ისრაელმა განაცხადა, რომ მზად არის ირანის წინაღმდეგ საბრძოლველად და ამის დასადასტურებლად
საჯაროდ აღწერა საბრძოლო მოქმედებების შესაძლო ნაბიჯი. ასეთი განცხადება ისრაელის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა მათან ვილნაიმ გააკეთა გაზეთ „მაარივისათვის“ მიცემულ ინტერვიუში. მართალია, იგი მალე დატოვებს ამ თანამდებობას და ჩინეთში ისრაელის ელჩად დაინიშნება, თუმცა თეირანის წინააღმდეგ ასეთი უპრეცედენტო პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისაგან თავს არც სხვა ებრაელი
სახელმწიფო მოხელე იკავებს.
თეირანი ჯერ-ჯერობით ისვენებს და ისრაელის ახალ ბრალდებებზე არ რეაგირებს. ამასთანავე, მათან ვილნაი პროგნოზირებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი ირანის წინააღმდეგ დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდება. იგი ერთდროულად რამოდენიმე ფრონტზე გაიშლება - თავად ირანში, პალესტინის ქალაქ ღაზასა და სამხრეთ ლიბანში. ისრაელის პოლიტიკოსმა ამ დაპირისპირებების შედეგად
დაღუპული ადამიანების რაოდენობაც წინასწარ გათვალა და დაახლოებით 500 ისრაელიანელი დაასახელა. ამავდროულად, ვილნაი არწმუნებს თავის თანამემამულეებს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „რკინის გუმბათი“ და „ისრები“ მათ დაიცავენ.
უსაფრთხოების მინისტრმა იცხაკ არონოვიჩმა, თავის მხრივ, მინისტრთა კანბინეტის სხდომაზე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აგრესიის მოსაგერიებლად სრულ მზადყოფნაშია
პოლიცია და რაკეტსაწინააღდეგო სამსახურები. ხოლო პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ირანის საკითხი პრიორიტეტულად
გამოაცხადა და მინისტრებს მოუთხრო ახალი მიღწევების შესახებ, ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებაში.
მთელს ამ განცხადებებთან დაკავშირებით, ექსპერტი გიორგი მირსკი ამბობს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ლიკვიდაციას ისრაელის
მთელი შეიარაღებული ძალები არ ეყოფა. ბევრი ობიექტი საგულდაგულოდ არის დამალული, ბევრის ადგილმდებარეობის შესახებ კი საერთოდ არ არის მონაცემები. ისრაელს საკმარისი ძალა არ აქვს მთელი ირანული ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად. ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, მოხდება ის, რომ ირანი ორი წლით დაიხევს უკან. შემდეგ გაეროსთან კონტაქტების გაწყვეტისა და ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყველა ინსპექტორის გაძევების შედეგად ირანი მართლაც მთელი სერიოზულობით მოჰკიდებს ხელს ატომური ბომბის შექმნას.
აშშ ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს თავისი მოკავშირის სამხედრო გეგმების მხარდაჭერას, - ამბობს მირსკი და ამის დასამტკიცებლად შემდეგი არგუმენტი მოჰყავს: აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლეონ პენეტა,
რომელიც ამ დღეებში ისრაელში იმყოფებოდა აღნიშნა, რომ მთავრობას არ მიუღია ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილება. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრია
იმის მომხრე, რომ სანამ ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ირანზე თავდასხმა განხორციელდეს. ბარაკ ობამას არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი ევანგელისტების ხმები სჭირდება. ევანგელისტები ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ქრისტიანული კონფესიაა აშშ-ში, რომელიც 100%-ით უჭერს მხარს ისრაელს. ობამას ასევე 6 მილიონი ებრალი
ამერიკელის ხმებიც სჭირდება. ამიტომაც ბარაკ ობამა ახლა ვერ შეძლებს ისრაელისათვის ხელის შეშლას. საპრეზიდენტო არჩევნებში
გამარჯვების შემთხვევაში კი საერთოდაც ვეტოს დაადებს ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილებას.
ისრაელ-აშშ-ირანის სამხუთხედში მოვლენების ამგვარი განვითარება ადვილი შესაძლებელია. მაგრამ ის არ უნდა უპირატესობდეს საღ აზრზე, - ამბობს გიორგი მირსკი. სწორედ პოლიტიკოსებმა უნდა შეიკავონ თავი ირანის წინააღმდეგ თავდასხმისაგან. უმჯობესია დაწესდეს დამატებითი ეკონომიკური სანქციები თეირანის წინააღმდეგ, რაც გარდამტეხ გავლენას მოახდენს ირანზე და აიძულებს შეცვალოს თავისი პოზიცია მისივე ბირთვული პროგრამის გამჭვირვალობის სასარგებლოდ. ამასთანავე, ცხადია, კიდევ ერთი რამ - შეუძლებელია ისრაელმა და ირანმა უსასრულოდ გამოსცადონ ერთმანეთის მოთმინება.