x
image
მანჩო 777
როგორ შევხვდეთ ახალ წელს მხიარულად პანდემიის პირობებში
image


ახალი წელი დაბადების დღეს ჰგავს - ეს ლამაზი, მხიარული დღესასწაული ჯადოსნური მოლოდინით გვავსებს, თუმცა წლევანდელი ახალი წელი განსაკუთრებულია და გამორჩეულად უცნაური: პანდემიის გამო დაკეტილია მაღაზიები, კაფეები და რესტორნები; ნიღბებში, ხელთათმანებსა და დამცავ ფარებში შეფუთნულები დავდივართ ქუჩაში და თვალს ვარიდებთ შემთხვევით შეხვედრილ ნაცნობებს, ვერიდებით სტუმრად წასვლას ან ნათესავების და მეგობრების დაპატიჟებას; თუ წინათ ორი კვირით ადრე ვიწყებდით საახალწლო სამზადისს-საჩუქრების და პროდუქტების მომარაგებას, ახლა ფეხს ვითრევთ და ვყოყმანობთ, რადგან არ ვიცით, რა იქნება ხვალ...მოკლედ კოვიდ-19 -მა თავდაყირა დააყენა ჩვენი ცხოვრება და მოგვანატრა ის წინასაახალწლო ფუსფუსი, როცა გადაღლილები, მაგრამ მაინც მხიარულები და ბედნიერები სულმოუთქმელად ველოდით დეკემბრის ბოლო დღის დადგომას. თუმცა იმის მიზეზი, რომ ადამიანების ნაწილს ახალი წლის დღეებში სულაც არ ემხიარულება, მარტო კორონავირუსი არაა. მიზეზი სხვა გარემოებაც შეიძლება იყო: წლები მიდიან, ასაკი გვემატება, თოვლის ბაბუასაც დავავიწყდით და სანტა კლაუსსაც; ახალი წლის სასწაული, რომელზეც წიგნებში წერენ და ფილმებში მოგვითხრობენ, არა და არ ხდება; არც ამინდი უწყობს ხელს საახალწლო განწყობილების შექმნას... ეს და სხვა ამდაგვარი ფიქრები ცუდ განწყობაზე გვაყენებს და სხვისი მხიარული, სადღესასწაულო აჟიოტაჟი გვაღიზიანებს კიდეც.





მაინც სად არის გამოსავალი? რა უნდა გავაკეთოთ, სახლში რომ მოწყენილი არ ვისხდეთ და სხვების მხიარულებასა და გართობას შურიანი თვალით არ ვუმზიროთ? - გამოსავალი ერთია: უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების ჯადოქრები, თოვლის ბაბუები და სანტა კლაუსები ჩვენ თვითონვე ვართ. ამიტომ საკუთარ თავს უნდა ვაიძულოთ თავადვე შეგვიქმნას სადღესასწაულო განწყობილება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ მთელი არსებით შეიგრძნოთ ამ ლამაზი დღესასწაულის ატმოსფერო და ხიბლი.



image




დაუწერეთ საკუთარ თავს წერილი


image


ყველა ჩვენგანი ცდილობს ახალი წლის წინა დღეებში ერთგვარად შეაჯამოს განვლილი წელი და შესაბამისად დაგეგმოს მომავალი. გთავაზობთ ეს დაგეგმვა ცოტა სხვაგვარი ფორმით გააკეთოთ: აიღეთ ფურცელი და კალამი და დაწერეთ წერილი, რომელსაც ზუსტად ერთი წლის შემდეგ გახსნით. პირველ რიგში დაწერეთ, თუ რატომ ხართ არასადღესასწაულო განწყობაზე და რატომ არ გიხარიათ ახალი წლის მოსვლა, შემდეგ კი ცოტა იფანტაზიორეთ: უპასუხეთ კითხვებზე: როგორი ვიქნები მე ზუსტად ერთი წლის შემდეგ? როგორ განწყობაზე ვიქნები? რა მეცმევა ახალი წლის ღამეს? სად და ვისთან ერთად გავატარებ ამ დღესასწაულს? ნუ შეზღუდავთ თავს ფანტაზიებში-წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორსაც ისურვებდით, შეიძლება ამ წარმოსახვებმა ისე გაგიტაცოთ, რომ ბლოკნოტი ხელიდან გააგდოთ და მაშინვე შეუდგეთ თქვენი ფანტაზიის რეალობად გადაქცევას.



