x
image
მანჩო 777
ჩინური მუმიის საიდუმლო
როგორ გგონიათ, მუმიების კეთების ხელოვნებას მხოლოდ ეგვიპტეში ფლობდნენ? -სულაც არა. მიცვალებულების მუმუფიცირება, ძველი ეგვიპტის გარდა, გავრცელებული იყო მსოფლიოს კიდევ ბევრ ქვეყანაში. მათგან ყველაზე ცნობილია მუმიები ლათინური ამერიკიდან, ალტაიდან, ევროპიდან და ჩინეთიდან. სწორედ ერთ-ერთ უცნაურ ჩინურ მუმიაზე გვექნება საუბარი სტატიაში.



image


1972 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ჩანშაში მდებარე მავანდუის სამარხებში აღმოაჩინეს სარკოფაგი. თავდაპირველად არქეოლოგებს ეგონათ, რომ ეს იყო მეფე მას (853 – 930 წ) საფლავი, მაგრამ ქვაზე გაკეთებული წარწერებით მათ შეიტყვეს, რომ ეს იყო მაღალჩინისანი მარკიზის დაი ლი კანის, მისი ცოლის ლედის დაის და მათი ვაჟის განსასვენებელი, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე 213 – 163 წლებში ცხოვრობდნენ.

არქეოლოგებმა გათხრები დაიწყეს 1972 წლის იანვარში და ცოტა ხანში მათ გააკეთეს საოცარი აღმოჩენა, რომლის მსგავსიც ჩინეთში მანამდე არასოდეს არ ყოფილა.


სარკოფაგები დამზადებული იყო კვიპაროსის ხისგან გამოთლილი დაფებისაგან. ისინი შემოლესილი იყო თეთრი თიხით და დაფარული იყო ხის ნახშირით. სარკოფაგების შიგნით კი რამდენიმე წყებად იყო გალაქული კუბოები მოთავსებული. ერთ ერთ საფლავში აღმოჩნდა 50 წლამდე ქალის-ლედი დაის (ქალიშვილობის სახელი სინ ჩჟუი) მუმია, მისი სხეული იმდენად იდეალურად იყო შენახული, რომ მეცნიერებმა შეძლეს გვამის გაკვეთა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ქალბატონი დაღუპული იყო გულის შეტევისაგან.



image



სარკოფაგის კედლებსა და სახურავზე გაკეთებული ორნამენტები ასახავდნენ სასახლის ყოფა-ცხოვრებას: გამოსახული იყო სასადილო ოთახი მაგიდით, რომელზეც კერამიკის ჭურჭელი ეწყო. მაგიდის გვერდით განთავსებული იყო ბამბუკის კალათები, სანელებლებით სავსე პატარა ტომრები და სხვა სამზარეულო ინვენტარი. საძინებელი ოთახი სავსე იყო აბრეშუმის ტანსაცმლით, ხოლო სასტუმრო ოთახი ბამბუკის ავეჯით, მუსიკალური საკრავებით და მუსიკოსების ფიგურებით: აქვე იყო ამოტვიფრული მოსამსახურეების ფიგურებიც.

მუმიების გამოკვლევამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მაღალი წრის იმდროინდელი ჩინური საზოგადოება არც ისე ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდა: ისინი მიირთმევდნენ ცხიმიან საკვებს და ცოტას მოძრაობდნენ, რაც იწვევდა მძიმე წონას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მოშლას.

მამაკაცის მუმიის მიხედვით ივარაუდეს, რომ მისი წონა სიცოცხლეში 120-140 კილოგრამს აღწევდა, ხოლო სიმაღლე 150-155 სმ-ს. მას ჰქონდა ხერხემლის პრობლემები, ხოლო ნაწლავებში აღმოჩნდა ლენტისებური ჭიების კვალი.

აღმოჩენილი სამი სამარხიდან ლედი დაის საფლავი ყველაზე კარგად იყო შენახული: სამარხს ჰქონდა გადაბრუნებული პირამიდის ფორმა, რომელიც გარეშე თვალისაგან შორს, 12 მეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული მიწაში, ქალის სხეული შეხვეული იყო ოც წყება აბრეშუმის სახვევში და ჩაშვებული იყო მუმიფიცირების სითხეში. კუბო გარედან შემოლესილი იყო დამცავი ფენით, რამაც განაპირობა ის, რომ სხეული აბსოლუტურად იქნა დაცული ჰაერის, ნესტის და ბაქტერიების ზემოქმედებისაგან, რამაც შეაჩერა გახრწნის პროცესი.



image



საფლავს დაყრილი ჰქინდა 5 ტონამდე ნახშირი და დაფარული იყო ერთი მეტრი სისქის თიხის ფენით. საიქიოში სინ ჩჟუის თან გაატანეს ათაასამდე საგანი და პირადი ნივთი, რომელიც მას იქაურ ყოვედღიურ ცხოვრებაში დასჭირდებოდა.



image



გარეთა კუბოს ( ზომა 672 სმ х 488 სმ) გააჩნდა კიდევ ოთხი საცავი, რომელშიც იყო მოთავსებული ქალბატონის პირადი ნივთები და ტანსაცმელი; მეორე კუბო (256 სმ х 114 სმ) გარედან ლაქით იყო დაფარული და მორთული იყო მითოლოგიური სცენების ორნანეტებით; მესამე, შიგა კუბო მოხატული იყო დრაკონების, ვეფხვების, ლომების, ირმების გამოსახულებებით. სულ ბოლო კუბო, რომელშიც უშუალოდ ესვენა ქალბატონი, შიგნიდან ალისფერი იყო, ხოლო გარედან-შავი' მორთული იყო ნაქარგებით და ფრთებით. კუბოს შემოხვეული ჰქონდა აბრეშუმის ქსოვილი, რომელზეც ამოქარგული იყო ცა, ვარსკვლავები, დედამიწა და მზე.


