x
ევროპული ქალაქები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ

ევროპული დედაქალაქები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან და აღტაცებაში მოჰყავთ ნებისმიერი მნახველი. აქ თქვენ ყველაფერს იპოვით, რაც გიზიდავთ. არხებით დაქსელილ ქუჩებს, ულამაზეს შუასაუკუნოვან მოედნებსა და სასახლეებს, ისტორიულ შენობებსა და მოდურ მაღაზიებს. ამ სტატიაში, მინდა რამდენიმე გამორჩეულ ქალაქზე გაგაცნოთ ინფორმაცია და პანდემიის დასრულებამდე ვირტუალურად მაინც ვიმოგზაუროთ ევროპის ქუჩებში.

ტალინი, ესტონეთი

ტალინი ბალტიისპირა ქვეყნის, ესტონეთის დედაქალაქია. მან ქალაქის სტატუსი 1248 წელს მიიღო და სტრატეგიული მდებარეობის გამო განსაკუთრებით გაფართოვდა შუა საუკუნეებში, რამაც ის მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტად აქცია. დღესდღეობით ტალინიდან გემით შეგიძლიათ ესტუმროთ ჰელსინკსა და სტოკჰოლმს, ისევე როგორც სანქტ-პეტერბურგს, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქალაქის ძველი ნაწილი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახულ ისტორიულ ძეგლებს მოიცავს. ტალინი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული დედაქალაქია ევროპაში, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება განახორციელონ თავიანთი სტარტაპები, მიიღონ ხარისხიანი განათლება და ეზიარონ კულტურასა და ხელოვნებას.

ტალინი

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ლონდონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დედაქალაქია ევროპაში. აქაური ატმოსფერო ნებისმიერ მნახველს მოხიბლავს. ლონდონში ნებისმიერი იპოვის იმას, რაც აინტერესებს. მდიდარი ისტორია, შესანიშნავი არქიტექტურული ნიმუშები, პრესტიჟული და უძველესი უნივერსიტეტები, კათედრალები და მუზეუმები, მდიდრული მაღაზიები, ულამაზესი ხედები - ეს ის მცირედია, რასაც ლონდონი გვთავაზობს. გარდა ამისა, სწორედ ლონდონში მდებარეობს ოურნერ ბრაზერსის სტუდია, სადაც შეგიძლიათ ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროს ესტუმროთ და ბავშვობის ოცნებები აიხდინოთ.

ლონდონი

ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი(შოტლანდია)

შოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგი, რომელსაც ხშირად "ჩრდილოეთის ათენსაც" უწოდებენ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მისტიური და მომხიბვლელი ქალაქია. ქალაქის ძველ ნაწილში ულამაზეს, შუა საუკუნეების დროინდელ ნაგებობებს აღმოაჩენთ, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს ეკუთვნის. ედინბურგის სასახლე და ქალაქის მოკირწყლული ქუჩები დროში მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ და შეძლებთ, მთელი სიმძაფრით შეიგრძნოთ როგორი იყო ცხოვრება აქ საუკუნეების წინ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ედინბურგის ულამაზესი პარკებით, მრავალფეროვანი მაღაზიებითა და ადგილობრივი რესტორნებით დატკბეთ.

ედინბურგი

ამსტერდამი

ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული, განსხვავებული და ლამაზი ქალაქია, რომელიც მთლიანად არხებითაა დაქსელილი. ერთ დროს ამსტერდამი მეთევზეთა სოფელს წარმოადგენდა, თუმცა დროთა განმავლობაში ის იზრდებოდა და მე-17 საუკუნეში მსოფლიოს ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრადაც კი იქცა. ამ შესანიშნავ ქალაქში შეგიძლიათ დატკბეთ ნავებითა და ველოსიპედებით სეირნობით, ესტუმროთ ათასგვარ მუზეუმს(ანა ფრანკის მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი, რაიკსმუზეუმი და ა.შ). ამსტერდამი ათასგვარ შესაძლებლობას სთავაზობს ღამის ცხოვრების მოყვარულებსაც.

ამსტერდამი

ბუდაპეშტი

მდინარე დუნაის ნაპირებზე გაშენებული უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული არქიტექტურის მქონე და გამორჩეული ევროპული ქალაქია, რომელიც 1873 წლამდე ორ ქალაქად, ბუდად და პეშტად იყო გაყოფილი. უნგრეთის დედაქალაქს საუკუნეების მანძილზე უამრავი რამის გადატანა მოუხდა, მათ შორის ოსმალთა შემოსევები და საბჭოთა კავშირის სატელიტობა, მაგრამ ისტორიულმა სირთულეებმა მას ვერაფერი დააკლო. რთულია ბუდაპეშტს ერთხელ მაინც ესტუმრო და დაივიწყო უნგრული პარლამენტის შესანიშნავი ფასადი, დახვეწილი და დიდებული სასახლეები, ფართო და ლამაზი დიზაინის მქონე ხიდები, ბოჰემური კაფეები და თერმული აბაზანები.

ბუდაპეშტი

თითოეული ევროპული ქალაქი მდიდარი ისტორიითა და კულტურით გამოირჩევა. ამ სტატიაში ნახსენები ქალაქები მხოლოდ და მხოლოდ ზღვაში წვეთია. სანახავი გაცილებით ბევრია და ინტერესის შემთხვევაში, შევეცდები გაცილებით უფრო ვრცლად გაგაცნოთ თქვენთვის საინტერესო ადგილები.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ლელეე
ლელეე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0