1648 წლის 8 აგვისტოს, თურქეთში სულთნის, იბრაჰიმ I წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო. იბრაჰიმ I, რომელსაც «შეშლილი» შეარქვეს, ქვეყანას 8 წელი მართავდა და იმდენად შეაწუხა ყველა, რომ ხსენებულ სახელმწიფო გადატრიალებაში, მისი დედაც კი მონაწილეობდა.
25 წლის იბრაჰიმი, სულთნის ჰარემის სპეციალურ ოთახში, «კაფესში» დაატყვევეს. იქ მან მომდევნო 4 წელი გაატარა. ხოლო, მანამდე, 7 წლის ასაკიდან, მიწისქვეშა ციხეში იყო ჩამწყვდეული, სადაც სხვებთან ურთიერთობის საშუალება არა ჰქონდა და მას მხოლოდ ყრუ–მუნჯი საჭურისები ემსახურებოდნენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამისა, იბრაჰიმს კიდევ გაუმართლა, რადგან შუა საუკუნეების თურქეთში, ტრადიციის მიხედვით, როგორც კი, ახალი სულთანი ტახტზე ავიდოდა, ის საკუთარი ძმების, ბიძაშვილების და ძმიშვილების სიკვდილით დასჯის ბრძანებას გასცემდა, რომ ტახტზე პრეტენზია არ გამოეთქვათ. ეს ყველაფერი კი, ქვეყნის შიგნით, სიმშვიდის და წესრიგის შესანარჩუნებლად კეთდებოდა. მაგრამ, ტახტზე ასულ მურად IV დედამ სთხოვა, რომ პოტენციური მოწინააღმდეგე დაენდო:
— მის მოკვლას ყოველთვის შეძლებ, — უთხრა მას ქიოსემ სულთანმა — იქნებ ბიჭი რამეში გამოგადგეს?
ამიტომ, მურად IV გარდაცვალების შემდეგ, როდესაც იბრაჰიმთან იმის გამოსაცხადებლად მივიდნენ, რომ ის ახალი სულთანი იყო, მან კარი ჩაკეტა და ზედ დივანიც მიადგა, რომ მასთან არავინ შესულიყო.
— კარგად გიცნობთ, — ყვირიდა ახალი სულთანი მაცნეების გასაგონად. — ალბათ, ჯალათთან გინდათ ჩემი წაყვანა. ახლავე წადით, დღეს არავის ვიღებ. და არც ხვალე, რომ იცოდეთ. ასე ხუთი წლის შემდეგ, სადილის შემდეგ შემოიარეთ.
მას უმტკიცებდნენ, სთხოვდნენ… თუმცა, არაფერმა გაჭრა. ბოლოს, მის დასარწმუნებლად, პირდაპირ ციხის კართან, მურად IV გვამი მიიტანეს. იბრაჰიმმა კარზე დატანილი სარკმლიდან ხელი გამოყო, მიცვალებულს შეეხო და ოთახიდან გამოვიდა.
— გილოცავთ, თქვენო უდიდებულესობა – ახალ სულთანს მიულოცეს თანამდებობაზე დანიშვნა ირგვლივ მყოფებმა.
— მადლობა ყველას – უთხრა მათ იბრაჰიმმა და გეზი სასახლისკენ აიღო.
ხოლო შემდეგ, ყველაზე საინტერესო რამეები დაიწყო... წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ტყვეობაში იყო. ქალი ახლოდან არასდროს ენახა და არც მასთან ურთიერთობის შესახებ იცოდა რამე... ხოლო ტახტს, მემკვიდრე სჭირდებოდა. ამასთან, გვარში, მის გარდა, მამაკაცები საერთოდ აღარავინ იყო. სულთანს შიშველი მხევალიც კი მიუგზავნეს, მაგრამ მან გოგონასთან ერთად ყავა მიირთვა, წასვლის წინ კი, მოსასხამი აჩუქა და ურჩია, რომ ცივი ამინდი იყო და ჰარემში შიშველი ნუ დადიხარო.
სასახლეში ეროტიკული კრიზისი დაიწყო. იბრაჰიმს დიდი ვეზირი და დედაც, დელიკატურად მიანიშნებდნენ, რომ სასწრაფოდ შვილი უნდა შესძენოდა. რაზეც ის პასუხობდა:
— როგორ? ვაკოცებ და ბავშვი დაიბადება?
ამის შემდეგ, სასახლეში ადგილობრივი კაზანოვა — ჯინჟი–ხოჯა მიიწვიეს, რომელმაც სულთნის აღმგზნები წამლებით მომარაგება დაიწყო. ხოლო, ქიოსემ სულთანი პირადად არჩევდა ტახტის პოტენციური მემკვიდრის დედებს.
ასე გრძელდებოდა მთელი 4 წელი...
ამასობაში, რუსებმა აზოვის ციხესიმაგრე აიღეს. სულთანი კი, საწოლში ნებივრობდა და არაფერზე დარდობდა. «ღმერთო, დიდებულო, — ოხრავდა ქიოსემ სულთანი. — ჯერ იყო და, საწოლში ძლივს შევათრიეთ, ახლა კი, საძინებლიდან ვეღარ გამოგვყვავსო».
ქვეყანაზე სამი ვაჟის მოვლინების შემდეგ, იბრაჰიმ I სახელმწიფო საქმეებით დაკავება გადაწყვიტა, რაშიც თავი ბევრად ცუდად წარმოაჩინა, ვიდრე წინა «სფეროში». ის ჯერ ვენეციელებთან წარუმატებელ ომში ჩაება (რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ, კიდევ 21 წელი გრძელდებოდა), შემდეგ სასახლის ინტრიგებში გაეხვია და ფარულ თამაშებში ჩაერთო. შედეგად, ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სიკვდილის დასჯით მთავრდებოდა.
