ნარკოლოგია ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები... 2020, 29 აგვისტო, 9:37 თუ შოუბიზნესის წარმომადგენლებისგან ნაკლებად ველოდებით მავნე ჩვევებისგან თავის შეკავებას, პოლიტიკოსებთან საქმე სხვაგვარადაა. ბევრი ჩვენგანი მზადაა აპატიოს ეროვნულ ლიდერს ალკოჰოლის მოხმარება ან სიგარეტის მოწევა, მაგრამ გვაშინებს იმის წარმოდგენაც კი, თუ რა შეიძლება ჩაიდინოს ძლევამოსილმა პოლიტიკოსმა, რომელიც ნარკოტიკდამოკიდებულია. და მაინც ბევრი მმართველი, მათ შორის, ვის ხელშიც განუსაღვრელი ძალაუფლება იყო, თავს უფლებას აძლევდა ნარკოტიკები გამოეყენებინა.
ჰიტლერი და მუსოლინი
ხელისუფლებაში მოსვლამდე ნაცისტები ამტკიცებდნენ, რომ ნარკოტიკები ბურჟუაზიული შხამია, რომელიც ხრწნის საზოგადოებას. მე-20 საუკუნის დასაწყისში, გერმანული ბოჰემა აქტიურად მოიხმარდა კოკაინს და მორფს, რომელიც არათუ აკრძალული იყო, არამედ მედიცინაშიც აქტიურად გამოიყენებოდა. ნაცისტებმა ამას ბოლო მოუღეს, თუმცა ეს მხოლოდ რიგით მოქალაქეებს შეეხო. ადოლფ ჰიტლერი, მაგალითად (როგორც ეს მისი სამედიცინო ბარათებიდან ირკვევა) სიცოცხლის ბოლოს თვითონ იყო ნარკომანი. თავიდან ის მკურნალი ექიმის დაჟინებით იღებდა ფსიქოსტიმულატორს პერვიტინს (იგივე მეტამფეტამინი). მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი აქტიურად დაიწყო კოკაინის მოხმარება, ჯერ ცხვირის ნესტოებით (რაც თითქოს არ იწვევს მიჩვევას), შემდეგ კი სუფთა ფხვნილზე გადავიდა. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, სიცოცხლის ბოლოს ფიურერი ნარკოტიკს დღეღამეში ცხრაჯერ იღებდა. პერვიტინს ოფიციალურად იყენებდნენ ვერმახტის ნაწილებში ჯარისკაცების გამძლეობის, ამტანობის და საბრძოლო სულის ასამაღლებლად.
ჰიტლერის უახლოესი მოკავშირე, ბენიტო მუსოლინიც, აგრეთვე იღებდა პერვიტინს, რომელიც ფიურერის პირადმა ექიმმა, ტეოდორ მორელიმ დაუნიშნა. მართალია, ჰიტლერის დონემდე არ მისულა, თუმცა ნარკოტიკი მას ყოველდღე ესაჭიროებოდა.
ზოგიერთი ცნობის მიხედვით, პერვიტინს მოიხმარდა ესპანეთის დიქტატორი ფრანკოც, მაგრამ ამის დამადასტურებელი ზუსტი ცნობები არ არსებობს, გარდა რამდენიმე მოწმის ჩვენებისა.
ამხანაგი კომუნისტები
ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში, სსრკ-ს გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი, იყენებდა ტრანკვილიზატორებს, მაგრამ ეს უფრო ცხოვრებისეული აუცილებლობით იყო გამოწვეული: მას ხომ ბოლოს მეტყველება უჭირდა და გადაადგილებაც უძნელდებოდა.
აი, მაო ძედუნი კი, ჩინეთის კომუნისტების ბელადი, როგორც მრავალრიცხოვანი წყაროები ირწმუნებიან, პირიქით, აქტიურად მოიხმარდა ბარბიტურატებს–ძლიერ დამაწყნარებლებსა და საძილე საშუალებებს, რაც ხელს არ უშლიდა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში და თავისი ხალხისთვის ბედნიერი მომავლის შენებაში.
ეს, როგორც იცით, კულტურული რევოლუციის დროს, რომელსაც პირადად თავმჯდომარე მაო ხელმძღვანელობდა, მილიონობით მსხვერპლით დასრულდა. ალბათ ბარბიტურატებმა იგი უფრო კაცთმოყვარე ვერ გახადა. დასავლეთის ლიდერები
დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი, განთქმული იყო თავისი შრომისუნარიანობით. მას შეეძლო დღეღამეში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაეძინა. ამასთან იგი კონიაკის და სიგარის დიდი მოყვარული იყო. ჩერჩილის შრომისუნარიანობის ახსნა მარტივად შეიძლება: სერ უინსტონი ღვინოს კოკაინით სვამდა და დროდადრო მოიხმარდა მეტამფეტამინს. გასაოცარია, რომ მან პრაქტიკულად სიკვდილამდე შეინარჩუნა საღი აზროვნება. შესაძლოა, ეს იმიტომ, რომ მისი დოზები შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე ჰიტლერის.
დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრიც, ენტონი იდენი, შთამომავლობით არისტოკრატი, აგრეთვე იყენებდა ფსოქოსტიმულატორებს. განსაკუთრებით გაიზარდა დოზები სუეცის კრიზისის შემდეგ, როცა ბრიტანელებმა გაუგონარი პოლიტიკური ფიასკო განიცადეს, ინგლისში კი დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი პროცესები. შედეგად, სერ ენტონო წავიდა ქვეყნის ყველაზე არაპოპულარული პრემიერ-მინისტრის იარლიყით.
"ნემსზე იჯდა" აშშ-ის პრეზიდენტი, ჯონ კენედიც, რომლის მმართველობის პერიოდშიც კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. მისი პირადი ექიმი, მაიკ ჯეკობსონი, უკვე კენედის სიკვდილის შემდეგ იხსენებდა, რომ თავის პაციენტს რეგულარულად უკეთებდა მეტამფეტამინის ინექციებს, ხანდახან სამ დოზას ზედიზედ და აძლევდა სტიმულირების აბებს. განსაკუთრებით ხშირად ითხოვდა პრეზიდენტი "კოქტეილს" კარიბის კრიზისის პერიოდში, როდესაც მსოფლიოს ბედი ბეწვზე ეკიდა. საშიშია იმის წარმოდგენაც კი, თუ რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, მისი მოწინააღმდეგე არა ნიკიტა ხრუშჩოვი (რომელსაც სმა უყვარდა, მაგრამ ნარკოტიკებს არ ეკარებოდა), არამედ რომელიმე ფსოქოპატი რომ ყოფილიყო.
დანარჩენი მსოფლიო
სხვა ქვეყნების მმართველებიც არ ამბობდნენ უარს ნარკოტიკებზე. საბჭოთა კავშირის დიდი მეგობარი, კონგოს პრემიერ-მინისტრი, პატრის ლუმუმბა (რომლის სახელობისაც 1992 წლამდე რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი იყო), როგორც თვითონ აღიარებდა, რეგულარულად დიდი სიამოვნებით მოიხმარდა მარიხუანას. თუმცა განსაკუთრებულ სიბოროტეებში იგი არ ყოფილა შემჩნეული.
განსხვავებით, მაგალითად, გვინეის პრეზიდენტის (1968-1979) ფრანცისკო ნგემასგან, ასევე მარიხუანის და იბოგის ექსტრაქტის (ადგილობრივი ჰალუცინოგენის) მოყვარულისა. სიცოცხლის ბოლოსკენ იგი სრულიად შეიშალა ჭკუიდან, ათასობით დახვრეტის ბრძანებას მოაწერა ხელი, ვინც მის პოლიტიკას არ იზიარებდა. როდესაც საკუთარმა ძმისშვილმა აჯანყება მოუწყო, ნგემა ჯუნგლებში გაიქცა, დაპატიმრების წინ კი ქვეყნის ისედაც მწირი სავალუტო რეზერვები გაანადგურა. გვინეის მაცხოვრებლები თავის ნარკომან ბელადს ჯადოქრად თვლიდნენ, ამიტომ ახალ ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანისთვის მაროკოდან მოუხდათ სამხედრო ჯგუფის გამოწერა.
კამბოჯის მმართველი, "წითელი კხმერების" ლიდერი, პოლ პოტი, უამრავი სხვადასხვა ნარკოტიკის მოყვარული გახლდათ, უმეტესწილად იგი ტრანკვილიზატორებს ირჩევდა. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მან ქვეყანაში გაუგონარი ტერორი მოაწყო, რომლის დროსაც ყოველი მეექვსე მაცხოვრებელი გაანადგურა. ამასთან, მისი ბრძანებით შვილები მშობლებს ხოცავდნენ–ტყვიების ეკონომიის მიზნით თავებს თოხით უტეხავდნენ. ბოლოს და ბოლოს ჭკუიდან გადასული დიქტატორი კომუნისტებმა ჩამოაგდეს და გარდაიცვალა ჭარბი დოზირებისგან ჯუნგლებში, სადაც იმალებოდა.
...რა თქმა უნდა, არცერთი ნორმალური ეროვნული ლიდერი არ აღიარებს ნარკოტიკების მოხმარებას. საეჭვოა მისმა რომელიმე ქვეშევრდომმა მოისურვოს სახელმწიფოს სათავეში ისეთი ადამიანის ყოფნა, რომელიც გამუდმებით გაბრუებულია. უმეტეს შემთხვევაში, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ ხდება–ახლობლებისგან, მომსახურე პერსონალისგან და მედიცინის მუშაკებისგან. გაგაცნობთ ბელადების მცირე სიას, რომელთა ნარკომანობის შესახებ მედიასგან გახდა ცნობილი: სადამ ჰუსეინი (კანაფი, ბოლო წლებში ჰეროინი), მუამარ კადაფი(ფსიქოსტიმულატორები), უგო ჩავესი(კოკაინი) და კიმ ირ სენი(ტრანკვილიზატორები). ყველა მსოფლიო ნარკომანი ლიდერების სახელებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერასოდეს გავიგებთ. 2486 8-ს მოსწონს
|