x
image
მანანა თურმანიძე
რატომ და როგორ განვთავისუფლდეთ ტოქსიკური ადამიანებისგან
image

დღეს უმეტესობისთვის ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ სტრესულია. უამრავი პირადული თუ პროფესიული პასუხისმგებლობა ხშირად ბოლო ძალებს გვაცლის. ამიტომ აუცილებელია სტრესების შემსუბუქება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას თუ კეთილდღეობას.


ალბათ შეგიძლიათ თქვათ, რომ საოცარი ხალხით ხართ გარშემორტყმული - მზრუნველი და მოსიყვარულე მსობლები, ოჯახი, ნათესავები, სამეგობრო წრე, ვისთანაც კარგად გრძნობთ თავს, ერთი სიტყვით ძალიან გამიმართლათ ურთიერთობებში. მიუხედავად ამისა, დიდი შანსია ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგხვედროდათ ადამიანი, რომელიც ტოქსიკური თვისებების მატარებელია. თუ არ შეხვედრიხართ, შესაძლოა მომავალში შეხვდეთ, ამისთვის მზად უნდა იყოთ. თითქმის ყველა ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ერთი ან რამოდენიმე ასეთი "პერსონაჟი". ტოქსიკური - რთული ტერმინია, მითუმეტეს, თუ მიდრეკილი ხართ ყველა ადამიანში მხოლოდ საუკეთესოს ხედავდეთ, მაგრამ რეალობა ზოგჯერ სცდება სამყაროს ჩვენეულ ხედვას და ადამიანების იდეალიზაცია შესაძლოა დიდი იმედგაცრუებით დასრულდეს.


სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, ვისაც შეუძლია მოგიწამლოთ სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხართ მათ მიმართ განწყობილი. ეს შესაძლოა სწორედ ის ადამიანი იყოს, ვინც ძალიან გიყვართ! ვისაც ურთიერთობა ჰქონია ნარცისთან ან სოციოპათთან, მიხვდება, თუ რას ნიშნავს ეს. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარი არ არის უბრალოდ რთულ ხალხზე, არც მხოლოდ უცნაური ან შემაწუხებელი ჩვევების მქონე ადამიანებზე. ეს არ არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ემოციურ პრობლემებს, მავნე ჩვევებს თუ სხვა ნაკლოვანებებს, გამოწვეულს ცუდი აღზრდით ან სხვა ფაქტორებით.


მაგრამ ხშირად ასეთი ადამიანები მანიპულატორები არიან. არადა, ძნელია სიყვარულის და მეგობრობის გრძნობების ფონზე მათი გამორჩევა. მანიპულატორები ნამდვილად კარგად ახერხებენ სხვების მიზანმიმართულ დაბნევას. ტოქსიკური ხალხი მანიპულირების ოსტატები არიან. ისინი შესაძლოა იყვნენ მომხიბვლელები და საყვარლები, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, შეუძლიათ გახდნენ სასტიკებიც. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ნაცნობებს სჯერათ, რომ ისინი „ბუზს არ ააფრენენ“, რადგან ასეთი ადამიანები საოცრად გარდაისახებიან გარეთ, სხვა ადამიანების გარემოცვაში.


ტოქსიკურ ადამიანებს ხშირად აქვთ პიროვნული აშლილობები, რომელთა დიაგნოზირება იშვიათად ხდება, რადგან ისინი არ აღიარებენ პრობლემას. სამწუხაროდ, ასეთები ხშირად ნადირობენ ადამიანებზე „კარგი გულით“. ისინი მსხვერპლად ირჩევენ მათ, ვინც მზად არის მეორე ან მესამე შანსი მისცეს, ვისაც სჯერა, რომ ყველა შეიძლება შეიცვალოს, თუკი სითბოთი და სიყვარულით იქნება გარემოცული.


