x
ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება

დღესდღეობით, პიროვნებები, მეცნიერები, ეკონომისტები, პოლიტოლოგები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები უყოყმანოდ თანხმდებიან, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ერთმანეთთან. პოლიტიკა, გარკვეულწილად გამომდინარეობს ეკონომიკიდან და პირიქით. 21-ე საუკუნის სისტემური დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკას მიექცა, და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური თავისუფლების აუცილებლობამაც წინ წამოიწია. ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც 21-ე საუკუნე სხვა ეპოქებისაგან გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ლიბერალური ფასეულობებით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ზენიტში აყვანით.

საინტერესოა, რომ მეცნიერი ალფრედ მარშალი ხაზს უსვამდა ფაქტს, რომ ეკონომიკა პიროვნების ყოველდღიური საქმიანობის ამსახველი მეცნიერებაა და შესაბამისად, ადამიანის არსებობის აუცილებელი პირობაც. მთავარი კითხვაა, როგორ და რა ფორმით შეიძლება გამოიხატოს ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება? ეკონომიკური თავისუფლება, პირველ რიგში, ჩანს იმ მიდგომაში, როდესაც ეკონომიკური ბაზარი გარეშე ქმედების ჩარევისგან თავისუფალია, თავისუფალია თუნდაც მთავრობის ჩარევისაგან. ეკონომიკურ თავისუფლებას სჭირდება საზოგადოება, რომელიც იზიარებს იმ შეხედულებებს, რომ ეკონომიკა ინდივიდუალურ და სახელმწიფოებრივ დონეზეც უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ჩაებას ეკონომიკურ საქმიანობაში, აწარმოოს თავისი ეკონომიკა, გახადოს იგი კონკურენტუნარიანი, დაიცვას თავისი საკუთრება და გაუფრთხილდეს მას. ეკონომიკური ლიბერალიზმი სხვა არაფერია თუ არა თავისუფალი ბაზრის არსებობა. აქედან გამომდინარე, იბადება ეკონომიკური თავისუფლების იდეა და აუცილებლობა. ცხადია, რომ ეკონომიკურმა თავისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყველა ინდივიდისთვის თანაბარი პირობების შექმნა, რაც საზოგადოებრივი კეთილდღეობის საფუძველია. თუმცა, ეკონომიკური თავისუფლება უფრო ფართო ცნებაა და უფრო დიდი განზომილებიდან უნდა დავინახოთ. ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის იდეას. ლიბერალური ფასეულობები ვლინდება, პირველ რიგში, ადამიანისთვის თავისუფლების, ინდივიდუალიზმისა და თანასწორობის მიცემის აუცილებლობაში. ეკონომიკურ თავისუფლებაზე გადის ხალხის კეთილდღეობის გზა. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკას და მის სწორად განხორციელებას უმთავრეს ყურადღებას აქცევს.

ჩვენ ყველას გვსურს, რომ ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად თავისუფალია, გარემოში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს თავისი არსებობისთვის აუცილებელი ყველა საბაზისო საჭიროებები. ასე თუნდაც, მაგალითისთვის გავიხსენოთ აბრაჰამ მასლოუს მიერ განსაზღვრული მოთხოვნილებათა პირამიდა, რომელიც მასლოუს საჭიროებების იერარქიის სახელითაცაა ცნობილი.მასლოუს მიხედვით, ხალხის საჭიროებების ქვედა დონე გულისხმობს ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ხოლო ყველაზე ზედა, მეხუთე დონე ადამიანისთვის საკუთარი თავის რეალიზების აუცილებლობაა. თუმცა, სწორედ აქ უნდა დავსვათ მთავარი კითხვა, როგორ მივაღწიოთ ზედა დონეს? რასაკვირველია, ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფალი გარემოს შექმნა.

თავისუფლება არის შესაძლებლობა ადამიანისთვის, რომ მოიქცეს თავისი შეხედულებისამებრ ყველა საკითხში. ურთიერთკავშირი ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის, პირველ რიგში, გულისხმობს კავშირს თვითონ ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის. პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთისგან განუყოფელია, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა ეკონომიკის კონცენტრირებული გამოსახულებაა.


