x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
თამაშის განვითარება და მისი ტიპები.

image

თამაში ბავშვისთვის ადრეული ბავშვობიდანვე წარმოადგენს სწავლის პირველად საშუალებას, რომლის დროსაც ბავშვები სიამოვნებით იყენებენ ყველა “იარაღს’’, რაც იმ დროისათვის გააჩნიათ - საკუთარ სხეულს, ოჯახებსა და თანატოლებთან ურთიერთობას, გარე სამყაროს. თამაში ყველა სხვა აქტივობაზე უკეთ ასაზრდოებს ბავშვის ჯანმრთელ განვითარებას. სწორედ თამაშის მეშვეობითაა შესაძლებელი ადრეული სწავლება. ბავშვები თამაშობენ, რადგან სიამოვნებთ. თამაშს შეუძლია, უამრავი ფორმა მიიღოს, მაგრამ მისი გულისგული მისგან განცდილი სიამოვნებაა. სიამოვნება მსგავსი აქტივობის განმეორების სურვილს ბადებს, განმეორების გზით მიიღწევა ოსტატობა, დაოსტატება კი, თავის მხრივ, იწვევს თავდაჯერებასა და ამოცანის შესრულების შეგრძნებას.

თამაშსა და განვითარებას შორის მყარდება ორმხრივი ურთიერთკავშირი. განვითარება არის პროგრესიული ცვლილება დროში, ზრდის კვალდაკვარ მიღწეული უკეთესობა. განვითარებასთან ერთად სხვადასხვა სახის ქცევები უფრო ეფექტიანი, პროგნოზირებადი და კოორდინირებული ხდება. ამასთანავე, შესაძლებლობები და უნარები მეტ მოქნილობას და მასშტაბებს იძენენ. განვითარება ტრანსფორმაციული ბუნებისაა და მასში ხშირად სტრუქტურული ორგანიზაციისა და ფუნქციონირების უფრო მაღალი დონისაკენ თვისობრივი ცვლილება მოიაზრება.

განასხვავებენ სამი ძირითადი ტიპის თამაშს:

  • ფუქციური თამაში - მოიაზრებს სათამაშოებისა და ობიექტების გამოკვლევას მათი შენჯღრების, გამოძრავების მეშვეობით. იგი ისეთ თამაშებს მოიცავს, როგორიცაა ობიექტის გადაგდება, სირბილი, ხტუნვა.
  • კონსტრუქციული თამაში - იგი ფუნქციური თამაშის უნარების გამოყენებას გულისხმობს, თუმცა ამ უკანასკნელს თამაშის აქტიურობა უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავს, იგი მოიაზრებს გონებაში გარკვეული გეგმის შექმნას, მაგალითად როგორიც არის კუბებისგან კოშკის აგება. გარდა ამისა, კონსტრუქციული თამაშის აქტივობებისა და პროდუქტებისი ინტეგრაციის გზით შესაძლებელია როლური დონის თამაშების მიღება, რომელსაც საფუძვლად წარმოსახვა უდევს (ანუ ფანტაზიის უნარის წინ წამოწევა).
  • წარმოსახვითი (სიმბოლური თამაში) - იგი მოიაზრებს ბავშვის უნარს, გამოიყენოს ობიექტები, მოქმედებები და აზრები სხვა ობიექტების, მოქმედებებისა და აზრების გადმოსაცემად. (ბავშვი კუბიკს ყურთან იდებს ვითომ მობილურზე საუბრობს, ან როცა ირგებს სხვადასხვა როლს, მაგალითად, მძღოლის, გამყიდველის და ა.შ.). ასეთი მაღალი დონის თამაში ფუნქციონალური და კონსტრუქციული თამაშებიდან წარმოიშვა, იგი არამხოლოდ მოიცავს, არამედ აღემატება მათ.

