x
მოტივაცია, როგორც წარმატების ძირითადი წყარო

გაიხსენეთ რამდენჯერ ყოფილხართ ძლიერ მოტივირებული - ისე, რომ გგონიათ მთებსაც კი გადადგამთ, დევს დაამარცხებთ, ცეცხლის მსროლელ გველეშაპსაც აღუდგებით წინ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ გადის რამდენიმე დღე, კვირა, თვე და ხვდებით რომ თქვენი მოტივაცია და ის შემართება სადღაც გაქრა. თითქოს ნელ-ნელა დაიწრიტა და შემსუბუქდა. მიზნის მიღწევის სურვილი კი ისევ გაქვთ, მაგრამ ის შემართება განელდა, უწინდელთან შედარებით ახლა ფიქრობთ, რომ ვერც მთებს გადადგამთ და ვერც დევს ან გველეშაპს დაამარცხებთ. ამის შემდეგ კიდევ უფრო ინერტული და მოდუნებული ხდები, აღარ ცდილობ საკუთარი თავისგან მაქსიმუმის გაკეთებას და მიზანიც თანდათან უკან იხევს. ზოგჯერ უბრალოდ დროში იწელება, ზოგჯერ კი იმდენად უმოქმედობაში გადავეშვებით, რომ საერთოდ გვშორდება ის.

რაც არ უნდა იყოს და როგორი ძლიერი პიროვნებებიც არ უნდა ვიყოთ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც პერიოდი, როცა საკუთარ სიძლიერეში ეჭვი გვეპარება და შიშის მძიმე ლაქა უნებურად ჩნდება თვალებში, გონებაში კი ჩუმად გვეპარება შემდეგი კითხვები: გამომივა? ნეტავ შევძლებ? სწორად მივდივარ ამ მიზნისკენ? იქნებ სჯობს შევეგუო რეალობას?! მსგავსი მტანჯველი და ეჭვნარევი კითხვები გონებაში ერთმანეთს ეცილებიან.

სწორედ ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ საკუთარი თავის ფსიქოლოგები თავად ვართ, ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია თავად გავიმხნეოთ საკუთარი თავი, მოვუსმინოთ სამოტივაციო ვიდეოებს, ვესაუბროთ ჩვენს თავს გულწრფელად - სად, რომელ მომენტში დავუშვით შეცდომა, რისი გამოსწორება ძალგვიძს, რამ გამოიწვია მოტივაციის დაქვეითება და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ვიპოვოთ პასუხები.

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს, რომლებიც ჩემთვის საყვარელ სამოტივაციო ფრაზებს განეკუთვნება, როდესაც იგრძნობთ რომ თქვენი მოტივაცია შესუსტებას იწყებს, მაშინვე "შეავსეთ და დამუხტეთ" ის პოზიტივისკენ. ეს ფრაზები კი დაგეხმარებათ, რომ მუდამ აქტიური და მოქმედებისკენ მოწოდებული იყოთ.


ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს: ბალანსი რომ შეინარჩუნო საჭიროა განაგრძო მოძრაობა

ალბერტ აინშტაინი

სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას

არისტოტელე

უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძებე

გოეთე

ადამიანის ცხოვრება წიგნია გახადე შენი წიგნი ბესთსელერი

პაულო კოელიო

მუდამ შეუძლებელი გეჩვენება ვიდრე არ გააკეთებ

ნელსონ მანდელა

გააკეთე, რაც შეგიძლია იმით, რაც გაქვს და იქ, სადაც ხარ თეოდორ რუზველტი

თუ გარე ფაქტორები შენზე ზემოქმედებას ახდენენ, პრობლემა შენს აღქმაშია და არა მათში, შეგიძლია შეცვალო ხედვა

მარკუს აურელიუსი

წარმატება მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი

ბენ სვიტლანდი

ცხოვრებაში უამრავი ბარიერია და იმდენად დიდი, რამდენადაც დიდია მიზანი

ფრანც კაფკა

მუხაზე ასვლის ორი საშუალება არსებობს. პირველი შეუპოვრად დაიწყო მასზე ასვლა. მეორე დააჯდე რკოს და ელოდო როდის გაიზრდება

ზიგ ზიგლარი

ყოველდღიური მოტივაციის შესანარჩუნებლად კარგი იდეაა სამოტივაციო ფრაზების ჩვენს ოთახში გაკვრა, რომელიც ყოველ დღე შეგვახსენებს და მოგვიწოდეს მოქმედებისკენ

გახსოვდეთ, ოცნებები თავისით არ სრულდება, რაც უფრო მეტად დუნდები შენი მიზანიც უფრო მეტად იხევს უკან

იმოქმედე ახლა...

დათვალე შენი წარმატებები!


0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:თამო რობაქიძე
თამო რობაქიძე
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0