ფსიქოლოგია ჩემი ჯოჯოხეთი 2020, 30 დეკემბერი, 2:02 ნ.მ. - თქვენ მიყვებოდით, რომ კოშმარი გესიზმრათ და ამან მიგიყვანათ ამ მდგომარეობამდე. - დიახ. მაგრამ უფრო სიზმარ - ცხადს დავარქმევდი. ხილვა, განცდა, ემოცია... ყველაფერი ძალიან ახლოს იყო სიცხადესთან. -ამავდროს აღნიშნავდით, რომ განმეორდა, არაერთხელ გაიმეორეთ ეს სიტყვა. რა გამეორებას გულისხმობდით? - იმავე სიზმრის. - ანუ, ადრეც გაწუხებდათ კოშმარები. - ერთი იყო გამორჩეული, ის, რომელიც განმეორდა. - როდის გეზმანათ პირველად? - შორეულ ბავშვობაში. 5 ან 6 წლისა ვიქნებოდი. - რას ამბობთ. მაგ ასაკში ნანახი სიზმარი გახსოვთ და დარწმუნებული ხართ, რომ იგივე განმეორდა ამ ახლო წარსულში? - დიახ. ზუსტად ასე მოხდა. ბავშვობაში ვნახე ზუსტად ასევე და განცდა ისე მძაფრი იყო, დიდი ხანი მსდევდა აჩრდილივით. - დაწვრილებით აღიდგინეთ და მომიყევით. - ჩემთვის ძალიან იოლია დაწვრილებით მისი გადმოცემა. მითუმეტეს, რომ ზუსტად იგივე ვნახე ამ არც ისე დიდი ხნის წინ. - გისმენთ. - გუშინდელ დღესავით მახსოვს: დავიძინე და სულ მალე თავი ამოვყავი ფართო ქუჩაში. წარმოდგენა არ მქონდა, რომელი ქალაქი იყო, ჩემი თუ სხვა. მე და დედა მივდივართ, ოღონდ უცნაური ისაა, რომ დედა წინ მიმიძღვება. ბავშვისთვის კი, მოგეხსენებათ ასეთი რამ უცხოა. მიდიოდა დედა, გრძელი, თეთრი პალტო ეცვა, მივყვებოდი მე. . . მერე უცბად რომელიღაც დიდ შენობასთან შევჩერდით, რომელსაც კარები და კედლები სულ მინისა ჰქონდა. შიგნით ხალხი ჩანდა. რამდენიმე მათგანი იჯდა სპეციალურად ჩამორიგებულ სკამებზე და წიგნს თუ ჟურნალს კითხულობდა. სხვები გადი - გამოდიოდნენ და მკითხველებს და გარემოს თვალყურს ადევნებდნენ. დედამ შეაღო ფართო მინის კარი და შეუერთდა იქ მყოფთ და მე გარეთ დამტოვა. . . .აქედან დაიწყო კოშმარი. ჯერ ვფიქრობიდ, დედა მალე გამოვა - მეთქი. მერე მივედი მინის კედელთან, ხელებით მივეყრდენი, სახე ახლოს მივიტანე. ნელ - ნელა შიში მიპყრობს. შევყურებ დედას, რომელიც ასევე სკამზე დაჯდა, თითქოს იცოდა, რომ ასეც უნდა მოქცეულიყო და მუხლებზე დადებულ ფურცლებს დააცქერდა. გადის დრო. ის ფურცლებს თვალს არ აშორებს. უკვე ვშფოთავ, ვნერვიულობ, მარტოობას ვგრძნობ. დედა თავდახრილია. უკვე ხელებს ვურტყამ მინის კარს, ჩემივე ხმა ჩამესმის, რომელიც ჯერ სუსტად ამოდის ყელიდან, თანდათან იმატებს... დედა ისევ თავჩაქინდრულია და ამასთან თავს უფრო და უფრო დაბლა ხრის. ჩემი ხმა იმატებს, განწირულ კივილში გადადის. „დედააააა!!! „ - უკვე წივილი თუ კივილი ჩამესმის ყურებში; დედამ უკვე ისე დახარა თავი, ქაღალდის ფურცლებს ეხება, უკვე ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ, მუშტებს ვურტყამ მინას, რომელსაც ბავშვის ხელები კი არა, ქვის ლოდიც ვერ გაარღვევს, ისეთი მკვრივია. დედის ხელები იტაცებენ ქაღალდის ფურცლებს, მათ სახეზე იფარებს, სახე აღარ ჩანს, მხოლოდ ფურცლები და მისი თმა. ფურცლებს რაც შეიძლება მჭიდროდ იჭერს სახეზე. მე უკვე ისტერიკაში ვარ. „დედაააა! დედააა!“ - ჩემივე ხმა თავზარს მცემს, ბარიერს ვერ ვანგრევ, დედა სახეს არ მიჩვენებს, შიგნით მყოფნი მტრულად და აუღელვებლად მათვალიერებენ. სრული გულგრილობა გამოსჭვივის მინის ციხიდან, მუხლი მეკვეთება, ისევ ხმამაღლა გავკივივარ და ჩემივე საშინელი ხმა მაღვიძებს. პაუზა. . . მართლაც რა საზარელი ზმანებაა. მითუმეტეს ბავშვის ფსიქიკისთვისაა საშინელი, დამთრგუნავი... - დაფიქრებით ამბობს ექიმი. - ამიტომ არ დამვიწყებია მთელი ცხოვრება, დღემდე ცხადად მახსოვს და მუდამ მემახსოვრება. - მერე? როგორც იტყვიან, ახდა სიზმარი? დედას მოუყევი? როგორი იყო მისი რეაქცია? - დედა არ ვიცი, ვინაა ექიმო. ბავშვთა სახლში გავიზარდე. . . 0 შეფასება არ არის
|