ოდითგან ადამიანს “პოლიტიკურ ცხოველად“ მოიხსენიებდნენ, ყოველშემთხვევაში მას ასე უწოდა ფილოსოფოსმა არისტოტელემ და ამით კიდევ ერთხელ ცხადყო ადამიანისა და პოლიტიკის მჭიდრო კავშირი. პოლიტიკური თავისუფლება ადამიანს სამოქმედო ასპარეზის ფართო თვალსაწიერს უქმნის. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური თავისუფლება ადამიანს ეხმარება განსაზღვროს და წარმართოს თავისი ცხოვრება, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, დაიცვას თავისი შეხედულებები, იყოს იმ პოლიტიკური იდეოლოგიის მიმყოლი, რომელიც მას მიაჩნია საუკეთესოდ, ანუ იზიარებდეს იმ პოლიტიკურ კულტურას, რომელიც მის შინაგან ღირებულებებთან და ფასეულობებთან უფრო ახლოსაა და არავინ სდევნიდეს ამის გამო. რაც მთავარია, პოლიტიკური თავისუფლება, რასაკვირველია, მოიაზრებს ადამიანის პოლიტიკური მრწამსის ხელშეუხებლობასა და ჩაურევლობას.

როგორ მივაღწიოთ პოლიტიკურ თავისუფლებას? ალბათ, დამეთანხმებით, რომ პირველ რიგში პოლიტიკური თავისუფლება ისეთ საზოგადოებაში ყალიბდება, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ძალისმიერი “გარე“ ჩარევისგან, სადაც ადამიანებს აქვთ შენარჩუნებული დამოუკიდებლობა, შეუძლიათ საზოგადოებაში თანაცხოვრება იმგვარად, რომ არ დაკარგონ და შეინარჩუნონ თავიანთი ინდივიდუალიზმი. ეს გულისხმობს, რომ ისეთი საზოგადოებაა საჭირო, რომელიც ადამიანს არჩევანის შესაძლებლობას აძლევს და ამისთვის სათანადო პირობებსაც უქმნის - ანახებს თავისუფალი ეკონომიკის უპირატესობას. რითია უკეთესი თავისუფალი ეკონომიკა? პირველ რიგში, იმით, რომ იგი თავისუფალია სახელმწიფო ჩარევისაგან და ეფუძნება ინდივიდის ინიციატივას, მის მზაობას ეკონომიკური საქმიანობისთვის. დამატებით უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური თავისუფლება, რასაკვირველია გულისხმობს ჯანსაღ კონკურენციას და კონკურენტულ გარემოს თავისუფალ ბაზარზე.

პოლიტიკური თავისუფლება ეფუძნება თანასწორობის იდეას, თუმცა აქაც არ უნდა იყოს დაკარგული ინდივიდუალიზმი. საჭიროა თანასწორობა არამხოლოდ პოლიტიკაში, სადაც თანაბრად იქნება გადანაწილებული უფლებები, თუნდაც საარჩევნო გარემოში, არამედ ეკონომიკაშიც.

ნათელია, რომ 21-ე საუკუნე გაძლიერებული ეკონომიკის საუკუნედ იქცა. დაიწყო დიდი ეკონომიკური გლობალიზაცია, ნელ-ნელა დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ეკონომიკურმა თავისუფლებამ ინდივიდუალურ დონეზე დაგვანახა, რომ პიროვნებებს შეუძლიათ აწარმოონ ეკონომიკა, თავად აკონტროლონ ბაზარზე “მიწოდება“ და “მოთხოვნის“ საბაზრო ზალები. ეკონომიკურმა თავისუფლებამ უნდა დაანახოს ინდივიდებს, რომ მათ შეუძლიათ არამხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოონ ეკონომიკა, არამედ საზოგადოების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზეც იფიქრონ. ეკონომიკური თავისუფლება სახელმწიფოებრივ დონეზე ქმნის ბევრ შესაძლებლობებს, თუმცა ეს ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის ბალანსირებაა შესაძლებელი. იგულისხმება ის, რომ როდესაც სახელმწიფო იმ პრინციპების დამცველი და გამტარებელია, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ ეკონომიკაში ჩაურევლობა არის უფრო მეტად ეფექტიანი შედეგისა და დოვლათის მომტანი არამხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე პიროვნებებისთვის, არამედ ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივ დონეზე, ამ დროს იქმნება კარგი შესაძლებლობები, რომ მეტად განვითარდეს და წინ წავიდეს საზოგადოება.

