x
რა არის ბოდვა?
image

ბოდვა არის მყარი რწმენა, რომელსაც არაადეკვატური საფუძველი აქვს. მასზე არ ზემოქმედებს რაციონალური არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც საპირისპირო ვითარებაზე მიუთითებს. ასეთი რწმენა ატიპიურია მოცემული პიროვნებისთვის, რომელსაც გარკვეული სახის განათლება აქვს და გარკვეული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენელია.

ბოდვა ისევე როგორც ნორმალური რწმენები ზემოქმედებენ პიროვნების გრძნობებსა და ქცევაზე. ამასთან ქცევითი რეაქცია ბოდვაზე შეიძლება თავად იყოს შეუსაბამო და ზოგჯერ უცნაურიც კი. ამის გამო, ხშირად სწორედ ეს ქცევითი რეაქციაა ფსიქიატრის ყურადღების უპირველესი საგანი, რადგან ის ბოდვის გამოვლენის საშუალებას იძლევა. მაგ., მამაკაცმა, რომელსაც ჰქონდა ბოდვითი იდეა, რომ მას აკუსტიკური ტალღებით ასხივებენ, თავისი ფანჯარა ვერცხლის ფოლგით დაფარა და შემოსასვლელი კარები ჩახერგა. თუმცა, ზოგჯერ ბოდვითი იდეები მცირე ზეგავლენას ახდეს ემოციებსა და ქცევებზე. მაგ., პაციენტს შეიძლება სჯეროდეს, რომ ის სამეფო ოჯახის წევრია და ამავე დროს კმაყოფილი იყოს საერთო საცხოვრებელში ცხოვრებით. ამგვარ გაორებას ორმაგი ორიენტაცია ეწოდება და ის, ჩვეულებრივ, ქრონიკული შიზოფრენიის დროს იჩენს თავს.

აღმოცენების მიხედვით გამოყოფა ბოდვის ორი ტიპი: პირველადი და მეორადი. პირველადი ანუ ავტოქტონური ბოდვა აღმოცენდება გამომწვევის (გამღიზიანებლის) გარეშე, ხოლო მეორადი ბოდვა რაიმე პათოლოგიური გამოცდილების (ჰალუცინაციები ან პათოლოგიური აფექტი) შედეგად. ბოდვა ფსიქოზური დაავადების მახასიათებელია.


გარდა აღმოცენებისა ასევე თემატიკის, შინაარსის მიხედვით გამოიყოფა ბოდვის მრავალი ტიპი, რომელთაგან რამდენიმეს განვმარტავთ.

დევნის ბოდვა ყველაზე უფრო ხშირად უკავშირდება პიროვნებებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც, ავადმყოფის აზრით, ცდილობენ, რაიმე ავნონ მას, შელახონ მისი რეპუტაცია ან დააავადონ იგი. ასეთი ტიპის ბოდვა საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ნაკლებ დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გვხვდება როგორც შიზოფრენიის, ასევე ორგანული მდგომარეობებისა და აფექტური პათოლოგიების დროსაც.
დამოკიდებულების ბოდვა: პაციენტი ობიექტებს, მოვლენებს ან ადამიანებს, რომელთაც მასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, საკუთარ თავს უკავშირებს. (მაგ: პაციენტს შეიძლება სჯეროდეს რომ გაზეთში დაწერილი სტატია უშუალოდ მას ეხება);

განდიდების ბოდვა: საუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენა. პაციენტი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ის მდიდარი, უჩვეულო უნარებით დაჯილდოებული და გამორჩეული ადამიანია. ასეთი იდეები განსაკუთრებით მანიისა და შიზოფრენიის დროს იჩენს თავს.

დანაშაულის ბოდვა ყველაზე ხშირად დეპრესიისას გვხვდება და ამიტომ დეპრესიულ ბოდვას უწოდებენ. ასეთი ბოდვის ტიპური თემებია მაგალითად ის მცირედი უკანონობა რომელიც პაციენტმა წარსულში ჩაიდინა, მომავალში გამოაშკარავდება და მას სახელს გაუტეხს.

იპოქონდრიული ბოდვა: ავადმყოფობის უსაფუძვლო განცდაა. (პაციენტს ყოველგვარი საწინააღმდეგო სამედიცინო მტკიცებულებების მიუხედავად სჯერა, რომ რაღაც სნეულებითაა დაავადებული).

ბოდვა, რომელიც აზრების მიკუთვნებულობას ეხება ამ შემთხვევაში აზრების „კუთვნილებასთან“ დაკავშირებული სამი ბოდვიდან ერთი აღინიშნება. სამივე მჭიდროდაა დაკავშირებული შიზოფრენიასთან.

აზრების „ჩანერგვა“ არის ბოდვა, რომლის დროსაც ზოგიერთი აზრი პაციენტის მიერ აღიქმება არა როგორც საკუთარი, არამედ გარეშე ძალის მიერ ჩანერგილი.
აზრების „წართმევა“(მითვისება): ბოდვა, რომლის დროსაც პაციეტს უჩნდება განცდა, რომ მას საკუთარ აზრებს ართმევენ.

აზრების გახმოვანება: პაციენტს სჯერა, რომ მისი გამოუთქმელი აზრები შეიძლება ცნობილი გახდეს სხვა ადამიანებისთვის რადიოსა და ტელეპატიის მეშვებოით.

ამრიგად, ბოდვას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც პიროვნებას იპყრობს აბსურდული ან მცდარი რწმენა, რომელიც სცდება კულტურულად მიღებულ ნორმებს და ეს რწმენა მის მიერ მყარად არის განმტკიცებული.

0
61
1-ს მოსწონს
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0