განვითარება შესაძლოა იყოს გრძელვადიანიც და მოკლევადიანიც. გრძელვადიან პერიოდში ბავშვები სხვადასხვა ეტაპის გავლით, ასაკის მატებასთან ერთად, იძენენ თამაშის ახალ უნარს. ამ პროგრესს კი ონტოგენეზი ეწოდება. რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომლებიც თამაშის მდგომარეობებში ავლენენ ცვლილებებს. მდგომარეობის თვალსაზრისით ცვლილებების დანახვა შესაძლებელია დროის ძალიან მცირე მონაკვეთებში, ერთი თამაშის ფარგლებში. ტერმინი მიკროგენეზი თამაშის მოკლევადიან თანმიმდევრობას შეეხება, რომელიც თამაშის სხვადასხვა დროებითი მდგომარეობებისა და მათ შორის გადასვლის პერიოდებისაგან შედგება. თამაშის ონტოგენეზისა და მიკროგენეზის ცნებების გამოყენება ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს გავიგოთ და შევაფასოთ, თუ რა ხდება თანმიმდევრულად თამაშის ეპიზოდში - როგორც ინდივიდუალურად, კონკრეტული ბავშვის განვითარების გარკვეულ დონეზე, ასევე მოცემული ასაკის ბავშვების ჯგუფში.

თამაშის ქცევების პროგნოზირებისა და მოცემულ გარემოებებში ბავშვისთვის ყველაზე ხელსაყრელი თამაშის შერჩევის მიზნით სიტუაციური ღონისძიებებისა და კორექტირებების განსახორციელებლად, სასარგებლოა ასევე ვიცოდეთ თამაშის ეპიზოდში მოკლე ვადაში მომხდარი ცვლილებების შესახებ. თამაშზე ექსპერტის თვალით დაკვირვება და ანალიზი საჭიროა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფის დონეზე.image

თამაშის ქვეტიპები:

