x
პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები
პირველი მსოფლიო ომი ერთ - ერთი მასშტაბური კონფლიქტი იყო მსოფლიოს ისტორიაში. ომის შედეგად არაერთი იმპერია დაიშალა ( ოსმალეთი, რუსეთი, ავსტრია - უნგრეთი, გერმანია ). მსხვერპლიც საკმაოდ დიდი იყო. ომს პარიზში სამშვიდობო კონფერენციაც მოჰყვა, რომელიც თავისი შინაარსით ნაკლებად თუ იყო მშვიდობის დამამყარებელი, რადგან მან ახალი ომისთვის შეამზადა საფუძველი - გერმანიას ღირსება არ შეარჩინეს, რითიც ნაციონალიზმის საკმაოდ მწვავე ფორმა წარმოშვეს ნაციზმის სახით.

ომის ამ შედეგების გათვალისწინებით საინტერესოა, თუ რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბის ომი. ამ საკითხზე არაერთი მოსაზრება არსებობს, თუმცა ამ მოსაზრებებში შემდეგი აზრი მკაფიოდ წარმოჩინდება :

XIX საუკუნის მიწურულს ძალთა ბალანსმა ატლანტის ოკეანიდან ცენტრალურ ევროპაში გადაინაცვლა გერმანიის სასარგებლოდ. როგორც წესი, ძალთა ბალანსის ცვლილება გარკვეულ შოკებს იწვევს. ასეთი შოკი ბრიტანეთისთვის 90 - იანი წლების მიწურულს გერმანელების მიერ სამხედრო -საზღვაო ფლოტის მშენებლობის დაწყება იყო. ამ აქტმა, ერთი მხრივ, გერმანიის გაძლიერებას გაუსვა ხაზი, მეორე მხრივ, კი მის სურვილს, ხელში ეგდო კოლონიები. ეს უკანასკნელი გზა კი ბრიტანეთის წინააღმდეგ დაპირისპირებას გულისხმობდა, რადგან ბრიტანეთი თავისი ფლოტის წყალობით მთელ მსოფლიოში აკონტროლებდა ტერიტორიებს. ამას ერთვოდა ინდუსტრიული დაწინაურება, რომელიც ინგლისში დაიწყო, თუმცა გერმანიაში იმდენად მალე დაწინაურდა, რომ ერთიანი გერმანიის შექმნიდან 20 წელიწადში გერმანელი სამხედრო ლიდერები ბლიცკრიგზეც ( ელვისებურ ომზე ) კი ფიქრობდნენ.

ამ ფონზე ევროპაში ალიანსების ახალი სისტემის შექმნა იწყება გერმანიის წინააღმდეგ. გერმანიის პოტენციურ მოწინააღმდეგეებს ბრიტანეთთან ერთად საფრანგეთი და რუსეთი წარმოადგენდნენ. ამის საილუსტრაციოდ კმარა 1870 – 1871 წლების ფრანკო - პრუსიული ომი და კაიზერ ვილჰელმ II - ის დაახლოება ავსტრია - უნგრეთთან. საფრანგეთის მიერ შექმნილმა ალიანსების ახალმა სისტემამ ევროპა გარდაუვალი ომის წინაშე დააყენა, რადგან გერმანელების მხრიდან ერთი გადაცდომა კმაროდა, რომ გერმანიის წინააღმდეგ ომში სამივე სახელმწიფო ( საფრანგეთი - რუსეთი - ბრიტანეთი ) ჩაბმულიყო. ეს გამოწვეული იყო ამ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებით - 1894, 1904, 1907. ანალოგიური ხელშეკრულებები არსებობდა გერმანიასა და მის მოკავშირეებს შორის. ასეთ რთულ ქსელში ერთი ძაფის გაწყვეტა საკმარისი იყო - ეს ძაფი კი სარაევოში გაწყდა.


ზემოთ ხსენებული ბლიცკრიგი, ანუ ელვისებური ომი წარმოადგენდა იდეას, რომელიც შეტევის კულტს ეფუძნებოდა. ეს არის შეხედულება, რომლის თანახმადაც წარმატების გასაღები სამხედრო ძალის სწრაფი მობილიზება და სწრაფი თავდასხმაა. ეს გეგმა გერმანიაში შლიფენის წყალობით რეალიზდა, თუმცა ეს რეალიზება წარმატებული ვერ გამოდგა - გერმანიას მაინც მოუწია ორ ფრონტზე ბრძოლა.

ამდენად, ომის დაწყების არაერთი მიზეზი ასებობდა. მათი მოკლედ ფორმულირება ასე შეგვიძლია : იმპერიალისტური სწრაფვები, საფრანგეთის მიერ წამოწყებული ალიანსების საკმაოდ რთული სისტემა, ინდუსტრიალიზაციის სწრაფი გავრცელება გერმანიაში, რამაც შეტევის კულტის იდეაც გააჩინა და ა.შ. და ა.შ.

0
197
შეფასება არ არის
ავტორი:გიო რაფავა
გიო რაფავა
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0