x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ

image

მემკვიდრის დაბადება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მშობლებში, ახლო ნათესავებში და მეგობრებში. სხვა საქმეა, როდესაც ტახტის მემკვიდრე იბადება. აი აქ, მშობიარობით დაინტერესებული ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე რიგით ოჯახში. მაგალითად, 1778 წელს, როცა ვერსალში ხმა გავარდა, რომ საფრანგეთის დედოფალს, მარია ანტუანეტას მუცელი ასტკივდა, ოთახში სადაც მელოგინე იწვა, არც მეტი, არც ნაკლები, 200 კაცი შეიკრიბა: იდგნენ სკამებზე, ისხდნენ კარადების თავზე, ოღონდ ყველა წვრილმანი დაენახათ. ამბობენ, დედოფალს გულიც კი წაუვიდა, არა ტკივილებისგან, არამედ უჰაერობისგან.

image

ვერავინ გაუშვეს ოთახიდან, თითოეულს სურდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ჯერ ერთი, დაიბადა ბიჭი და არა გოგო, მეორე, რომ მას არ შეცვლიან, "თვალს არ კრავენ", არ მოკლავენ და არ მოიტაცებენ... მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველ მათგანმა მოძებნა საბაბი, რათა დასწრებოდა მშობიარობას, მით უმეტეს დადიოდა ჭორები მარია ანტუანეტას მეუღლის, მეფე ლუდოვიკო მე-16-ის მამაკაცური უძლურობის შესახებ, და მთელი სასახლე მკითხაობდა–ვინ არის ის ბედნიერი მამა?

ოთხ კედელს შუა

ოთახი, სადაც ფეხმძიმე ქალბატონი იმყოფებოდა, ბოლო თვის განმავლობაში დაკეტილი იყო: იქ ვერ აწევდა, ვერც სუფთა ჰაერი, ვერც მზის სხივი. ქალი იძულებული იყო წოლილიყო დახუთულ ოთახში, სადაც ფანჯრებზე სქელი, მძიმე ფარდები იყო ჩამოფარებული და დახურული იყო დარაბები. ოთახს მხოლოდ სანთლები ანათებდა. კედლებს გობელენებით რთავდნენ, რომელიც მხოლოდ რელიგიური სიუჟეტებით უნდა ყოფილიყო, იატაკი კი ახლად დაკრეფილი ბალახით იყო მოფენილი, რომელსაც ყოველდღე ცვლიდნენ. მომავალი დედის მონახულება სასტიკად აკრძალული იყო. ლაპარაკი მხოლოდ ჩურჩულით შეიძლებოდა. მთელი დღე-ღამის განმავლობაში გალობდნენ და ლოცვებს კითხულობდნენ, რომლებიც ახლობლების აზრით ტანჯვას უმსუბუქებდა მელოგინეს.

image

რუსეთის დედოფლები მთელი ცხრა თვის განმავლობაში დღეში ორჯერ ეკლესიაში მიდიოდნენ, რეგულარულად დადიოდნენ წმინდა ადგილებში, ყოველთვის ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას.

რაღაც ისე არ არის...

როგორც ვიცით, წარსულში ბოლო მომენტამდე წინასწარ არავინ იცოდა გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი. ყველა დარწმუნებული იყო რომ ნაყოფის სქესის შეცვლა ორსულობის პერიოდის განმავლობაში შეიძლებოდა ან მშობიარობამდე ბოლო საათის განმავლობაშიც კი. ამისთვის საკმაოდ უცნაური რეკომენდაციების მთელი ნუსხა არსებობდა, დაწყებული ჩასახვის დროს ქალის "განსაკუთრებული" პოზით, დამთავრებული ქალის პოზით, ახლა უკვე მშობიარობის დროს.