სასტიკი ირონია იმაში მდგომარეობს, რომ კეთილგანწყობილებს გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ იმის გააზრებაში, რომ მათ იყენებენ ემოციურად, ფსიქოლოგიურად, შესაძლოა ფიზიკურადაც, ვიდრე გულცივ, გულქვა ადამიანებს. ძნელია სხვების ნაკლოვანებების დანახვა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველაში მხოლოდ კარგს ხედავს და აშკარა სიგნალებს ვერ შენიშნავს, მითუმეტეს, თუ ეს ტპქსოკური - ახლობელი ან/და ძვირფასი ადამიანია.


მაგრამ, იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრების დეტოქსიკაცია მოვახდინოთ, პირველ რიგში უნდა შევძლოთ ტოქსიკური თვისებების მქონე ადამიანების ამოცნობა, მათი დაფიქსირება. ქვემოთ ჩამოთვლილია ასეთი ადამიანების რამდენიმე ნიშანი. კარგად დააკვირდით და ამოიცანით, არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში ტოქსიკური ადამიანი:


  • ურთიერთობაში ისინი ითხოვენ და იღებენ ბევრად მეტს, ვიდრე გასცემენ.
  • ისინი ეგოისტები არიან და სხვებით ინტერესდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ რომელიმე ეგოისტურ მიზანს ემსახურება.
  • ისინი ყოველთვის მართლები არიან, თუნდაც არაფერზე საუბარში, არასოდეს გრძნობენ თავს დამნაშავედ და ყოველთვის არიან მსხვერპლის როლში.
  • საზოგადოებაში ისინი სხვაგვარად იქცევიან, ვიდრე მაშინ, როდესაც მარტო რჩებიან თქვენთან.
  • ისინი მყისიერად იცვლიან სახეს: საყვარელი ადამიანი მოულოდნელად გაბრაზდება ან ცივი ხდება, გაურკვეველი მიზეზის გამო.
  • ისინი ადამიანებს ერთმანეთს უპირისპირებენ, გადაამტერებენ და ცდილობენ სარგებელი ნახონ - „ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ“, ან შესაძლოა დაგარწმუნონ, რომ სხვას არავის უნდა ენდოთ.
  • ისინი რეგულარულად იტყუებიან ყოველ წვრილმანზე და არა მხოლოდ წვრილმანზე, თუმცა არასოდეს აღიარებენ ამას. მათ შეუძლიათ შეცდომაში შეიყვანონ ხალხი და მიზანმიმართულად დამალონ თავიანთი მინუსები.
  • მათ შეუძლიათ ყოველგვარი სისაძაგლე ილაპარაკონ ახლობელ ადამიანებზე, თუმცა, ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ მათი „იდეალური ურთიერთობების“ დემონსტრირების მოწმე გახდეთ.

და მაინც, როგორ უნდა ამოვიცნოთ ასეთი ადამიანები? ისინი ყველას ჰგვანან, ლაპარაკობენ როგორც ყველა და შეიძლება იმალებოდნენ თქვენს სამეგობრო წრეში, თქვენს ოჯახში ან რომანტიკულ ურთიერთობებში. ხშირად ისინი ეჭვიანი და შურიანი ადამიანები არიან, თუმცა, თქვენ ამის დაჯერება გიჭირთ. არა იმიტომ, რომ გულუბრყვილო იდიოტი ხართ, უბრალოდ გიჭირთ დაშვება იმის, რასაც თქვენ ვერასოდეს იკადრებდით!


გაითვალისწინეთ, „ტოქსიკური თვისებების მქონე ადამიანები არიან მანიპულატორები, გამოცდილი მატყუარები და დიდი მსახიობები, ისინი ყველგან იმალებიან", - ამბობს შენონ ტომასი, ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი, ავტორი, თერაპევტი.


ნენსი ირვინს, ფსიქოლოგიის დოქტორს, მალიბუს, კალიფორნიის სეზონური რეაბილიტაციის ცენტრიდან მიაჩნია, რომ ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს „ნებისმიერი, ვინც არის მოძალადე, არ გიწყობს ხელს ან ემოციურად არაჯანსაღია, ის, ვინც, ძირითადად, უფრო დაბლა გექაჩება, ვიდრე მაღლა გწევს“.


როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური თვისებები? ”საუკეთესო საზომი არის იმის დანახვა, თუ როგორ გრძნობთ თავს ამ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ - ჩვენი ფიზიკური და ემოციური რეაქციები ჩვენი საუკეთესო მაჩვენებლებია”, - ამბობს თომასი.


თომასის თქმით, ყურადღების გამახვილებას იმსახურებს სხვა ნიშნებიც, მაგალითად:

განსჯა: ადამიანი გამუდმებით განსჯის ყველას, მ.შ. თქვენც, როდესაც იქ არ ხართ, არა მხოლოდ სხვებს.

მუდმივად გასაჭირშია: ისინი უზარმაზარ დარტყმას აყენებენ თქვენს დროსა და ენერგიას.

უარმყოფელი: ისინი უარს ამბობენ პასუხისმგებლობის აღებაზე ან ბოდიშს იხდიან საქციელისთვის.


”ეს შეიძლება იყოს ის, ვინც იყენებს ნარკოტიკებს ან ზედმეტად სვამს, ტყუის ან გთხოვთ, რომ მათ გამო მოიტყუოთ, გაკონტროლებთ ან რეგულარულად აკნინებს თქვენს საქმეს”, - ამბობს ირვინი. ის ასევე ფიქრობს, რომ „ასეთ ადამიანებს ხშირად სტაბილურობა აკლიათ ცხოვრებაში და ეს შესაძლოა გამოიხატებოდეს მათ პერსონალურ თუ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, ფინანსურ, პროფესიულ ან ფიზიკურ მდგომარეობაში. ამდენად, მათ შეიძლება ძალიან გაუჭირდეთ საკუთარი ცხოვრების, გონების და ურთიერთობების კონტროლი, ამიტომ ისინი მავნე გზებით ცდილობენ ძალაუფლება მოიპოვონ ან გავლენა მოახდინონ სხვებზე, ცხადია უარყოფით ასპექტში. მშობლებსაც კი შეუძლიათ ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინონ თავიანთ შვილებზე და ასეთ შემთხვევაში კარგია მათგან დისტანცირება, თუკი მათთან სიახლოვე ზიანის მომტანია“


„ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ტოქსიკური თვისებები, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე და ჩვენ ხშირად ბრმები ვართ, ვიდრე ძალიან გვიან არ აღმოჩნდება", - ამბობს თომასი.


”ჩვენ მათ ბოდიშებს ვუხდით. ჩვენ ვიჯერებთ და ვიღებთ მათ ტყუილებს, რომლებითაც ისინი გვკვებავენ. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს და ჩვენს ღირებულებას“.


„თუ მათ აქვთ ტოქსიკური თვისებები, მათ შეიძლება სიამოვნება მიიღონ იმის წართმევით, რაც გვიყვარს, ან რაც ოდესღაც გვიყვარდა, როგორიცაა სამუშაო, მეგობრები, ჰობი და საკუთარი თავის სიყვარულიც კი.” ირვინი ეთანხმება და დასძენს, რომ მათ შეუძლიათ ქცევაში უცნაური ცვლილებების გამოწვევა.


”მათ შეუძლიათ თქვენში გამოიწვიონ საკუთარ თავში დაეჭვება ან გაგაკეთებინონ ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდით - შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი 'იყოთ მაგარი' ან მოერგოთ მათ, ან დაიმსახუროთ მათი მოწონება“. ისინი თქვენს თვითშეფასებას ოსტატურად აქვეითებენ, რითაც ქვეცნობიერად, ან სულაც ძალიან გაცნობიერებულად კმაყოფილდებიან. დოქტორი მაქსველ მოლცი, პლასტიკური ქირურგი, ავტორი წიგნისა „ფსიქოკიბერნეტიკა“ თვლიდა, რომ „დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს“.


