x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
ჰუმანური პედაგოგიკის ფსიქოლოგიური საფუძველი.
ჰუმანური პედაგოგიკის, როგორც მიმდინარეობის ჩამოყალიბება პედაგოგიკურ და ფსიქოლოგიურ სფეროში ეკუთვნის შალვა ამონაშვილს. ჰუმანური პედაგოგიკა არის ნოვატორული პედაგოგიკა, რომელიც ბავშვის ბუნებაზეა დამყარებული. ის ანგრევს ყოველგვარ ციხესიმაგრეს, რომელიც ააშენა ავტორიტარულმა პედაგოგიკამ. ჰუმანური პედაგოგიკა ძველია, მაგრამ მიუხედავად ამისა - ძალიან ახალიც. ძველია იმიტომ რომ დიდი ხანია არსებობს, ახალი იმიტომ რომ ახლა შემოდის ჩვენში.

ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან განსხვავებული ინდივიდები ვართ. ყველაზე რადიკალური განსხვავება კი დიდებსა და პატარებს შორის შეინიშნება. უფროსებს აღარ ახსოვთ თავიანთი ბავშვობის ენა, ბავშვებმა კი არ იციან უფროსების ენა. ამ აცდენის ფონზე რა ურთიერთობები შეიძლება დამყარდეს ბავშვებსა და უფროსებს შორის? ურთიერთობების ერთი ფორმა ეს არის ავტორიტარული მიდგომა. ის გულისხმობს, რომ უფროსებმა უკეთ იციან, თუ რა სჭირდებათ ბავშვებს. და თუ ბავშვი ამას ვერ იგებს, მაშინ რჩება იძულებისა და დასჯის გზა. ჰუმანური პედაგოგიკა კი იწყება იქ, სადაც უფროსი იწყებს ფიქრს, თუ როგორ შეუთანხმდეს ბავშვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმება არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას, არამედ ის გულისხმობს შეთანხმებას ბავშვის ბუნებასთან. ჰუმანური პედაგოგები ხშირად სვამენ კითხვას: რა ამოძრავებს ბავშვს? წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი შედგება პატარ-პატარა მარცვლებისგან, ეს არის შესაძლებლობების მარცვლები. უზნაძე მას "პოტენციებს" უწოდებდა. ამ მარცვლებიდან ზოგიერთი განვითარდება, ზოგიც - ვერა. ეს გამომდინარეობს იქედან თუ როგორ გარემოში მოხვდებიან ისინი.

ბავშვის სამყარო შედგება ორი ნაწილისგან: მიწიერი და სულიერი. ჰუმანური პედაგოგიკის ფარგლებში, თითოეულ ნაწილს რაღაც ძალა ამოძრავებს. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ბავშვის სულიერი სამყაროსა არის ის, რომ ბავშვი წარმოადგენს მოვლენას. ჰუმანურ პედაგოგიკაში მასწავლებელს ბავშვის მიმართ დამოკიდებულება აქვს, არა როგორც მოსწავლის მიმართ, არამედ როგორც მოვლენის მიმართ. ზოგადად, მოვლენა შეიძლება იყოს სასიამოვნო, კომფორტული, მისაღები, მაგრამ არსებობს ისეთი მოვლენები რომლებიც ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენენ. ბავშვიც ანალოგიურად, შეიძლება იყოს კომფორტული, სასიამოვნო (მუშაობის თვალსაზრისით), მაგრამ ზოგიერთ მომენტში ის, როგორც მოვლენა არის სრულიად აუხსნელი და გაუგებარი. ნებისმიერი მოვლენა ჯერ უნდა დავინახოთ, აღვფრთოვანდეთ მისით და მერე ყველაფერი დანარჩენი... მოვლენას რომ გაუნაწყენდეთ საყვედური ვუთხრათ უაზრობაა. შეიძლება ყინვას ან ქარს გაუნაწყენდეთ? საყვედური ვუთხრათ? -რა თქმა უნდა, არა.

მეორე შინაგანი მამოძრავებელი ძალა ბავშვისა არის ის, რომ ყველა მათგანი დაბადებულია მისიით. მისია გულისხმობს მსახურებას, ანუ ეს არის შინაგანი მისწრაფებით გააკეთო რაიმე კარგი სხვისთვის. ჩვენი სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მისიაზე აქცენტის გაკეთება ნაკლებად ხდება. აქცენტი ნიჭზე და ტალანტზე უფრო კეთდება. ბედნიერები არიან არა ის ადამიანები, რომლებიც კარგ გასამრჯელოს იღებენ, არამედ ისინი, ვინც კარგად ემსახურებიან ხალხს და ბევრ სიკეთეს თესავენ. უფროსების მიზანი კი არის წარმართონ ბავშვი თავიანთი მისიის ძიებისკენ მომავალში.