imageმე-18 საუკუნის სამშობიარო სკამი

სადღაც ხუთ თვემდე ქალებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რომ ფეხმძიმედაა. მხოლოდ მაშინ როცა ბავშვი აშკარად მოძრაობას იწყებდა, ქალბატონს ეჭვი უჩნდებოდა, რომ მის ორგანიზმში "რაღაც ისე ვერ არის" და მაშინვე ანდერძის დასაწერად გარბოდა, რადგან მშობიარობის დროს ძალიან მაღალი იყო დედების სიკვდილიანობა. ფეხმძიმობის მთელი პერიოდი საიდუმლოებით იყო მოცული–არავითარი კონსულტაციები, არავითარი რეკომენდაციები და რა თქმა უნდა არავითარი წამლები.

ეს მტკივნეულია!

ოფიციალურად ითვლებოდა, რომ ტკივილები, რომელსაც ქალი მშობიარობის დროს განიცდის, ღვთის სასჯელია ადამ და ევას ცოდვების გამო, ამიტომ ნებისმიერი გაუტკივარება ღმერთის ნების წინააღმდეგ წასვლა იყო.

დედოფალი ვიქტორიაც (მე-19 საუკუნე, ინგლისი) ასე თვლიდა თავის პირველ მშობიარობის მომენტამდე, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რა ელოდებოდა, მაშინვე თავისი მკურნალი გამოიძახა და მოსთხოვა, ნებისმიერი მეთოდით შეემსუბუქებინა მისთვის მოსალოდნელი ტანჯვა.

imageდედოფალი ვიქტორია

მკურნალმა ქლოროფორმი შესთავაზა, და ეს დედოფალს ისე მოეწონა, რომ შემდეგში კიდევ რვა შვილი გააჩინა და ნება დართო თავის ახლობლებს, მათაც გამოეყენებინათ ტკივილგამაყუჩებელი.

imageდიდგვაროვანი ქალბატონები სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებლებს მოიხმარდნენ, დაწყებული ქლოროფორმიდან კოკაინით დამთავრებული

"უწმინდურობისგან განწმენდა"

შუასაუკუნეებში მედიცინა რა თქმა უნდა არ იდგა განვითარების უმაღლეს საფეხურზე. "ბებიაქალები", რომლებიც დედოფლების მშობიარობას იღებდნენ, ასევე მონაწილეობდნენ უბრალო გლეხის ქალების მშობიარობაშიც. რისი გაკეთებაც ამ ბებიაქალს შეეძლო, ეს იყო "დაეცვა" ბავშვი გარეშე ბოროტი ძალებისგან. გასაგებია, რომ ასეთ პირობებში ბავშვთა სიკვდილიანობა ძალიან მაღალი იყო, მიუხედავად იმისა, მშობიარობა ქოხში მიმდინარეობდა თუ სასახლეში. მაგალითისთვის, პეტრე პირველისა და ეკატერინე ალექსეევნას თორმეტი შვილიდან მოზარდობის ასაკს მხოლოდ ორმა მიაღწია.

ბავშვები ადრეულ ასაკში უფრო ხშირად ჩუტყვავილისგან იხოცებოდნენ. პირველი, ვინც ჩუტყვავილისგან აცრა შემოიღო, ეს რუსეთის იმპერატორი, ეკატერინე მეორე იყო, რომელმაც პირველმა თვითონ გაიკეთა და ასევე თავის შვილს გაუკეთა აცრა.

დაუბრუნდეთ ისევ შუასაუკუნეებს. ახალდაბადებულებს გადასცემდნენ ძიძებს და მომვლელებს, დედოფალი კი თვეზე მეტ ხანს არ უნდა გამოჩენილიყო ხალხში–ძალები უნდა აღედგინა და თავი მოეწესრიგებინა. ბავშვს ნათლავდნენ, დედა კი ნათლობას ვერ ესწრებოდა–მშობიარობის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში მას ეკლესიის მსახური "განწმენდის" რიტუალს უტარებდა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა დედოფალი კვლავ სრულყოფილი მმართველი.

image

0
905
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
905
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0