სხვა ცნობილი ფოტოები 2012, 19 აგვისტო, 17:44
შემოგთავაზებთ რამოდენიმე სურათს რომლებმაც დიდი ყურადღება მიიბყრეს
დროშის აღმართვა ივო ჯიმაზე. ფოტო გადაღებულია მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში, 1945 წლის 23 თებერვალს ჯო როზენტალის მიერ. ამ დროს ივო ჯიმას კუნძულზე ერთმანეთს ეომებოდა აშშ და იაპონია. ამერიკელი სამხედროები ეროვნულ დროშას მართავენ სურიბაჩის მთაზე. ფოტოზე აღბეჭდილი 6 ჯარისკაციდან სამი შეტაკებისას დაიღუპა. ფოტო ძალიან პოპულარული გახდა და ათასობით პუბლიკაცია მოიარა. იაპონიაზე გამარჯვების დღე თაიმზ სქვერში. ფოტო გადაღებულია ალფრედ აიზენშტატის მიერ ნიუ-იორკის თაიმზ სქვერში 1945 წლის 14 აგვისტოს, როცა ოფიციალურად გამოცხადდა მეორე მსოფლიო ომის დასასრული. შემდგომში ამ ფოტომ ჟურნალ “ლაიფის” (LIFE) გარეკანი დაამშვენა. მეზღვაურისა და ექთანის ვინაობა საიდუმლოდ დარჩა, თუმცა სხვადასხვა დროს რამდენიმე ვარიანტი წამოჭრილა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, სურათზე რომანტიკული კოცნაა, სინამდვილეში ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის უცნობები იყვნენ. ფოტოგრაფის თქმით, მეზღვაური იმ არეალში ყველა ქალს კოცნიდა. განდი სართავ ჯარასთან. ეს ფოტო განდის მკვლელობიდან რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული. განდი ზის სართავ ჯარასთან, რომელსაც იყენებდა თავისთვის ტანსაცმლის მოსაქსოვად. ჟურნალ “ლაიფის” (LIFE) პირველი ქალი ფოტოგრაფი – მარგარეტ ბორკ უაითი – 1946 წელს ჩავიდა ინდოეთში სიტუაციის შესაფასებლად. მარგარეტს განდისთვის სურათის გადაღების უფლება არ მისცეს, სანამ ერთი უცნაური სურვილი არ აუსრულა მის მდივნებს – თავად ისწავლა ჯარას ხმარება. 1948 წელს ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ მესამედ მოახერხა ფოტოაპარატისთვის იმპულსური ნათების დარეგულირება და ფოტოც მზად იყო. აინშტაინის დაბადების დღე. ფოტო გადაღებულია 1951 წლის 14 მარტს, ალბერტ აინშტაინის 72-ე დაბადების დღეზე. ფოტოგრაფმა არტურ სასმა გააფრთხილა მეცნიერი, რომ გაღიმებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკვე ბევრჯერ გაეკეთებინა, გენიოსმა გადაწყვიტა, გახუმრებოდა და ენა გამოუყო. მალევე ეს ფოტო იქცა აინშტაინის ყველაზე პოპულარულ ფოტოდ. 2009 წლის 19 ივნისს სურათი აუქციონზე $74, 324-ად გაიყიდა. გმირი პარტიზანი. მარქსისტი რევოლუციონერის, ჩე გევარას ცნობილი ფოტო, რომელზეც შავ ბერეტას ატარებს და სახეზე საბრძოლო განწყობა ეტყობა. გადაღებულია 1960 წლის 5 მარტს კუბას დედაქალაქ ჰავანაში ალბერტო კორდას მიერ. კორდას თქმით, გადაღებისას ქარიზმატულ და მებრძოლ ლიდერს მხოლოდ ერთი რამ ეწერა სახეზე: ” არანაირი უკან დახევა!” რასაც თან ახლდა სიბრაზე და ტკივილი. ამ მომენტში ჩე 31 წლის იყო. აალებული ბერი. ვიეტნამში ბუდისტმა ბერმა თავი დაიწვა, რაც საპროტესტო პასუხი იყო სახელმწიფოს მხრიდან ბუდისტების დევნაზე. ინციდენტი მოხდა 1963 წლის 11 ივნისს. ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ვიეტნამის მმართველობა ყურადღების ცენტრში მოექცა. გარდაცვალების შემდეგ ბერის სხეულს კრემაცია გაუკეთეს, გული კი ხელუხლებლად დატოვეს. ეს იყო თანაგრძნობის გამოხატულება და მოგვიანებით ბუდისტებმა მას ბოდჰისატვას ტიტული არგუნეს. ბერის სახელი იყო ტიჩ ქვან დუკი. გენერალი ნგუიენ ნგოკ ლოანი სიკვდილით სჯის ვიეტკონგის ოფიცერს. გადაღებულია ვიეტნამის ომის დროს, 1968 წლის 1-ლ თებერვალს ედი ადამსის მიერ. ჯალათი გახლავთ პოლიციის ხელმძღვანელი, სიკვდილისმისჯილი კი ვიეტკონგის ორგანიზაციის წევრი, რომელმაც, ბრალდების მიხედვით, იმ დილას ოფიცრები და მათი ოჯახის წევრები დახოცა. ადამსის თქმით (1998 წ. ჟურნალი “TIME”), გენერალმა მოკლა ოფიცერი, ფოტოგრაფმა კი გენერალი, რადგან ფოტოს გავრცელების შემდეგ გენერალი ყველას შესძულდა. ფოტო სწრაფად გახდა პოპულარული და ომის არაჰუმანურობის სიმბოლოდ იქცა, ამერიკას კი ჩამოხსნა განმათავისუფლებლის ნიღაბი. შავი ძალის სალუტი. ფოტო გადაღებულია 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეხიკოში ჯონ დომინისის მიერ. ოქროს მედალის მფლობელი ტომი სმიტი (შუაში) და ბრინჯაოს მედალოსანი ჯონ კარლოსი (მარჯვნივ) კვარცხლბეკზე დგომისას მუშტს მაღლა სწევენ, რითაც გამოხატავენ ადამიანის უფლებათა შელახვის მიმართ პროტესტს. მოგვიანებით ათლეტები ოლიმპიური თამაშებიდან გარიცხეს პოლიტიკური ჟესტის გაკეთების გამო. ექსპერტთა უმრავლესობის მიერ ეს მოვლენა შეირაცხა ისტორიულად, თავად ჟესტი კი გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ღია პოლიტიკურ მიმართვად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის აზრით, ეს “შავი ძალაუფლების” გამოხატულება იყო, სინამდვილეში სპორტსმენებმა სწორედ თანაბარუფლებიანობას დაუჭირეს მხარი. ნაპალმით შეტევა ტრანგ ბანგზე. 1972 წლის 8 ივნისს ნიკ უტის გადაღებულ ფოტოზე 9 წლის კიმ ფუკი გარბის, როცა სამხრეთ ვიეტნამზე ნაპალმით მიდის შეტევა. გადაღების მომენტში კიმი შიშველია და ზურგზე სერიოზული დამწვრობა აქვს მიღებული. გოგონა ამჟამად კანადაში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელიც ომის ახალგაზრდა მსხვერპლებს ეხმარება. ცეცხლმოკიდებული ბინიდან გადმოხტომა. 19 წლის გოგონა დიანა ბრაიანტი და მისი 2 წლის ნათლული მეხუთე სართულიდან ხტებიან, რათა ხანძარს თავი აარიდონ. ბავშვი გადარჩა, დიანა – სამწუხაროდ ვერა. გადაღებულია ბოსტონში, 1975 წლის ივლისში სტენლი ფორმანის მიერ. ფოტომ აიძულა ბოსტონის თანამდებობის პირები, გადაეხედათ და ხელახლა დაეწერათ სახანძრო უსაფრთხოების წესები. ომაირა სანჩესი. 