image


სინ ჩჟუის მუმიის გაკვეთის დროს არქეოლოგები ნანახმა შოკში ჩააგდო: მიცვალებულის ვენებში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო სისხლის კოლტები, ხოლო შიგანი ორგანოები კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სიკვდილი 5 წუთის წინ დადგაო. სახსრებს შენარჩუნებული ჰქონდა მოძრაობის უნარი, ხოლო კანი საოცრად ელასტიურად იყო შემონახული. კუნთებიც ასევე ელასტიური და დრეკადი იყო, ხოლო სახეზე მიცვალებულს დაჰკრავდა მკრთალი ვარდისფერი, თითქოს ეს-ესაა გარდაიცვალაო. შოკისმომგვრელი იყო ის, რომ ყველა შინაგანი ორგანო ქალს ადგილზე ჰქონდა, ხოლო სხეულზე არცერთი ნაჭდევი არ იყო გაკეთებული მუმიფიცირებისათვის. მუმია 35 კილოგრამს იწონიდა. რაც ნიშნავდა, რომ სიცოცხლეში ლედი დაი 70 კილოგრამი წონის და დაახლოებით 150-152 სმ სიმაღლის იყო.

მიცვალებულს ეცვა კანაფის ძაფისაგან მოქსოვილი პერანგი, აბრეშუმის ხალათი და ფეხსაცმელები, სახეზე გადაფარებული ჰქონდა ფარჩის ხელსახოცი, ხოლო ხელეები და ფეხები შეკრული ჰქონდა აბრეშუმის ლენტებით. სხეულს ცხრა რიგად ჰქონდა შემოხვეული აბრეშუმის ქსოვილი და ეფარა აბრეშუმის ორი ხალათი.




image



ამგვარად შემონახული მუმია მსოფლიოში სულ ხუთია აღმოჩენილი და ყველა მათგანი ჩინეთშია ნაპოვნი. სამწუხაროდ, ოთხ მუმიას, რომლებიც შანხაისა და პეკინს შორის მდებარე პატარა ქალაქთან აღმოაჩინეს მშენებლობის დროს, არ გაუმართლა: არქელოგებმა უბრალოდ არ იცოდნენ, როგორ შეეჩერებინათ მუმიების გამოშრობის პროცესი და ისინი არასწორი შენახვის პირობების გამო ძალიან მალე განადგურდნენ. კონსერვანტის შემადგენლობა და მახასიათებლები სითხისა, რომლებშიც სხეულები იყო შენახული, მეცნიერებმა ვერ ამოხსნეს.

კიდევ ერთი აღმოჩენა, რომელმაც მეცნიერები განაცვიფრა, იყო სამარხში აღმოჩენილი აბრეშუმის ქსოვილი მასზე დახატული რუკით. რუკაზე გამოსახული იყო იმდროინდელი ჩინეთის სამი პროვინცია მასშტაბით 1: 180 000.



image



აბრეშუმზე ამოქარგული რუკა შეადარეს თანამედროვე თანამგზავრიდან მიღებულ გამოსახულებას იმ სამი ჩინური პროვინციისა, რომლებიც რუკაზე აღბეჭდილი. არქეოლოგები შოკში ჩააგდო ნანახმა: რუკაზე არ იყო არცერთი შეცდომა, ყველა მთა, გორაკი, ყველა მდინარე, ველი თუ ხეობა აბსოლუტური სიზუსტით იყო დატანილი რუკაზე.

ფერადი, პრიალა ლარნაკების კოლექციები, თეფშები, თასები, სამკაულების შესანახი ზარდახშები იდეალურად იყო შენახული სამარხებში. ბამბუკის კალათებში ჩაწყობილი იყო კერამიკის ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოები, ლოტოსის ყვავილები, მსხლები, ვაშლები, ქლიავი, მარწყვი, აგრეთვე სხვადასხვა სახის ხორცი: ცხვრის, საქონლის, ღორის, ირმის, ნიანგის, ძაღლის..



image



აქ იყო აგრეთვე ფრინველის ხორცი: მტრედის, გედის, ხოხბის, მწყრის, ბეღურებისა და ბუსი. კალათებში აღმოჩნდა თევზეულის ნარჩენებიც. კუბოების კედლებზე ზოგიერთი კერძის მომზადების რეცეპტიც კი იყო ამოტვიფრული. მიუხედავად 2000 წლის ასაკისა, ჩჟუის მუმია გასაოცრად საღად იყო შენახული 80 ლიტრი უცნაური ყვითელი ფერის სითხის წყალობით, რომელშიც ის იყო მოთავსებული და რომლის შემადგენლობა მეცნიერებმა დღემდე ვერ ამოხსნეს. არქეოლოგების თქმით, ჰაერის მოხვედრისას სითხე აორთქლდა ძალიან სწრაფად-მანამდე, სანამ მუმიას ლაბორატორიამდე მიიტანდნენ. ვარაუდობენ, რომ კონსერვანტის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი იყო ვერცხლისწყალი, თუმცა მისი სრული შემადგენლობა დღემდე საიდუმლოდ დარჩა.

არქეოლოგები ამბობენ, რომ მუმიის შენახვის საიდუმლო მდგომარეობს მრავალფენიან სამარხში, სარკოფაგის ძირზე მოთავსებულ თეთრი ფერის უცნობ ნივთიერებაში, 20 ფენა აბრუშუმის ქსოვილსა და უცნობი შემადგენლობის 80 ლიტრი ყვითელი ფერის კონსერვანტში, რომლის დამზადებას მეცნიერები დღემდე ამაოდ ცდილობენ.


1
335
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
335
  
2020, 5 დეკემბერი, 1:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1