კახეთი დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალი საგამოფენო დარბაზები გაიხსნა 2020, 2 ოქტომბერი, 20:58 ევროპის დღეების ფარგლებში დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი საგამოფენო დარბაზები გაიხსნა. ცერემონია მუზეუმის 45 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. დამატებითი საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია ევროკავშირისა და დედოფლისწყაროს მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა და მასზე 30 ათასი ლარი დაიხარჯა. დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა ცერემონიაზე ღვაწლმოსილი თანამშრომელი ლალი ბასილაშვილი მადლობის სიგელით დააჯილდოვა, რომელიც მუზეუმში დაარსების დღიდან მუშაობს. დედოფლისწყაროს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მას სამახსოვრო საჩუქარიც გადაეცა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1975 წლის ოქტომბერში გაიხსნა, იმხანად 900 ექსპონატი იყო დაცული, დღეს კი მათმა რიცხვმა 12 000-სს გადააჭარბა. ფართის სიმცირის გამო მნიშვნელოვანი არტეფაქტების სრულად გამოფენა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ საგამოფენო სივრცეს კიდევ ორი დარბაზი შეემატა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზები ევროკავშირის ENPARD-2 - სოფლის განვითარების პროგრამით, HEKS-EPER-ის პროექტის “სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო. ეს იყო სოციალური პროექტი, რომელიც მხარდაჭერილ იქნა ამავე პროგრამის ფარგლებში შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ. დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა და მუზეუმის ხელმძღვანელმა ლალი გურასპაულმა, მათი საგრანტო განაცხადის მხარდაჭერისთვის და დაფინანსებისთვის, მადლობა გადაუხადეს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს და დედოფლსწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მალხაზ მერაბიშვილმა ევროკავშირის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებს HEKS-EPER-სა და ELKANA-ს 4 წლიანი ღვაწლისთვის და რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პრეზიდენტმა და მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ანა ბენაშვილმა მუზეუმის თანამშრომლებს 45 წლის იუბილე მიულოცა და მოკლედ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, ლიდერ მიდგომის მეთოდოლოგიის უპირეტესობაზე, რაც სექტორთაშორისი თანამშრომლობით და მოქალაქეთა ჩართულობით, ქვემოდან ზემოთ გადაწყველილების მიღებას გულისხმობს. 3 წლის განმავლობაში დედოფლისწყაროში ხალხი თვითონ წყვეტდა, რომელი პრიორიტეტული მიმართულებისთვის დაეჭირა მხარი და ვინ დაეფინანსებინა. ამ პროგრამით დედოფლისწყაროში 110 სოციალური და ბიზნეს პროექტი დაფინანსდა, შეიქმნა ახალი საწარმოები და სერვისები, გადამზადდნენ და დასაქმდნენ ადამიანები. 14 შეფასება არ არის
|