  • მოტორული (საყრდენ-მამოძრავებელი სისტების გამოყენებით) თამაშის განვითარება. მოტორული თამაში ყველა სახის ფიზიკურ და მანიპულაციურ თამაშებს მოიცავს. ამაში მოიაზრება ძიების ტიპის თამაშები, საკუთარი სხეულის, სხვა ადამიანის სხეულის, ან გარემოში არსებული საგნების კვლევა-ძიება. ზოგ შემთხვევაში მოტორულ თამაშს პრაქტიკულ თამაშსაც უწოდებენ, განსაკუთრებით, ჩვილობის და ისეთ ასაკში, როდესაც ბავშვი სიარულს სწავლობს. მეორეც, მოტორულ თამაშში შედის ლოკომოტორული თამაში, რომელიც მსხვილი კუნთების გამოყენებას და ლოკომოტიური აქტივობის განხორციელებას ან მოძრაობას გულისხმობს. მოტორულ თამაშში მოიაზრება თამაში წესების გარეშე (rough-and-tumble play), რომელსაც სხვანაირად ჭიდაობით თამაშად (play fighting) ან ხულიგნობადაც (roughhousing) მოიხსენიებენ.
  • ფიზიკური და მანიპულაციური თამაში. ფიზიკური და მანიპულაციური თამაშები ყველაზე ადრეულ ასაკშიც კი ფუნდამენტური მოტორული უნარ-ჩვევების ქონას მოითხოვს. ახალშობილთა მოტორულ უნარებში შედის სხეულის ნაწილების არაკოორდინირებული და უწესრიგო მოძრაობის ზოგადი უნარი (მკლავების ქნევა ან თავის შეტრიალება) და შემთხვევითი და ზუსტად კოორდინირებული რეფლექსები. პირველი წლის განმავლობაში ჩვილები ხელის მოძრაობის, ჩაბღაუჭებისა და მანიპულირების უნარებს ივითარებენ; ერთიდან ორ წლამდე ასაკში ბავშვები მანიპულაციური თამაშის ყველაზე რთულ ფორმებში ერთვებიან; სამ წლამდე ფიზიკური და მანიპულაციურ თამაში სწრაფად ვითარდება; ხუთიდან ექვს წლამდე ასაკში ბავშვების ფიზიკური განვითარება მათ ახალი ფორმის მოტორული თამაშის საშუალებას აძლევს. ასაკის ზრდასთან ერთად ფიზიკური და მანიპულაციური თამაშები კიდევ უფრო ვითარდება; ფიზიკური და მანიპულაციური თამაშის განვითარება ფიზიკურ განვითარებაზე, გამოცდილებასა და პრაქტიკაზეა დამოკიდებული.
  • ლოკომოტური თამაში. “უხეში თამაში წესების გარეშე’’(ჩხუბის იმიტაცია). საგნებით თამაშის განვითარება. სირბილი, ხტუნვა და დაჭერობანა ლოკომოტორული თამაშის მაგალითებია. A.ამ თამაშის ყველაზე ტიპური მაგალითი ვიღაცისგან გაქცევა ან ვიღაცის დადევნებაა.ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები უფრო კარგად დარბიან და სირბილის დროს დამატებითი, ფუჭი მოძრაობების შემცირებას ახერხებენ (Haywood, 1986). B. „თამაში წესების გარეშე“ ანუ ჩხუბის იმიტაცია ლოკომოტორული ტიპის თამაშია, რომელიც სოციალურ და წარმოსახვით თამაშს ნაწილობრივ ემთხვევა. წესების გარეშე უხეშ თამაშში ცენტრალურ როლს მოთამაშეების სხეული და მოქმედება ასრულებს. უხეში ფიზიკური თამაშის - ჩხუბის იმიტაცია ცხოველებში ჩვილობის ასაკიდან იწყება, პიკს მოზარდობის ასაკში აღწევს და შემდეგ თანდათანობით ქრება (Power, 2000). უხეში თამაში წესების გარეშე არ არის აგრესიის გამოვლენა. ის მნიშვნელოვანი თამაშია განსაკუთრებით ბიჭებისთვის. C. ადრეული ბავშვობის პერიოდის მიწურულს ბავშვი თამაშში საგნების გამოყენების სხვადასხვა უნარს ამჟღავნებს. განარჩევენ საგნებით თამაშის ორ განზომილებას: პირველი, თამაშის ხარისხი იმის მიხედვით გაანალიზდა, რამდენად თანმიმდევრული, წარმომადგენლობითი და შესაფერისი იყო მიმდინარე აქტივობა. მეორე, ბავშვების საგნებით თამაში შეისწავლეს ბავშვის სიმბოლურ-წარმოსახვითი უნარების ჩამოყალიბებამდე, კონსოლიდაციამდე და მას შემდეგ.
  • მანიპულაციური და კვლევითი თამაში. კონსტრუქციული თამაში. მანიპულაციური აქტივობები და თამაშები ნატიფი მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად: მძივების გაყრა, ფორმების მორგება და ა.შ. კვლევითი აქტივობები და თამაშები შეცნობას და ახალის შესწავლასა და გაგებას უწყობს ხელს. მაგალითად: მცენარის ფოთლებზე ლუპით დაკვირვება, ყინულის დნობაზე დაკვირვება, ანგარიშების ჩაწერა და ა.შ. კონსტრუქციული თამაშების დროს ბავშვები სწავლობენ ზომას, სიგრძეს, ფორმას, წონას, პატერნებს-ყველაფერ იმას, რისი ცოდნაც შემდეგ სკოლაში დაჭირდებათ. კონსტრუქციული თამაშის დროს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავად სცადოს რაღაცეების აშენება, შექმნა. თქვენი დახმარება იმაში მდგომარეობს, რომ აჩვენოთ რა და როგორ გააკეთოს. მაგალითად: კოშკების აშენება-ჯერ დააკვირდით თვითონ რას გააკეთებს კუბიკებით და იმის მიხედვით აარჩიეთ მიზანი. მიზანი შეიძლება იყოს ნიკას კოშკი უფრო მაღალია ვიდრე დედას კოშკი და ა.შ.
  • კუბურებით და კომპიუტერებით თამაში. A. ეს თამაში გავრცელებულია ბავშვებში და წარმოადგენს საგნებით თამაშის იმ ძირითად ფორმას, რომელშიც ვლინდება გამოცდილების აშკარა განსხვავება ბავშვებს შორის. კუბურებით თამაში უფრო მეტად წარმომადგენლობითი ხდება, ვინაიდან შედარებით უფროსი ასაკის სკოლამდელი ბავშვები უკვე იმგვარი კონსტრუქციის აგებას ცდილობენ, რომელიც რეალური სამყაროს ობიექტის მოდელი იქნება (Reifel, 1984). კუბურებით თამაში ბავშვებში პოპულარულია ხანგრძლივი ასაკობრივი პერიოდის განმავლობაში. როგორ და რა ტიპის კუბურებსა და სამშენებლო მასალებს გამოიყენებენ, ეს უკვე ბავშვის ასაკსა და განვითარების საფეხურზეა დამოკიდებული. მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ დაოსტატდნენ იმგვარი სათამაშოებით თამაშში, როგორებიცაა: ლეგოს კუბურები, ლინკოლნის მორები და სხვადასხვა ტიპის კუბურების მსგავსი სათამაშოები. მათ შეუძლიათ ჩაერთონ ამ მასალებთან დაკავშირებულ განსხვავებული სახის ქმედებებში: საგნების ერთმანეთზე მირტყმა, მილებისა და აგურების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირება და სხვა. შვიდი ან რვა წლის ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ უხარიათ ამ ფორმის თამაშებში ჩართვა, მაგრამ ასევე შეუძლიათ სიამოვნების მიღება მცირე ზომის ხრახნების, ქანჩების, ჭანჭიკების გამოყენებითა და ბატარეებზე მომუშავე კუბურებისა და სამშენებლო კომპლექტების თამაშით (Goodson & Bronson, 1985).

