x
გავლენის ფსიქოლოგია

თითეული ჩვენგანის გარშემო მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გვაქცევენ საკუთარი გავლენის ქვეშ, მაგრამ ამას, თითქმის ვერასდროს ვაცნობიერებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა სფეროში მოღვაწეობენ ეს ადამიანები. ისინი იყენებენ სოციალური გავლენის ისეთ ტაქტიკას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მოახდინონ გავლენა ჩვენს ფიქრებზე, ქმედებებზე და სურვილებზეც კი.
ნებისმიერ დროს შეცვალონ, დააკორექტირონ, ან კონკრეტული სახის გავლენა მოახდინონ მათზე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გვაქვს, ნეირონთა ჯგუფები, რომლებზეც გარკვეული ქცევის “ჩონჩხია’’ ჩაწერილი და საჭირო დროს აქტიურდება. ამისთვის საკმარისია მათი მცირედი გაღიზიანება მანიპულატორის მხრიდან და მაშინვე გააქტიურდებიან. თითეულ მანიპულატორს მოქმედების ინდივიდუალური სტილი გააჩნია. ზოგიერთი მათგანი, ვერბალური, ან არავერბალური კომუნიკაციით შემოიფარგლება, მაგრამ არსებობენ ისეთი მანუპულატორებიც, რომლებიც სარკისებრი ნეირონების მოქმედებას ანიჭებენ უპირატესობას (ისინი იმეორებენ ჩვენს უნებლიე მოქმედებებს ისე, რომ ამას ჩვენი ცნობიერი გონება ვერ ხვდება. სამაგიეროდ ხვდება ქვეცნობიერი და ის ამ ადამიანებს უსაფრთხოდ აღიქვამს.). მანიპულატორები, რომლებსაც სურთ, რამეზე დაგვითანხმონ, პირველ რიგში მუშაობენ ნდობის მოპოვებაზე. ეს იმიტომ, რომ შემდგომში მათ თხოვნაზე გააზრების გარეშე, ვთქვათ “დიახ“.
ასევე, როგორც ცნობილია, ადამიანი კოგნიტურად ძუნწი არსებაა -( ეძებს საკითხის განხილვის ისეთ გზებს, რომლებიც ნაკლებ კოგნიტურ გადამუშავებას მოითხოვს.)

სწორედ ამიტომ “ექსპლუატატორი“ ინფორმაციას გვაწვდის მისთვის სასურველი კუთხით ისე, რომ ყურადღება მივაქციოთ სპეციფიკურ მახასიათებელს და და სხვა მნიშვნელოვანი მხარეების განხილვის გარეშე მივიღოთ გადაწყვეტილება. შედეგად, ჩვენ ხშირად ვიღებთ ჩვენთვის უსარგებლო გადაწყვეტილებებს და ვხვდებით მათ მიერ დაგებულ “ხაფანგში“. ვნახოთ, თუ რა ტექნიკებს იყენებენ ამგვარი ექსპლოატატორები და როგორ შევეწინააღმდეგოთ მათ გავლენას.

ცნობილი სოციალური ფსიქოლოგის, ბობ ჩალდინის მიხედვით, არსებობს გავლენის რამდენიმე მნიშვნელოვანი იარაღი. ერთ-ერთი ასეთია რეციპროკულობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თავს ვგრძნობთ ვალდებულად, რამენაირად სამაგიერო გადავუხადოთ ადამიანს, რომელმაც ჩვენთვის რაიმე გააკეთა, გაწეული დახმარების სანაცვლოდ ჩვენც რაიმეთი დავეხმაროთ და ამ ადამიანის წინაშე მოვიხსნათ ვალდებულების ტვირთი, რომელიც მის მიერ გაწეული დახმარების სამაგიერო იქნება. რა თქმა უნდა ეს, ერთი შეხედვით, საკმაოდ ადაპტური მოვლენაა და სოციუმში ინტეგრაციას გვიადვილებს, თუმცა საშიში იარაღია მანიპულატორების ხელში, რომლებიც გვიწევენ უმნიშვნელო დახმარებას (რომელიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ გვჭირდება). ჩვენ იმდენად ღრმად გვაქვს ვალდებულების გრძნობა გამჯდარი, რომ ყველაფერზე თანახმა ვართ, ოღონდ ვალში არ დავრჩეთ.