კიდევ ერთი კომპონენტი ბავშვის სულიერი სამყაროსა უსაზღვრო სულიერი ენერგიაა. ბავშვების უსაზღვრო ენერგია კარგად ვლინდება მათ ფანტაზიაში, ისინი გამოირჩევიან წარმოსახვის განსაკუთრებული უნარით. უფროსებიც ვოცნებობთ, მაგრამ განსხვავება ის არის რომ ის, რაც ბავშვის ფანტაზიაში ხდება, მისთვის ისეთივე რეალურია, როგორც რეალურია სამყარო. მნიშვნელოვანია უფროსები ამ ოცნებებსა და წარმოსახვების თანამონაწილენი გავხდეთ.

ბავშვის მიწიერი სამყარო უპირველესად სულიერ სამყაროს ეფუძნება. მას ამოძრავებს მიწიერი სამყაროს რამდენიმე ძალა, ერთ-ერთია განვითარების ძალა. ბავშვს არ შეუძლია რომ არ განვითარდეს (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვსაუბრობ ჯანმრთელ ბავშვზე). განვითარება ეს არის პროცესი ბავშვში არსებული მარცვლების ჩამოყალიბებისა - გაღვივებით დაწყებული ნაყოფის ჩამოყალიბებით დასრულებული. განვითარება რთული და სწრაფი პროცესია, იმდენად სწრაფი, რომ 3 წლამდე ასაკისთვის, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ბავშვის მთელი განვითარება უკვე დასრულებულია. განვითარების პროცესი ხშირად საშიშიც არის. ბავშვი განვითარებისას ეძებს სიძნელეებს, ამ დროს უფროსები ვცდილობთ შევაჩეროთ ისინი. ეს აკრძალვები კი აფერხებს და ანელებს მათ განვითარებას. თუ რამე საშიშს ეჭიდება ის, მისი დაშლა გამოსავალი არ არის, არამედ უფროსებმა ხელი უნდა ჩავჭიდოთ და გვერძე დავუდგეთ, წავახალისოთ. განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის სიყვარული, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სიყვარულითა და სითბოთი იქნება სავსე.

ლტოლვა დიდობისკენ - ბავშვს ისევე უნდა დიდობა, როგორც დიდს ახალგაზრდობა. ბავშვზე იმის თქმა, რომ შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ, ეს იგივიეა რაც უფროსზე იმის თქმა, რომ შენ უკვე მოხუცდი, სახეზე ნაოჭები გაგჩენია. ამ ყველაფრის მსმენელ უფროს ადამიანს მის მთქმელთან ურთიერთობა აღარ უნდა. ანალოგიურადაა ბავშვიც.

შემდეგი მისწრაფება ეს არის თავისუფლებისკენ სწრაფვა. ბავშვს სურს იგრძნოს, რომ აკეთებს არა იმას, რაც თავს მოახვიეს არამედ იმას, რაც თვითონ აარჩია. ჰუმანური პედაგოგიკა არ არის " რაც გინდა აკეთე" პედაგოგიკა. თავისუფლება არ გულისხმობს "რაც მინდას", თავისუფლება გულისხმობს ფიქრს, ალტერნატივების მიცემას, არჩევანის უფლებას.


2 თებერვალი. 2021 წელი.


1
35
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანული დუნდუა
ნანული დუნდუა
35
  
2021, 3 თებერვალი, 22:53
მიკვირს, ფოტოს გარეშე ასეთ საინტერესო სტატიებს რომ არ კითხულობენ. ვიქტორიანული ინგლისის მკვდრების ფოტოები დავდე და დაესია ხალხი. ან ძუძუებგადმოყრილი ქალების ფოტოები უნდა იყოს სტატიაში და ასი ათასი ნახვა ექნება. ავადაა ერი! ლატენტური სექსუალური მანიაკებითაა სავსე და თურმე ჩემი სტატიის რეიტინგით გავიგე, რომ ლატენტური ნეკროფილებითაც სავსე ყოფილა ეს ქვეყანა
0 1 1