image



ნაბიჯი მეორე- საკუთარ თავს თავადვე შეუქმენით საახალწლო ამინდი



image



როგორია ახალი წელი ჩვენს წარმოსახვაში? - თეთრი, ქათქათა თოვლით დაფარული სახლები, ქუჩები და ხეები; ჰაერში მოფარფატე ფიფქები და ყინვისაგან ლამაზად მოხატული ფანჯრები-აი ასეთი ახალი წელი იყო ჩემს ბავშვობაში, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის კლიმატიც-ფიფქები კი არადა, ციდან ჩამოვარდნილი წვიმის წვეთებიც სანატრელი გაგვიხდა. თეთრად გადაპენტილი სახლების და ხეების ნაცვლად ნაცრისფერი, უსახური სახურავები და ნაღვლიანად მომზირალი გაშიშვლებული ხეეები შემოგვცქერის. თუმცა ამის გამო არ ღირს დაღონება: აიღეთ სახატავი ქაღალდის ფურცელი და აკვარელის საღებავები, რათა თავადვე შექმნათ სასურველი ამინდი. დაიმახსოვრეთ, დაგჭირდებათ ბევრი-ბევრი თეთრი ფერი. დაჯექით ფანჯარასთან და დახატეთ გარემო ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოს. არ დაგავიწყდეთ ნაძვის ხის და ნაირფერი გირლანდების დახატვა;ამისთვის სულაც არაა საჭირო ხატვის ნიჭი და დიდ ოსტატობა. დახატეთ ის, რაც გამოგივათ. შემოქმედება განწყობილებას ამაღლებს, ჩვენ კი სწორედ ეს გვჭირდება. არ იდარდოთ, თუ შედევრის მაგივრად ბავშვის ხელით ნაჩხაპნი სასაცილო ნახატი გამოგივიდათ. სიცილი ხომ დეპრესიის და ცუდი განწყობის საუკეთესო წამალია.



image



საკუთარი ხელით მორთეთ ნაძვის ხე



image



მარტო ხართ და ფიქრობთ: აბა რად მინდა ნაძვის ხე? რა საჭიროა? ბავშვები არ არიან, რომ გაიხარონ, მე კი სულაც არ მედღესასაწაულება. ძალიან ცდებით, თუ თვლით, რომ ნაძვის ხის მორთვა მხოლოდ ბავშვებისთვისაა საჭირო. თავს ძალა დაატანეთ და თუნდაც სულ პატარა, მინიატურული ნაძვი შეიძინეთ და მორთეთ. გაალამაზეთ გირლანდებით, ფიფქებით, სათამაშოებით, კანფეტებით.. ნურც ფანჯრებს დატოვებთ უყურადღებოდ: მათზე მიწებებული პატარა ფიფქები და ვარსკვლავები უდავოდ გაგახალისებთ და განწყობასაც აგიმაღლებთ. ნაძვის ხის მორთვით კი აცნობიერებთ, რომ ახალი წელი უკვე კარზეა მომდგარი.

კიდევ ერთი: აუცილებლად უყურეთ ძველ საახალწლო ფილმებს-განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ბავშვობაში გიყვარდათ. ჩართეთ "ბედის ირონია", " ვერის უბნის მელოდიები", "მარტო სახლში" და ოცნებებით გადაეშვით უდარდელ, მხიარულ ბავშვობაში.






''წადით სტუმრად!!!''



image



ახალი წელი ბევრისათვის არც თუ ისე მარტივი დღესასწაულია. ჩვენ ყველანი ველოდებით სიურპრიზებს, სასწაულებს, რაღაც ამაღლებულსა და განსაკუთრებულს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება?- არც არაფერი. დიახ, სწორედაც რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ამის გამო ნაღველი და დარდი გვიპყრობს.

არ იდარდოთ! ნუ იქნებით სევდიანი, მოწყენილი, გულჩათხრობილი. პანდემიის გამო ვერ ახერხებთ მეგობრებთან და ნათესავებთან წასვლას? - მოაწყვეთ ონლაინ სტუმრობა. ჩართეთ ჩათში საყვარელი მეგობრები, დაიდგით გვერდით ერთი ბოკალი ღვინო ან შამპანური და გადაეშვით მხიარულების სამყაროში. მჯერა, რომ ყველა თქვენგანს ჰყავს ისეთი მეგობარი, ახლობელი, ნათესავი, ვისაც თქვენი დანახვა და თქვენთან საუბარი გაუხარდება. სულაც არაა საჭირო ვინმეს დაპატიჟება და მდიდრული სუფრის გაშლა. ფინჯან ყავაზე ან ერთ ჭიქა ღვინოზე შეგიძლიათ საათობით ისაუბროთ, გული გადაუშალოთ ერთმანეთს და დარდი გაიქარვოთ.



image



შეხვდით ახალ წელს სოფელში



image



კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ერთი დადებითი მაინც გააკეთა: ხალხის ნაწილი სოფლებს დაუბრუნდა: დიდი ხნით მიტოვებული სახლების კარები გაიღო, ეზოები ახმაურდა და სოფლად სიცოცხლე დაბრუნდა. აბა რა სჯობს ახალი წლის შეხვედრას სოფელში, მით უმეტეს, თუ ამინდიც გიწყობთ ხელს და ციდან ფიფქების თეთრი ფარდა ეშვება. შეხვდით ახალ წელს სოფლად... ეს პანდემიასაც დაგავიწებთ და თვითიზოლაციისაგან გამოწვეულ დეპრესიასაც იოლად დააღწევთ თავს.

ახალი წელი მართლაც რომ ჯადოსნური დღესასწაულია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად გავხდით მას ჯადოსნურსა და სასწაულებით აღსავსეს. ასე რომ, თქვენი განწყობა თქვენს ხელთაა.

ყველას გილოცავთ დამდეგ 2021 წელს და გისურვებთ ოცნებების ახდენას, ბევრ- ბევრ სასწაულს და სითბოთი და სიყვარულით სავსე დღეებს!



image

1
73
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
73
  
2020, 24 დეკემბერი, 2:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1