ეკონომიკური თავისუფლების სიავ-კარგე ჩვენს ეპოქაში ყველაზე ნათლად გამოაშკარავდა. ეკონომიკურმა თავისუფლებამ ადამიანებს მოუტანა მეტი შესაძლებლობა ეკონომიკური კეთილდღეობისკუთხით, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ასეთ პირობებში მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე არ უნდა ფიქრობდეს, არამედ ორიენტირდეს სახელმწიფოს ეკონომიკურ წინსვლაზეც. აქ მთავარი ისაა, რომ პიროვნებებს ეკონომიკური თავისუფლების დროს მეტად შეუძლიათ დოვლათის მიღება და ეფექტიანობაზე გასვლა, ვიდრე მაშინ, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერევა მათ ეკონომიკურ საქმიანობაში და განუსაზღვრავს ეკონომიკურ პროცესებს. ეკონომიკური თავისუფლების კარგი მაგალითია სამხრეთ კორეა, სადაც შექმნილია თავისუფალი ეკონომიკური გარემო ნებისმიერი პიროვნებისთვის. გარე აქტორის როლს ამ პროცესებში თამაშობს სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ მეტად თავისუფალი გახადოს ეკონომიკური გარემო. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეა ერთ-ერთი მდიდარი და განვითარებული ქვეყანაა. ამის საპირისპიროდ, სამხრეთ კორეისგან რადიკალურად განსხვავდება ჩრდილოეთ კორეა, სადაც კერძო საქმიანობა, კერძო საკუთრება აკრძალულია, სადაც არ არსებობს ეკონომიკური თავისუფლების იდეა, რაც თავისთავად აფერხებს მის წინსვლასა და განვითარებას ეკონომიკაში, აფერხებს დემოკრატიისადმი მიმღებლობას. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნაზეა ორინტირებული, აძლევს მოქალაქეებს იმის შანსს, რომ აწარმოონ პროდუქცია თავისი სურვილისამებრ, არ უწესებს შეზღუდვებს პროდუქციის რაოდენობასა და როგორობაში, ასეთი ქვეყანა უფრო განვითარებული და ძლიერია ეკონომიკურად.

ეკონომიკურ თავისუფლებას ჩვენ მივყავართ იმ შეხედულებამდე, რომ ადამიანის უფლებები, მისი შეხედულებების პატივისცემა და დაფასება მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ეს ტენდენცია ცალსახად მიანიშნებს, რომ სახელმწიფო მექანიზმი ორიენტირებულია პოლიტიკური თავისუფლების იდეაზე, რაც ჯანსაღი დემოკრატიზაციის მანიშნებელია.

ეკონომიკურ თავისუფლებასა და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის ურთიერთდამოკიდებულება ცალსახა და ნათელია. იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური თავისუფლებაა, აშკარად იკვეთება პოლიტიკური თავისუფლების ტენდენციაც. ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც არ ზღუდავს კერძო საქმიანობას, კერძო მეწარმეების ინიციატივებს, დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, ანუ თავისუფალი ეკონომიკა ინდივიდუალურ და სახელმწიფოებრივ დონეზეც მომგებიანია ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ პოლიტიკური თავისუფლების მისაღწევად პიროვნული თავისუფლება უნდა არსებობდეს, ასევე, სიტყვის, მედიის თავისუფლებას უნდა ექცეოდეს დიდი ყურადღება, ამ შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკურ თავისუფლებაზე შეგვეძლება საუბარი. საზოგადოების თავისუფლებას ავტომატურად მივყავართ პოლიტიკურ თავისუფლებამდე, ხოლო ეკონომიკური თავისუფლება, ამ ყველაფრის საწყისი და შეიძლება ითქვას, მამოძრავებელი ძალაა.

დასასრულს, შეჯამების სახით აუცილებლად მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს ტენდენცია, რომ ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის იმდენად მჭიდრო კორელაცია არსებობს, რომ ისინი დიქოტომიას წარმოადგენენ. ორივე მათგანს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის წინსვლაში, აღორძინებაში, განვითარებასა და დემოკრატიული კულტურის მშენებლობაში.




0
8
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი გოგოჭური
მარიამი გოგოჭური
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0