x
როგორ ვიმეცადინოთ ეფექტურად

ამ სტატიაში პირსის კოლეჯის უნივერსიტეტის ლექტორის, ფსიქოლოგი მარტინ ლობდელის ლექციის ანალიზს გთავაზობთ, სადაც ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმეცადინოთ უფრო ეფექტურად და როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

image

პირველი რჩევა, რომელსაც პროფესორი გვაძლევს, არის სასწავლო პერიოდის მოკლე, 25-30 წუთიან ბლოკებად დაყოფა, ვინაიდან მაქსიმალურ კონცენტრირებას სტუდენტი სწორედ ამ დროის განმავლობაში ახერხებს. ამ დროის გასვლის შემდეგ ეფექტურობის დონე იკლებს, ამიტომ საჭიროა რომ ყოველ 25-30 წუთში ერთხელ შევისვენოთ 5 წუთით მაინც, რაც გონების დასვენებაში დაგვეხმარება. სასწავლო დღის დასრულების შემდეგ, დავაჯილდოვოთ საკუთარი თავი, ვინაიდან პოზიტიური ასოციაციები კარგი სასწავლო ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამ ჩვევის ჩამოყალიბება გააუმჯობესებს და უფრო გრძელსა და პროდუქტიულს გახდის სწავლის პროცესს.

აუცილებლად შევიქმნათ ჩვენთვის სასურველი სასწავლო გარემო, ვინაიდან გარემოს ჩვენს ქმედებებზე დიდი გავლენა აქვს. მაგალითად პროფესორს მოჰყავს ის, რომ როდესაც კლასში ვართ და მასწავლებელი ზოგადად სვამს კითხვას, ჩვენ ხელს ვწევთ, რათა ვაჩვენოთ მას, რომ სწორი პასუხი ვიცით, თუმცა თუ მასწავლებელი პირადად ჩვენ მოგვმართავს, მაშინ ავტომატურად ვპასუხობთ მას. ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს იმას, თუ როგორ ახდენს სასკოლო გარემო ჩვენი ჩვევების ჩამოყალიბებაზე გავლენას. იგივე ითქმის იმ გარემოზე, რომელშიც ვმეცადინეობთ. თუ სამეცადინო კუთხე მოწყობილი გვაქვს ისეთ ადგილზე, სადაც გვძინავს, ტელევიზორს ვუყურებთ, ან მეგობრებთან ერთად ვატარებთ დროს, მაშინ კონცენტრირება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, საჭიროა ჩამოვაყალიბოთ ისეთი გარემო, რომელშიც ადვილად შევძლებთ მეცადინეობას.

image

პროფესორი ლობდელი გვირჩევს, რომ აქტიურად ვისწავლოთ თუ გვსურს, რომ ეფექტურები ვიყოთ. ის გვირჩევს, მეცადინეობის დაწყებამდე საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა, თუ რას ვსწავლობთ კონკრეტულად. ამის შემდეგ, სასწავლო მასალა უნდა დავყოთ ფაქტებად და შინაარსად, ანუ კონცეპტებად. ამ ტიპის კატეგორიზაცია სასარგებლო ინფორმაციის დამახსოვრებაში გვეხმარება. მაგალითად, დავუშვათ ვსწავლობთ ადამიანის სხეულის აგებულებას. ფაქტი არის ის, თუ რა ეწოდება ამა თუ იმ ძვალს ან ორგანოს, ხოლო შინაარსი ანუ კონცეპტი არის ის, თუ რა ფუნქციას ასრულებს ჩვენს ორგანიზმში ეს ორგანო თუ ძვალი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწავლის პროცესში ფაქტების დამახსოვრებაზე მეტად კონცეპტების გააზრება უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ პროფესორი გვირჩევს, რომ შინაარსის დამახსოვრებასა და სწავლას უფრო მეტი დრო დავუთმოთ, ვიდრე ფაქტებს.

მას შემდეგ, რაც ფაქტებსა და კონცეპტებს დავახარისხებთ აუცილებელია ვიმუშაოთ ვიზუალიზაციაზე. ამისათვის საჭიროა, რომ ავიღოთ მასალა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ცნებები გავამუქოთ ჰაილაითერის საშუალებით, რათა გადამეორების დროს ადვილად გავიხსენოთ ის, თუ რა არის ამ მასალაში მნიშვნელოვანი, ამის შემდეგ კი საკუთარ თავს შეკითხვები დავუსვათ მასალიდან. აქტიურად სწავლის ეს მეთოდი საშუალებას მოგვცემს დავტესტოთ ის, თუ რა ვისწავლეთ და რამდენად კარგად ვიცით ის.

image

პროფესორის აზრით, სასურველი ინფორმაციის დამახსოვრებაში დიდად გვეხმარება გაკვეთილის ან ლექციის დროს მოკლე ჩანაწერების გაკეთება. მისი აზრით, აუცილებელია ლექციის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ ჩანაწერებს და ჩავამატოთ ის, რაც მანამდე გამოგრჩათ. არასდროს მოგერიდოთ, რომ კითხოთ ლექტორს ან მასწავლებელს თუ რაიმე გამოგრჩათ ან ვერ გაიგეთ.

პროფესორის შემდეგი რჩევის თანახმად, იმისათვის რომ ისწავლო, აუცილებელია რომ ასწავლო. მისი აზრით, მონაცემების შეჯამება და შემდეგ ამის სხვისთვის გადაცემა და სწავლება ცოდნის გაუმჯობესებაში გვეხმარება. სხვისთვის სწავლება აგრეთვე გვეხმარება იმაშიც, თუ როგორც გავიგეთ და შევაფასეთ ესა თუ ის ინფორმაცია.

და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა არის ის, რომ მოვახდინოთ ნასწავლი ინფორმაციის, განსაკუთრებით კი ფაქტების კოდირება, ვინაიდან ფაქტების დავიწყება უფრო ადვილია. ამისათვის სხვადასხვა ხერხი არსებობს, მაგალითად შეგვიძლია ესა თუ ის ინფორმაცია რაიმე მარტივ სიტყვასთან დავაკავშიროთ, შემდეგ კი ამ სიტყვის გახსენება დაგვეხმარება მთელი ინფორმაციის გახსენებაში. აგრეთვე ეფექტურია ნახატებთან და ფოტოებთან ასოცირებაც, ვინაიდან ვიზუალური აღქმა უფრო მეტად უწყობს ხელს ინფორმაციის დამახსოვრებას.

ამ რჩევების გათვალისწინება საკუთარი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში დიდად დამეხმარა. მას შემდეგ რაც შევიქმენი სასურველი სასწავლო გარემო და დავიწყე ინფორმაციის დახარისხება იმის მიხედვით, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა ნაკლებად მნიშვნელოვანი, უფრო ეფექტურად და სწრაფად ვითვისებ სასწავლო მასალას.

P.S ამ სტატიაში პროფესორი ლობდელის ლექციის მოკლე ანალიზი შემოგთავაზეთ, თუმცა თუ სრული ლექცია დაგაინტერესებთ, ლინკს აქვე დავტოვებ.

https://www.youtube.com/watch?v=IlU-zDU6aQ0&t=8s

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ლელეე
ლელეე
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0