x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ოცნებას 76 მანდატი სჭირდება, დღეს 75 მანდატი უკვე აქვს, წინაა მეორე ტური
image


ხელისუფლების დასაკომპლექტებლად პოლიტიკურ სუბიექტს საკანონმდებლო ორგანოში სულ 76 დეპუტატი სჭირდება. პირველი ტურის შედეგებით კი ქართულ ოცნებას მხოლოდ 1 კაცი აკლია და 75 ადგილი უკვე აქვს გარანტირებული. მეორე ტურის გარეშეც, ამჟამინდელი მონაცემებით, ქართულ ოცნებას 61 მანდატი აქვს პარტიული სიით, 14 კი გამარჯვებული მაჟორიტარი ჰყავს. მეორე ტურში მხოლოდ ერთმა მაჟორიტარმაც რომ მოიგოს და დანარჩენ 15 ოლქში ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს, ქართული ოცნება ხელისუფლების და მინისტრთა კაბინეტის მესამე ვადით დაკომპლექტებას მაინც შეძლებს.


შევხედოთ, რას ითვალისწინებს მოქმედი ნორმები: ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ახალი მოწვევის პარლამენტში ამ დროისთვის 75 მანდატი აქვს, უმრავლესობის მოსაპოვებლად კი საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 76 წევრის შეყვანაა საჭირო.


75 მანდატიდან 61 პროპორციული სიით მოპოვებული მანდატებია, 14 კი მაჟორიტარული ოლქებიდან, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. შეგახსენებთ, საქართველოში სულ 30 მაჟორიტარული ოლქია. შესაბამისად, დანარჩენ 16 ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.



“ქართული ოცნება“, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით ხმების 48.15% მიიღო, ამ შედეგით, ჯამში პარლამენტში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს - ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შეთხვევაში, სავარაუდოდ, პროპორციული მანდატებიდან ერთი მანდატის მოკლება მოუწევს.


აქ ე.წ. “ჩამკეტი მექანიზმი“ მოქმედებს, რომლის მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს.


კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ეს ფორმულა კი იმას ნიშნავს, რომ თუკი არჩევნების საბოლოო შედეგით, “ქართული ოცნების“ 48.15% (61 პროპორციული მანდატი) არ შეიცვალა და ამავდროულად, სახელისუფლებო პარტიამ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, პარლამენტში 91-ის ნაცვლად, 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მანდატი მას პროპორციული საარჩევნო სიიდან ჩამოაკლდება.


რაც შეეხება ჩამოკლებულ მანდატს, მას სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს. ასეთი კი “ნაციონალური მოძრაობაა“.

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0