x
სიზარმაცე თუ დასწავლის უნარის დარღვევა?

მსოფლიოს მასშტაბით ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვს, რომელსაც სკოლამდელ ასაკში არანაირი დარღვევა არ აღენიშნებოდა, სკოლაში შესვლის შემდეგ ექმნება სხვადასხვანაირი პრობლემები დასწავლასთან დაკავშირებით. ამის ამოცნობა მასწავლებლებისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს და არის შემთხვევები, როცა ისინი მსგავს პრობლემებს ბავშვის სიზარმაცეს აბრალებენ. რეალურად კი, შეიძლება საქმე გვქონდეს დასწავლის უნარის დარღვევებთან, რომლის სხვადასხვა სახე არსებობს და რომელთა წინააღმდეგ აუცილებლად გვჭირდება პროფესიონალების დახმარება.

დასწავლის უნარის დარღვევა ეს არის ზოგადი სახელწოდება და მოიცავს სწავლის სხვადასხვა სახის სირთულეებს, ესენია: კითხვა, წერა თუ ელემენტარული მათემატიკური მოქმედებების შესრულება. დასწავლის პრობლემები ძირითადად შესამჩნევი ხდება დაწყებით კლასებში, როცა ბავშვს აქტიურად უწევს ამ უნარების გამოვლენა.

What I've learned from my learning disabilities | Science | AAAS

მსგავსი დარღვევის მქონე ბავშვებისთვის, სკოლამდელ და მის შემდგომ პერიოდშიც, დამახასიათებელია კონკრეტული ქცევები, რომლითაც შეგვიძლია ეს პრობლემა ამოვიცნოთ. ეს შეიძლება იყოს: სირთულე სიტყვების დამარცვლაში, მათ გამეორებაში, ასაკისთვის შესაბამისი ლექსიკური მარაგის არ ქონა, სირთულეები თვლის ათვისებაში, ან საგნების, ფორმების შემოხაზვაში. თუ მსგავსი რამ შეგვიმჩნევია ბავშვისთვის, აუცილებლად უნდა მივაქციოთ მას კიდევ უფრო მეტი ყურადღება, რომ პრობლემის იდენტიფიცირება და მასთან ბრძოლა დროზე დავიწყოთ.

თუ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ დასწავლის უნარის დარღვევა არ ნიშნავს ინტელექტუალური სფეროს უნარის დარღვევას! ხშირად ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი სირთულეები, აქვთ საკმაოდ მაღალი ცოდნის კოეფიციენტი (IQ).

რაც შეეხება დასწავლის უნარის დარღვევის სახესხვაობებს, აქ სამ ტიპს გამოვყოფთ, ესენია: დისლექსია, დისგრაფია და დისკალკულია. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ბავშვს რამდენიმე მათგანი ერთად აღენიშნება.

Dyslexia: The Learning Disability That Must Not Be Named : NPR Ed : NPR

დისლექსიის შემთხვევაში ბავშვებს აღენიშნებათ კითხვის სირთულე. მათ მეტი ენერგიის დახარჯვა უწევთ კითხვის პროცესში, ერთულებათ სიტყვების სწორად ამოკითხვა ან სჭირდებათ ამისთვის მეტი დრო. მათთვის პრობლემურია წაკითხულიდან აზრის გამოტანაც. ეს არის დასწავლის დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა.

დისგრაფიის დროს, პრობლემა ძირითადად მართლწერაში ვლინდება. მსგავსი დარღვევის მქონე ბავშვებს უჭირთ ასოების შემოხაზვა, ზოგადად წერის ორგანიზება.

Is this Negligence,  Bad Behavior or A Learning Disability | Art drawings  for kids,  Character illustration,  Cartoon
დისკალკულია კი ესაა შემთხვევა, როცა სირთულეები აქვს ბავშვს ანგარიშში, მათემატიკურ აზროვნებაში.

ნებისმერ შემთხვევაში, რომელ ქვეტიპთანაც უნდა გვქონდეს საქმე, აუცილებელია წინასწარვე გამოვრიცხოთ სმენის და მხედველობის დარღვევები, რაც დიაგნოსტირების პროცესის ნაწილია.

და ბოლოს, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს ბავშვის სიზარმაცესთან, მის მონდომებასთან და ნიჭიერებასთან. მსგავსი დარღვევის მქონე ბავშვები გამოირჩევიან თავიანთი შემოქმედებითი აზროვნებით. ასე რომ, მთავარია ვიყოთ მათდამი მზრუნველები და გავაკეთოთ ის რისი გაკეთებაც შეგვიძლია მაქსიმალურად.

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია დონღვანი
თათია დონღვანი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0