    B.პატარა ბავშვები სულ უფრო მეტად სარგებლობენ და თამაშობენ კომპიუტერით. კომპიუტერული გამოცდილება გულისხმობს შემდეგი ოპერაციების შესწავლას: ღილაკებზე დაჭერა, „მაუსის“ გადაადგილება, კურსორის გამოყენება, ადვილად მართვადი პროგრამის გაშვება და გადატვირთვა. უნარების საშუალებით განხორციელებული სხვა ქმედებების მსგავსად, რომელთა ათვისებაც მოსალოდნელია ბავშვის მიერ, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე ბავშვს მასწავლებლები და მშობლები დაეხმარონ. პატარა ბავშვები კომპიუტერებს განსხვავებულად იყენებენ, მათ შორის, თამაშისთვისაც. ძიების თამაში, მანიპულაცია და ექსპერიმენტების ჩატარება კომპიუტერებისა და პროგრამების შესასწავლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ახალია, თამაშის სახეობებია. პატარა ბავშვების მიერ ახალი კომპიუტერული პროგრამების პირველად გამოყენების ტექნიკა წინასწარ გათვლილ თანმიმდევრობას შეესაბამება. ჰოლანდი და რაითი (1997) აქცენტს აკეთებენ კომპიუტერული თამაშების საფეხურებზე: აღმოჩენა, ჩართულობა, თვითდაჯერებულობა და შემოქმედებითობა. პატარა ბავშვების მიერ კომპიუტერით სარგებლობა, ჩვეულებრივ, სოციალური აქტივობაა და ზოგიერთი კვლევის შედეგების მიხედვით, თამაშის ხარისხი მაშინ უმჯობესდება, როცა ბავშვს თანატოლი ეთამაშება.

    შესაბამისად შესაძლოა ითქვას, რომ თამაში ბავშვს განვითარებაში ეხმარება, რადგან სხვადასხვა ტიპის თამაშის დროს ბავშვი უამრავ ახალ ინფორმაციას დაისწავლის, რაც მას მომავალში აუცილებლად გამოადგება.

    0
    114
    შეფასება არ არის
    ავტორი:გუჯაბიძე მარიამი
    გუჯაბიძე მარიამი
    114
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0