გავრცელებული ინფორმაციის თახამად, ინფიცირებულმა ქალბატონმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვირუსის არ სჯეროდა, სანამ რეალური ფაქტის წინაშე არ დადგა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტი ქუთაისში, სამედიცინო დაწესებულება „ბომონდში“ მკურნალობდა. გიორგიძის განცხადებით, პაციენტი ქუთაისში ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
„გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა კლინიკა „ბომონდში“. ეს პაციენტი გადმოყვანილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან. პაციენტი, როდესაც გადმოიყვანეს უკვე ძალიან მძიმედ იყო. საჭიროებდა მართვით სუნთქვას. მაქსიმალური გავაკეთეთ, რაც პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, შეიძლებოდა გაკეთებულიყო სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, - განაცხადა გოჩა გიორგიძემ „რუსთვი 2“-თან საუბრისას.
ისევ მაღალია ვირუსის გამოვლენის ყოველდღიური მაჩვენებელი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემტხვევა დაფიქსირდა. ამიტომ, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ტესტის აღება უფასოდ შეუძლიათ.
დღეიდან თბილისში საველე კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ შეეძლებათ. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, ტესტის ჩატარება ნებაყოფლობითი იქნება.
კონკრეტული ლოკაციების, სადაც საველე კარვები განთავსდება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის საველე კარვები ამ დროისთვის აჭარის რეგიონში კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთშია. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ტესტის აღება უფასოდ შეუძლიათ.
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღემდე ინფიცირების 3695 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გარადაიცალა 20, ხოლო გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი.