯანულ მხარეს არ ჰქონდა და არ აქვს.
მიმდინარეობს დელიმიტაციის პროცესი, რომლის საბოლოო დასრულებამდე ასეთი ტიპის მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ამ მოლაპარაკებებს დააზიანებენ და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების უდიდეს ნაწილს დამშვიდების უფლებას და საშუალებას არ მისცემენ.
ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, როგორ აპირებს 1938 წლის რუკის გამოყენებას და არ უნდა მოერიდოს აზერბაიჯანთან საუბარს როგორც თანასწორუფლებიანი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც თავისი, პრინციპული პოზიცია გააჩნია თავის ტერიტორიებთან მიმართებაში.
პ.ს. ჩემს მიერ ჩამოთვლილი მოვლენები განვითარდა 2019 წლის 21 აპრილის შემდეგ, როდესაც ს.ზურაბიშვილი ჩავიდა გარეჯში და გააკეთა თავისი სკანდალურ-პროვოკაციული განცხადება.
0
216
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0