x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
მოსწავლეთა გამოკითხვის ეფექტური სტრატეგიები
image

  • როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ მოსწავლე შეკითხვაზე სწორ პასუხს გასცემს?
როდესაც მოსწავლე სწრაფად და სწორად პასუხობს, მასწავლებელმა მაშინვე უნდა დაადასტუროს პასუხის სისწორე, მაგრამ გადამეტებული და ემოციური შექება საჭირო არ არის, რადგან ამან შეიძლება გაკვეთილის მსვლელობა შეაფერხოს.მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, ზოგჯერ მასწავლებლის მხრიდან თავის დაკვრა ან რაიმე დამადასტურებელი ჟესტიც საკმარისია.

  • როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ მოსწავლე შეყოვნდება, მაგრამ მაინც სწორ პასუხს გასცემს?
თუ მოსწავლე შეყოვნდება და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს სწორ პასუხს - რაც ხშირად ხდება ახალი მასალის სწავლისას - საჭიროა, რომ მასწავლებელმა დადებითი უკუკავშირი მიაწოდოს მას.ამ შემთხვევაში უკუკავშირი სასურველია იყოს უფრო მკაფიო, ვიდრე მაშინ, როცა მოსწავლემ სწორი პასუხი სწრაფად გასცა. მკაფიო და დადებითი უკუკავშირი დაეხმარება მოსწავლეს იმის დამახსოვრებაში, რომ მან ნამდვილად სწორი პასუხი გასცა.შედეგად, როდესაც მომავალში იგივე კითხვა იქნება დასმული, მოსწავლე მეტი თავდაჯერებლობით გასცემს მასზე პასუხს.თუ მოსწავლეები ხშირად ყოვნდებიან კონკრეტული საკითხის ირგვლივ კითხვებზე პასუხის გაცემისას, მასწავლებელმა უნდა დაადგინოს ამის მიზეზები და, შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ მასალის ხელახლა ახსნა.

  • როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ მოსწავლე შეკითხვაზე ნაწილობრივ სწორად გასცემს პასუხს?
როდესაც მოსწავლე ნაწილობრივ სწორად სცემს კითხვაზე პასუხს, საჭიროა, მასწავლებელმა აღნიშნოს, თუ პასუხის რა ნაწილი იყო სწორი და, შესაბამისად, რა ნაწილი მცდარი, რათა მოსწავლეებს შორის შესაძლო დაბნეულობა თავიდან აიცილოს.ამის შემდეგ მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეს საშუალება, შეასწოროს პასუხის ის ნაწილი, რომელიც არასწორი იყო.თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა, მასწავლებელმა დახმარება სხვა მოსწავლეს უნდა სთხოვოს.თუმცა, სანამ ამ ხერხს მიმართავს, მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ კითხვის არასწორი ნაწილი სწორედ იმ მოსწავლემ გამოასწოროს, რომელმაც ეს პასუხი გასცა.

  • რა დრო უნდა მისცეს მასწავლებელმა მოსწავლეს პასუხის მოსაფიქრებლად?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საჭიროა, მასწავლებელმა თან გაკვეთილის ტემპი შეინარჩუნოს და თავიდან აირიდოს არასასურველი სიჩუმე, თან საკმარისი დრო მისცეს მოსწავლეებს პასუხის მოსაფიქრებლად.სწორედ ამიტომ, მოსაფიქრებელი დრო დამოკიდებული უნდა იყოს კითხვაზე.თუ კიტხვა არჩევითპასუხიანია და ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებას ისახავს მიზნად, მაშინ 3 წამი საკმარისია.ღია, რთულ კიტხვებზე პასუხის მოსაფიქრებლად საჭიროა 15 წამი.ამაზე მეტი დროის მიცემამ, შეიძლება, სხვა მოსწავლეებში მოუსვენრობა გამოიწვიოს.შესაბამისად, დროის ამოწურვის შემდეგ, საჭიროა მოსწავლისათვის მინიშნების გაკეთება.

