x
image
მაქს კავალერა
საწოლზე წამოწოლილი რონალდო ტელევიზორს უყურებდა და უცბად იატაკზე დაეცა
image1998 წლის 12 ივლისი – ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო მატჩი. შესანიშნავი შემადგენლობა: კლაუდიო ტაფარელი, კაფუ, რობერტო კარლოსი, რივალდო – ფინალში კი საფრანგეთმა დამაჯერებლად 3:0 იმარჯვა. თვლიან, რომ ეს იმის გამო მოხდა, რომ ბრაზილიელთა ლიდერმა რონალდომ მოულოდნელად ჩააგდო მატჩი. მოგვიანებით მედიასაშუალებებმა ახსნეს: თამაშის წინა დღეს გული წაუვიდა.

2017 წელს AS-მა ინტერვიუ ჩამოართვა ბრაზილიელ კარდიოლოგ ბრუნუ კარუს, რომელმაც რონალდოს ავადმყოფობაზე ისაუბრა: „ეს უცნაური მოვლენაა. მართლა გულის პრობლემა რომ ჰქონოდა, თანმდევი გულყრით, მთელი კარიერის განმავლობაში გატანჯავდა. თუმცა, ასეთი რამ არ სჭირდა. ამიტომ ამ შემთხვევის ახსნა გამაჭირდება.”

ფინალის დღეს ბრაზილიელებმა ისაუზმეს და ნომრებში დაბრუნდნენ. რონალდო ოთახში რობერტო კარლოსთან ერთად ცხოვრობდა. საუზმის შემდეგ საწოლზე მოკალათდა და ფორმულა 1-ის ყურება დაიწყო. კარლოსი კი ტელეფონთან წავიდა, რათა ფრანგი კრისტიან კარამაბესთვის წარმატება ესურვა (ისინი მეგობრობდნენ). ამ დროს რონალდომ ხმამაღლა იყვირა, მძიმედ სუნთქვა დაიწყო და იატაკზე დაეცა. კარლოსს შეეშინდა, ტელეფონის ყურმილი დააგდო და დახმარებისათვის გაიქცა. როდესაც ექიმები მივიდნენ, რონალდო უკვე უგონოდ იყო.

ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საწოლზე დააწვინეს. ექიმმა ხოაკინ და მატამ მოგვიანებით შემდეგი თქვა: „თავიდან ალერგიაზე შევამოწმეთ. მერე მივხვდით, რომ პრობლემა უფრო სერიოზული იყო. რონალდომ გვითხრა, რომ ვერ სუნთქავდა, მოვუსმინეთ – გულის მცირე პრობლემა ჰქონდა. რობერტო კარლოსმა თქვა, რომ კრუნჩხვა დაემართა დ პირიდან დუჟი გადმოუვიდა. მივხვდით, გულყრა ჰქონდა“.


ამ შემთხვევაზე ბრაზილიელთა მწვრთნელ ზაგალოს ორი ვერსია არსებობს. პირველი – როდესაც ეს მბავი უთხრეს, ნახევარი ნომერი დალეწა და ექიმებს უყვიროდა, თითქოს ისინი რამეში დამნაშავენი იყვნენ. მეორე – ორი წუთი დუმდა და რონალდო მშვიდად გამოიყვანა მატჩის განაცხადიდან.

თამაშის დაწყებამდე 72 წუთით ადრე ბრაზილიის დელეგაციამ ფინალის განაცხადი გადასცა. ფიფას წარმომადგენელი გუნდის კაპიტან დუნგას შეეკითხა, თუ რატომ იყო განაცხადში რონალდოს ნაცვლად ედმუნდო. დუნგამ ამის თაობაზე არაფერი არ იცოდა და შოკში ჩავარდა: „მისტერ ზაგალო, რა მოხდა? რონალდო რატომ არ არის გუნდში? ის რა, გარდაიცვალა? თუ ცოცხალია, დააბრუნეთ“.

და ზაგალომ მოუსმინა – კიდევ ერთხელ დაეკითხა აზრს ექიმებს და მატჩის დაწყებამდე 20 წუთით ადრე რონალდო შემადგენლობაში დააბრუნა. ბრაზილიელებმა ფიფას წარმომადგენლებს ეს რონალდოს ტრავმის შემდეგ კოჭ-წვივის არასტაბილური მდგომარეობით აუხსნეს.

მოგვიანებით ბრაზილიურმა მედიასაშუალებებმა ორი მიზეზი დაასახელეს, თუ რატომ დატოვა ზაგალომ რონალდო შემადგენლობაში:

1. ფინალის დღეს გუნდში პროტესტი და მღელვარება არ უნდოდა. თუმცა, დუნგა უცბად დაამშვიდა.