სტანდარტული მანიპულატორის ქმედება თავდაპირველად შედგება რთულად შესასრულებელი დავალებისგან, ან თხოვნისგან, მას დაგეგმილი აქვს, რომ ჩვენ მის თხოვნაზე უარი განვაცხადოთ. შემდეგ ჩნდება მეორე დავალება, ან თხოვნა, რომელიც პირველზე ბევრად მარტივია. ამის შემდეგ თავს ვალდებულად ვგრძნობთ, რომ ეს თხოვნა შევასრულოთ არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, არამედ, იმიტომ რომ ვიწყებთ მისი დათმობის გაზომვას და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მასთან შედარებით იოტისოდენა დათმობაზე გვიწევს წასვლა და უპრობლემოდ ვთანხმდებით.
ამ შემთხვევაში მოქმედებს აღქმის კონტრასტის პრინციპი, ანუ ძალიან დიდი თხოვნის შემდეგ, შედარებით მცირე თხოვნა რეალურზე ბევრად უფრო მარტივად გამოიყურება.

ამგვარი მანიპულატორები ასევე შესანიშნავად იყენებენ კონსისტენტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს ადამიანის ტენდენციას, იყოს კონსისტენტური(თანმიმდევრული), იმასთან მიმართებაში, რაც უკვე გააკეთა. მას შემდეგ, რაც მივემხრობით გარკვეულ პოზიციას, შემდეგ ვესწრაფვით დავიცვათ იგი, მიუხედავად იმისა, რომ მისდამი მიმხრობამდე, შესაძლოა, დიდად ვორჭოფობდით კიდეც.
მაგალითად, სანამ ფსონს დავდებთ რაიმე კონკრეტულზე, ვერ გადაგვიწყვეტია რომელ მხარეს მივემხროთ, თუმცა, ფსონის დადების შემდეგ უკვე მთლიანად დარწმუნებულები ვართ, რომ ის გუნდია ძლიერი რომელსაც ვგულშემატკივრობთ. კონსისტენტურობის პრინციპი ჩვენი ქცევის ძლიერი მოტივატორია, რადგან არაკონსისტენტურ ადამიანს საზოგადოებაში აწებებენ მერყევი, დაბნეული, ორსახოვანი, უპრინციპო ადამიანის სტატუსს.

ამ პრინციპის გამოყენების მაგალითია ე.წ. “ფეხი კარებში“, როდესაც მანიპულატორი მოდის ჩვენთან უმნიშვნელო თხოვნით, ჩვენ ვეთანხმებით (რითაც იწვევს ვალდებულებას, ვიყოთ ჩვენს თანხმობასთან კონსისტენტურნი) და შემდეგ გვისახელებს დიდ თხოვნას, რომელზეც ვეღარ ვიძახით “არას“.


საინტერესოა სოციალური დადასტურების პრინციპიც- იმის გასაგებად, თუ რა არის სწორი, ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, რა მიაჩნიათ სხვებს სწორად, რაც ხშირად გვაქცევს ფსიქოლოგიური სპეკულანტების ხელში. ეს ადამიანები, ჩვენს გარშემო არსებული საზოგადოების რამდენიმე წევრის მხრიდან იწვევენ მათთვის სასურველ რეაქციას და ჩვენც “ავყვებით“ მათ. ამის კარგი მაგალითია ე.წ. “კლაკიორის ფენომენი“, რომლებსაც ზოგჯერ მიმართავენ თეატრებში, როდესაც კონკრეტულ დროს ტაშის დასაკვრელად დარბაზში სპეციალურად ზის რამდენიმე ადამიანი, რეალური მაყურებელიც იღებს სოციალურ დადასტურებას და თავადაც უკრავს ტაშს.

ასევე აღსანიშნავია ავტორიტეტისადმი მორჩილების ფენომენი, როდესაც ჩვენ სრულიად ბრმად ვემორჩილებით კონკრეტულ ადამიანებს, მხოლოდ იმის გამო, რომ მიგვაჩნია ავტორიტეტად. ცხადია, ავტორიტეტისადმი მორჩილება, შეძლებისდაგვარად, დესტრუქციული ქცევისა და ანარქიისაგან გვიცავს, თუმცა რეალურად სრულიად შესაძლებელია ეს ავტორიტეტი იყოს ხელოვნურად შექმნილი იმ სპეციფიკური ტანისამოსის, ატრიბუტებისა თუ ტიტულების მიწებებით, რომლებიც რეალურ ავტორიტეტებს ახასიათებთ და ჩვენ გავხდეთ გაუაზრებელი მორჩილების მსხვერპლნი.

ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება უფრთხილით მანიპულატორებს. მათ შეუძლიათ აგიწყონ ცხოვრება, მოგცენ ყველაფერი რასაც მოისურვებთ, ან დაგინგრიონ ის, რაც შრომისა და ტანჯვის ფასად გაქვთ მოპოვებული.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:qacana
qacana
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0