13 წლის კოლუმბიელი გოგონა, რომელიც დაიღუპა 1985 წელს. ფოტო გადაღებულია სიკვდილამდე 5 წუთით ადრე ფრანკ ფურნიეს მიერ. არმეროს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ომაირა სამი დღე ნანგრევების მახეში იყო მოქცეული. გოგონამ მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მუშებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მის გადარჩენას ვერ ახერხებდნენ. ომაირა რამდენიმე ვირუსით დაინფიცირდა, დაემართა განგრენა და ჰიპოთერმია. 60 საათიანი ტანჯვის შემდეგ მოზარდი გარდაიცვალა, მანამდე კი კამერებს უღიმოდა და შიგადაშიგ ჟესტებს აკეთებდა. ფოტოს გამო დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ კოლუმბიის მთავრობას, რომ ამოფრქვევამდე გამაფრთხილებელ ნიშნებს არ მიაქცია ყურადღება და უსაფრთხოების ზომები არ მიიღო. გოგონა და სვავი სუდანის შიმშილობის დროს. ფოტო გადაიღო კევინ კარტერმა 1993 წელს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ დროს გოგონას მშობლები გაეროს თვითმფრინავით ჩამოტანილ საკვებს იღებდნენ, კევინი კი თვითმფრინავის მგზავრი იყო. თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. ფოტო 1993 წლის 26 მაისს დაიბეჭდა “New York Times”-ის ნომერში. უამრავი ადამიანი რეკავდა და გოგონას ბედით ინტერესდებოდა, რაც სამწუხაროდ არავინ იცოდა. პრესამ კარტერის საქციელი ასე შეაფასა: “ადამიანი, რომელმაც ლინზა გაასწორა, რათა გოგონას ტანჯვა კარგად აღებეჭდა, სცენაზე გამოსული მეორე სვავია.” მომდევნო წელს, რამდენიმე თვის შემდეგ, ფოტომ პულიცერის პრემია აიღო, 33 წლის ფოტოგრაფმა კი სინდისის ქენჯნას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. მეხანძრე და ბავშვი ოკლაჰომას დაბომბვის შემდეგ. ჩარლზ პორტერის ფოტო – მეხანძრე კრის ფილდსი 1 წლის ბეილი ალმონთან ერთად (რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა) – იქცა ოკლაჰომას დაბომბვის მოვლენის სიმბოლოდ. მოიპოვა პულიცერის პრემიაც. მეხანძრეს უხეში ხელთათმანები აქვს გახდილი, რომ ბავშვის გადარჩენით გამოწვეული სიხარული უკეთ შეიგრძნოს. 1995 წლის ოკლაჰომას დაბომბვა 9/11-ის შემთხვევამდე ყველაზე ძლიერი ტერორისტული თავდასხმა იყო აშშ-ზე ბავშვი ეჭიდება ექიმის ხელს. მაიკლ კლენსის 1999 წლის ფოტოზე 21 კვირის ნაყოფი დედის საშვილოსნოდან ხელს ყოფს და ეჭიდება ექიმ ჯოზეფ ბრიუნერს ორსულობამდელი ოპერაციის დროს. ბრუნერის მიხედვით, ბავშვი ამ დროს ანესთეზირებული იყო. ოპერაცია მოიცავდა საშვილოსნოს დროებით გახსნას, სითხის გამოდენას, ნაყოფზე ქირურგიულ ჩარევას და შემდეგ მის უკან დაბრუნებას. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მოგვიანებით ბავშვი სავსებით ჯანმრთელი დაიბადა და ქვეყნიერებას სამუელ არმასის სახელით მოევლინა. 219 1-ს მოსწონს
|