სასახლეში ყველამ ერთმანეთის შევიწროვება, დევნა და შეურაცხყოფა დაიწყო — სამ წელში 3 დიდი ვეზირი (პრემიერ–მინისტრი) შეიცვალა და ამ თანამდებობის დაკავების სურვილი აღარავის ჰქონდა...
და რადგან სახელმწიფო საქმეებში თავი ვერაფრით გამოიჩინა, იბრაჰიმი ისევ საწოლს დაუბრუნდა — ტახტზე ყოფნის 8 წლის მანძილზე, მას 17 შვილი შეეძინა და ტახტის მემკვიდრის საკითხიც, თავისთავად გაქრა. მაგრამ, სულთანს ვეღარ აჩერებდნენ...
გოგონების მომსახურებისთვის სულთანი ფულს ხაზინიდან იღებდა, რომელიც სულ მალე დაცარიელდა. ამის გამო, დედა მას გამუდმებით ეჩხუბებოდა. მან კი, ამის საპასუხოდ, მისი ქონების კონფისკაცია მოახდინა. შემდეგ იბრაჰიმმა სხვა ნათესავებსაც გაუყიდა უძრავი ქონება და ამოღებული თანხები ისევ საყვარლებს დაახარჯა. ბოლოს, როდესაც სახსრები სრულად ამოწურა, მან დიდგვაროვნების ქალიშვილების მოტაცება დაიწყო — მათთან ერთ ღამეს ატარებდა და შემდეგ, უკან აბრუნებდა. სულთნის ამგვარმა ქცევამ, მთელი სტამბოლი აღაშფოთა. დიდგვაროვნები, არმია და სასახლის პერსონალი უკმაყოფილებას ვეღარ მალავდა. იანიჩარებმა ამბოხი მოაწყეს — სულთნის ბოლო ვეზირი ახმედ–ფაშა დაიჭირეს და ხმლით აკუწეს, რაზეც სულთანმა განაცხადა:
— სხვა ვეზირების მოკვლაც თუ გინდათ, არ მოგერიდოთ — იმდენი მყავს, რამდენიც გინდათ...
ამიტომ, დღის წესრიგში, თავად სულთნის დამხობის საკითხი დადგა. 1648 წლის 8 აგვისტოს უმაღლესმა სამღვდელოებამ ფატვა (კანონი) გამოსცა. რომლითაც სულთანი, ისლამის შეურაცხყოფის გამო, ტახტიდან გადააყენეს. ეს რომ იბრაჰიმმა შეიტყო, მაშინვე დედა გაახსენდა, მასთან გაიქცა და სთხოვა, რომ მის ტახტზე დასარჩენად, ყველაფერი გაეკეთებინა. ხოლო, ქიოსემ სულთანმა შვილს გადადგომა ურჩია. ამის შემდეგ, ის შავმა საჭურისებმა დააკავეს...
სამღვდელოების წინამძღვარმა იბრაჰიმს პირობა მისცა, რომ ხელს მონარქის სისხლით არ გაისვრიდნენ. ხოლო, იანიჩარებმა ყურანზე დაიფიცეს, რომ მის სისხლს არც ისინი დაღვრიდნენ. ყოფილი სულთანი ციხეში გადაიყვანეს, მისი კამერის კარი ლურსმებით აჭედეს და საკვების მისაწოდებლად, მხოლოდ სარკმელი დაუტოვეს...
რას ვიზამ? — ჩაილაპარაკა სულთანმა, — ეს ჩემთვის უცხო არ არის. ადრეც ვიჯექი და... იქნებ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კიდევ ვინმეს გვამი მოიტანონ კარებთან — ასეც ხომ ხდება?..
იბრაჰიმ I გადაყენების შემდეგ, სულთნად მისი 6 წლის ვაჟი მეჰმედ IV გამოაცხადეს. ხოლო, იბრაჰიმმა კამერაში მხოლოდ 9 დღე გაატარა. შემდეგ კარი გაიღო და მასთან 3 მამაკაცი შევიდა. ყოფილმა სულთანმა იფიქრა, «ეტყობა, ახალი სულთანი მოკვდა და ისევ ტახტის დასაკავებლად მეძახიანო...». მაგრამ, ვიზიტორებმა უთხრეს:
— ილოცე, იბრაჰიმ, რადგან შენი სიკვდილით დასჯა გვაქვს ნაბრძანები.
— როგორ, იანიჩარებმა ხომ საქვეყნოდ დაიფიცეს, რომ ჩემს სისხლს არ დაღვრიდნენ?! – წამოიძახა შეშფოთებულმა იბრაჰიმმა.
— მერე ვინ გითხრა, რომ შენი სისხლის დაღვრას ვაპირებთ? ფიცის გატეხისგან, ღმერთმა დაგვიფაროს. წესიერ ხალხს რას გვაბრალებ? სისხლის ერთი წვეთიც არ დაიღვრება – შენი ყოფილი თანამდებობის პატივისცემის ნიშნად, იმ ქვეყნად აბრეშუმის თოკით გაგისტუმრებთ. – თქვეს და გააკეთეს კიდეც.
ასე დასრულდა იბრაჰიმ I ცხოვრება, რომელსაც ფსიქოლოგიური ტრამვა ჯერ კიდევ ბავშვობაში მიაყენეს, ხოლო შემდეგ «შეშლილი» შეარქვეს.