ყველა შემთხვევა განსხვავებულია, მაგრამ ტოქსიკური თვისებების მქონე ადამიანებს შეუძლიათ მანიპულირებით უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ სხვების ცხოვრებაზე, რაც რაიმე მიზეზით მათ ინტერესებში შედის. ტოქსიკური თვისებების მქონე ადამიანები ქაოსს თესავენ, სადაც არ უნდა იყვნენ, მათი უარყოფითი ჩვევები კი შემდეგს მოიცავს:

  • სხვების გამოყენება
  • ტყუილი
  • ხელმრუდობა
  • სხვების კონტროლი
  • კრიტიკა
  • ბულინგი
  • მანიპულირება
  • დრამის შექმნა

ყველაზე ცუდი რამ მანიპულირების შესახებ არის ის, რომ ვერ ხვდები, რომ ეს შენს თავს ხდება, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება. ასეთ ადამიანები თქვენ გიყენებენ, ვიდრე სჭირდებით. თუმცა მომენტს არ გაუშვებენ, რომ რაიმე სახით არ დაგამცირონ, პირდაპირ ან ირიბად, თქვენი თანდასწრებით, ან თქვენს გარეშე. ისინი ცდილობენ თქვენი რენომე დააკნინონ, ამისთვის კი დროს და ენერგიას არ იშურებენ.


თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები გეცნობათ, მაშინ თქვენს გვერდით არის ასეთი ტოქსიკური ადამიანი:

  • თქვენ ყოველთვის გსურთ ამ ადამიანის შველა ან გამოსწორება.
  • პოულობთ მისი საქციელის გამართლებას.
  • მის გვერდით თავს დაცლილად გრძნობთ, ან კომუნიკაციის შემდგომ უარყოფითი ემოცია, უსიამოვნო „ნალექი“ გრჩებათ.
  • თქვენ არასოდეს იცით, რას მოიმოქმედებს ის და ყოველთვის სტრესში ხართ მის გვერდით.
  • ცდილობთ თავი აარიდოთ სიტუაციებს ან თემებს, რომლებმაც შესაძლოა გაანაწყენოს ის.
  • არაერთხელ გქონიათ განცდა, რომ ამ ადამიანს ვერ ცნობთ.
  • თავს დამნაშავედ გრძნობთ, თუ ის გაბრაზებულია, თუმცა ვერ იგებთ, რა დააშავეთ.
  • არასოდეს იცით სიმართლეს ამბობს თუ არა.
  • არ გამორიცხავთ, რომ თვენს ზურგკსუკან არ დაგინდობთ, როგორც ამას სხვების შემთხვევაში სჩადის.

თუკი ასეთი ადამიან(ებ)ი მოგეპოვებათ, იცოდეთ, რომ მათგან გაცილებით მეტ ნეგატიურს მიიღებთ, ვიდრე პოზიტიურს. ამიტომ დროულად უნდა განთავისუფლდეთ მათი გარემოცვიდან, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს თქვენთვის. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს ხშირად ახლობელი და ძვირფასი ადამიანები არიან, ამიტომ ეს შეუძლებლადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს.


გარემოში ტოქსინების მსგავსად, ტოქსიკურმა ადამიანებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მოგაყენონ. ბევრი ტოქსინისგან განსხვავებით, არ არსებობს რაიმე სახის ”გაფრთხილება”, რომელიც გვამცნობს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც ასეთ ადამიანებს მოაქვთ. ამრიგად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ჩვენს განსჯას, ინსტინქტებსა და ინტუიციას ტოქსიკური ადამიანებისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გასაწევად.