2. ან ბრაზილიელთა Nike-სთან ურთიერთობა არ უნდოდა გაეფუჭებინა. რონალდოს დამსახურება იყო ის, რომ ამ ფირმასთან 125-მილიონდოლარიანი კონტრაქტი გაფორმდა – Nike-ს სურდა მისი ფორმა იმ გუნდს სცმოდა, რომელშიც რონალდო ასპარეზობდა. „ინდეპენდენტის“ მონაცემებით, როდესაც რონალდო სასტარტოში არ იყო, ფირმის მენეჯერები ყოველთვის რეკავდნენ ბრაზილიის კონფედერაციაში და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ლეონარდომ, რომელმაც ფინალში მონაწილეობა მიიღო, ჟურნალისტებს განუცხადა: „როგორ ფიქრობთ, მართლა ყოველი მატჩის წინ ურეკავენ ბრაზილიიის ეროვნული გუნდის თავკაცს Nike-დან და ეუბნებიან: „დღეს ერთთავდამსხმელიანი სქემით ითამაშებთ. ეს რონალდო იქნება?“ მწვრთნელი კი პასუხობს: „დიახ, როგორც თქვენ ინებებთ“. არა, რა თქმა უნდა! ეს სრული ბოდვაა“.

ხოაკინ და მატა დიაგნოზისას რობერტო კარლოსის ნათქვამს დაეყრდნო. მან თქვა, რომ რონალდოს კრუნჩხვები ჰქონდა. ამიტომ ეპილეფსიის წამლებს აძლევდნენ, რომლებიც ტვინის მოქმედებას ანელებდნენ. ესაა მიზეზი იმისა, რომ ფინალში ასე დუნედ ირჯებოდა.

„ინდეპენდენტი“ თვლის, რომ ნემსებმა, რომლებსაც რონალდოს კოჭ-წვივის ტრავმის მკურნალობისას უკეთებდნენ, შესაძლოა, ეპილეფსიის უკურეაქციის ეფექტი გამოიწვია. და მატა ამ ვერსიას უარყოფს და ამბობს, რომ მცირე კრუნჩხვები პრეპარატის მაქსიმალური რეაქციაა. პლუს რონალდო სისტემატურად მკურნალობდა და ეს მაინცდამაინც მხოლოდ მატჩის დღეს დაემართა.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება – „ინტერის“ ექიმებისა, სადაც რონალდო ნამუნდიალევს დაბრუნდა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ნაკრებში დიაგნოზის დასმისას შეცდნენ. ამის შემდეგ რონალდო სასწრაფოდ კარდიოლოგიის ცენტრში გააგზავნეს, სადაც აღმოაჩინეს, რომ ფინალის დღეს გულისცემის სიხშირე შეუმცირდა.

მესამე თეორია – რონალდოს დეპრესია ჰქონდა. ფინალის წინ ძალიან ნერვიულობდა, ხოლო ზიკოსთან კამათმა მასზე მორალურად დამთრგუნველად იმოქმედა. მაშინ ის ნაკრების ტექნიკური დირექტორი იყო და რონალდოსთან მისი თამაშის გამო ხშირად კონფლიქტი ჰქონდა.

FourFourTwo-ს ჟურნალისტები ხშირად წერდნენ, რომ ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის შემდეგ რონალდო სასტუმროს ჰოლიდან გავიდა, პერსონალს უყვირა, ველოსიპედი აიღო და შუშა ჩაამტვრია. მერე ნომერში ავიდა და აგინა ვინც კი მის დამშვიდებას ცდილობდა. ბრაზილიელი და ინგლისელი ჟურნალისტების ვარაუდით, ეპილეფსიური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ნერვულმა სტრესმა გამოიწვია. თუმცა, ეს მტკიცებულებების გარეშე კიდევ ერთი ვარაუდია.

მას არ უყვარს იმ ამბის გახსენება და მხოლოდ ერთხელ ისაუბრა ამაზე ვრცლად:

„საუზმის შემდეგ ცოტა დავისვენე. მახსოვს, შეუძლოდ გავხდი. შემდეგ მქონდა შეგრძნება, თითქოს მეძინებოდა. როდესაც გონს მოვედი, ჩემს ირგვლივ ნაკრების ფეხბურთელები და ექიმი ლიდიო ტოლედო იყვნენ. ვკითხე, რა მოხდა. ტოლედო დუმდა და ჩემმა ბიჭებმა სთხოვეს ყველაფერი მოეყოლა.

შოკში ვიყავი და ვთხოვე წასულიყვნენ, რადგან ძალიან მეძინებოდა. ლეონარდომ მასთან ერთად სასტუმროს ეზოში გასეირნება შემომთავაზა. იქ მითხრა, რომ ფინალში ვერ ვითამაშებდი.

ექიმები კიდევ დამაკვირდნენ და არაფერი სერიოზული არ აღმომაჩნდა. მაშინ ლეონარდოს, დუნგასა და ზაგალოს ვუთხარი, რომ თამაში შემეძლო“.

რონალდომ ფინალში 90 წუთი ითამაშა. ბრაზილიელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ყოველ წაგებულ ორთბრძოლაზე მშვიდად რეაგირებდა და სახეზე არავითარი ემოცია არ ეტყობოდა, თითქოს რაც ხდებოდა, მისთვის სულერთი იყო.

შემდგომში რონალდოს გულის მსგავსი შეტევა არასოდეს ჰქონია.

0
237
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0