  • მოსწავლის დახმარება შეხსენებით
ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე არასწორად პასუხობს შეკითხვაზე, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს არასწორი პასუხის გამოსწორების სურვილი აღუძრას.ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა სიტყვიერი დახმარება.ეს, შესაძლოა, გაკეთდეს მინიშნებებისა და განვლილი მასალის შეხსენების გზით.სიტყვიერი დახმარების მაგალითებია : „რა იყო ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო პირველი ნაბიჯი, რომელიც განვიხილეთ?“, “გახსოვთ, რა გავაკეთეთ გუშინ ექსპერიმენტის დროს?“ და ა.შ. ასევე მასწავლებლები ხშრად ჟესტიკულაციით ეხმარებიან და ბიძგს აძლევენ მოსწავლეებს.

მინიშნებებითა და შეხსენებით დახმარების დროს, მასწავლებელმა ამ მეთოდის უარყოფითი მეთოდიც უნდა გაითვალისწინოს, რაც შემდეგში გამოიხატება: არსებობს რისკი, რომ მოსწავლე ზედმეტად დამოკიდებული გახდეს მასწავებლის მითიტებებსა და შეხსენებაზე, რაც დამოუკიდებელ მოქმედებასა და აზროვნებაში ხელის შემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს.


  • როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ მოსწავლე შეკითხვაზე არასწორად გასცემს პასუხს?
შესაძლებელია ორი ტიპის არასწორი პასუხის გამოყოფა:

  • არასწორი პასუხები, რომლებიც განირობებულია დაუდევრობით, სიჩქარით ან არასაკმარისი დაფიქრებით.
  • არასწორი პასუხები, რომლებიც გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლეს არ ესმის, ან ვერ გაიგო მასალა.
ორივე შემთხვევაში მასწავლებელმა ყოველგვარი კრიტიკის გარეშე უნდა აღნიშნოს, რომ პასუხი არასწორია.

პირველ შემთხვევაში, მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს კრიტიკისგან, რადგან ასეთ დროს შეიძლება მოსწავლე უაროფითად განეწყოს მასწავლებლის მიმართ და კიდევ უფრო ნაკლებ ძალისხმევას გამოიჩენს კონკრეტული საგნის ასათვისებლად.მას შემდეგ, რაც მასწავლებელი აღნიშნავს, რომ პასუხი არასწორია, მან მაშინვე ყურადღება უნდა გადაიტანოს სხვა მოსწავლეზე.

მასწავლებელმა განსხვავებული სტრატეგია უნდა აირჩიოს, თუ არასწორი პასუხის მიზეზი გახდა ის, რომ მოსწავლეს არასაკმარისად ესმის ესა თუ ის თემა.ასეთ შემთხვევაში სასურველია, თუ მასწავლებელი გაამარტივებს შეკითხვას, ან მოსწავლეს გარკვეულ მინიშნებებს მისცემს, რათა ის მსჯელობისა და დაფიქრების გზით მივიდეს სწორ პასუხამდე.თუ ამ მეთოდმაც არ გამოიღო შედეგი, მასწავლებელს შეუძლია, სხვა მოსწავლეს მიმართოს იმავე კითხვით.როდესაც ამის შესაძლებლობაა, მასწავლებელი ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ თვითონ კი არ გასცეს კითხვას სწორი პასუხი, არამედ სხვა მოსწავლეს მისცეს საშუალება გაასწოროს მცდარი პასუხი.

  • რა შემთხვევაში ითვლება მასალა ათვისებულად?
განვლილი მასალა ათვისებულად რომ ჩაითვალოს, კითხვების უმრავლესობას უნდა მოჰყვეს სწრაფი, სწორი და ნათელი პასუხი.თუ მოსწავლეების 95% სწორ პასუხს გასცემს შეკითხვებს, ეს ნიშნავს, რომ მასალა ძალიან კარგადაა ათვისებული.უნდა ღინიშნოს, აგრეთვე, რომ ღია კითხვებს ხშირად რამდენიმე სწორი პასუხი აქვს და მასწავლებლის შეფასება- „პასუხი სწორია“ ან „პასუხი არასწორია“-არ იყოს მართებული.ამ შემთხვევაში საჭიროა, მასწავლებელმა ნებისმიერი სწორი პასუხი მიიღოს, მიუხედავად სხვა პასუხის მოლოდინისა.ამის შემდეგ, მასწავლებელს შეუძლია, მინიშნების მეშვეობით მოსწავლე ალტერნატიულ პასუხამდე მიიყვანოს.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ შოთაძე
მარიამ შოთაძე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0