მოდით დავუბრუნდეთ მაქსველ მოლცს, რომელიც თვლიდა, რომ არც ისე იოლია ტვინს რეაქციის მოდელი შეაცვლევინო. ადამიანის ტვინს მართავენ ჰორმონები. ისინი სხვადასხვა ხანგრძლივობის გავლენას ახდენენ ჩვენს ქცევასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ეს ჰორმონებია:

  • დოფამინი
  • ოქსიტოცინი
  • სეროტონინი
  • ენდორფინი
  • კორტიზოლი

ტვინი ის კუნთია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს. უნდა ითქვას, რომ ის სიფრთხილით ეკიდება ყოველგვარ ცვლილებებას, რადგან მას, როგორც საფრთხეს, ისე აღიქვამს. რადგან ჰორმონები მართავენ ჩვენს ტვინს, აქედან გამომდინარე ისინი განსაზღვრავენ ჩვენს ქცევას და მიღებულ გადაწყვეტილებებსაც. რა მოვლენები იწვევენ ამა თუ იმ ჰორმონის გამომუშავებას და როგორია მათი ზემოქმედების ხანგრძლივობა?


  • დოპამინის ტრიგერია – როცა ველით რაღაც უცნობს ან სასიამოვნოს, პოზიტიურს. მოქმედების ხანგრძლივობა – 2 წუთი.
  • ოქსიტოცინის ტრიგერი– დაცულობა, ერთობა, სიყვარული, ბავშვის დაბადება. მოქმედების ხანგრძლივობა – 6 წუთი.
  • სეროტონინის ტრიგერი– გამარჯვება, წარმატება, წინსვლა. ზემოქმედების დრო – 24 საათი.
  • ენდორფინის ტრიგერი – 4 საათის განმავლობაში გრძელდება სიამოვნება იმის გამო, რომ არსებობ. მაგალითად გტკიოდა და მერე ტკივილმა გაგიარა, გულიანი სიცილი, ფიზიკური სიამოვნება, მაგალითად, მასაჟი, ხმამაღალი მუსიკა, რითმი, სასიამოვნო მოგონება.
  • კორტიზოლის ტრიგერი– დედისა და შვილის განშორება, მეუღლის ღალატი, სოციალური სტატუსის დაკარგვა სამსახურიდან დათხოვნის გამო, სოციალური იზოლაცია, როდესაც მოგატყუეს, გადატანილი დანაკარგის, ზიანის შეგრძნება, შიში. რამდენ ხანს გრძელდება ამ ჰორმონის ზემოქმედება? 3 წელიწადი!

როგორც ირკვევა, შინაგან ხმას, რომელიც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ჰორმონები ჰქვია. მოლცი თვლიდა, რომ „მინიმუმ 21 დღე სჭირდება, იმას, რომ ძველი მენტალური სურათი ანულირდეს და ახალი უნარის ჩამოყალიბება დაიწყოს.“ ტვინი სწავლობს კარგსაც და ცუდსაც. ამიტომ, 21 დღე თუ შეძლებ გადალახო შინაგანი წინააღმდეგობა, მაშინ ახალ ჩვევას გამოიმუშავებ და ეს დიდი წარმატებაა.


ყველა ადამიანი რაღაცით უნიკალურია, არავის ჰგავს და რაიმე ნიშნით სხვაზე უმჯობესია. აღიარეთ საკუთარ თვალში საკუთარი თავი, ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების და ღირსებების, წაახალისეთ თავი და საკუთარ, ქვეცნობიერ კრიტიკოსს, ისევე როგორც ტოქსიკურ ადამიანებს, დაუწესეთ ბარიერები, არ მოუშვათ თქვენამდე. არასოდეს შეეცადოთ გახდეთ ვინმე სხვა, იყავით საკუთარი თავით კმაყოფილი. შეიყვარეთ თავი, იზრუნეთ მასზე და ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ.


„სხვად ქცევის სურვილი იმ ადამიანის ფლანგვაა, რომელიც ხართ“ – ამბობდა მერილინ მონრო. ნუ გახდებით მანიპულაციების მსხვერპლი, გათავისუფლდით ტოქსიკური ადამიანებისგან და მათგან გამოწვეული დაბალი თვითშეფასებისა თუ სხვა ზიანისაგან. თქვენ ამის ძალა შეგწევთ.


0
47
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0