პარამეცნიერებები სარკე - ლამაზი ნივთი თუ მისტიკური საგანი 2020, 30 ივლისი, 10:14 ქალი და სარკე- ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ძნელი წარმოსადგენია ქალი, რომელიც დღის განმავლობაში სარკეში ერთხელ მაინც არ ჩაიხედავს. სარკეში ჩახედვა ყოველდღიურობის ნაწილია - ეს რაღაც ისეთია, რაც ძირითად შემთხვევაში სუსტი სქესის წარმომადგენლების ქცევასთან ასოცირდება და საკუთარი სილამაზით ტკბობას ემსახურება, თუმცა არც მამაკაცები ამბობენ უარს საკუთარი თავის თვალის შევლებაზე და იმის შემოწმებაზე, თუ როგორ გამოყურებიან. სარკეში ჩახედვის სურვილს ჩვენ ზედაპირულ თვითტკბობასთან ვაკავშირებთ და გვავიწყდება, რომ საკუთარი თავის დანახვა ერთ დროს რაღაც იდუმალისთვის ფარდის ახდის მსგავსი იყო. დაგვავიწყდა, აღფრთოვანებითა და ხალისით როგორ შევხედოთ სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებებს. ამის ნაცვლად, შიშითა და ეჭვით ვუყურებთ საკუთარ თავებს - თითქოს იმის ცოდნა, თუ როგორად აღგვიქვამს სამყარო, გამოუთქმელ საფრთხეს შეიცავდეს.
მაგრამ სარკეს, საკუთარი გამოსახულების დანახვის გარდა, სხვა, მისტიკური დანიშნულებაც აქვს: ტყუილად როდი გამოიყენებენ მას მკითხაობის და სხვა საკრალური რიტუალების დროს. სწორედ მათთანაა დაკავშირებული ყველაზე მეტი მისტიკური ლეგენდა, ჩვეულება და ცრურწმენა. სარკეები საიდუმლოებით, ცდუნებითა და შიშით მოცული ნივთებია. ისტორიის მანძილზე ისინი საკრალურ მიზნებსაც ემსახურებოდნენ და - ავხორცულსაც. მათი დამზადების ტექნოლოგია წარსულში საიდუმლოდ ინახებოდა და მისი გამჟღავნებისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ. საუკუნეების მანძილზე სარკეები ფუფუნების საგნებად ითვლებოდა, რომლით სარგებლობაც მხოლოდ მდიდრებსა და ძლევამოსილებს შეეძლოთ. დღეს კი ჯიბესა თუ ჩანთაში პატარა სარკე ლამის ყველას მოგვეპოვება და თუ ის სახლში დაგვრჩება, შეგვიძლია მისი ფუნქცია მობილური ტელეფონის ეკრანს შევასრულებინოთ. ზუსტად არავინ იცის, როდის შეძლეს ადამიანებმა თავიანთი გამოსახულების პირველად დანახვა, თუმცა ამ მომენტის წარმოდგენას ბევრი შეეცადა. ამერიკელი მეცნიერი და მწერალი, მარკ პენდერგრასტი 2003 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ''სარკევ, სარკევ'' იმ ჰუმანოიდის შთამბეჭდავ სურათს გვიხატავს, რომელიც წყალს პატარა გუბურიდან სვამს: "წარმოიდგინეთ სცენა- აფრიკული სავანა გადაუღებელი წვიმების შემდეგ", - წერს ის, -- ცნობისმოყვარეობისგან წარბებაწეული ეს უსახელო ფიგურა გაოცებული შესქცერის "არსებას, რომელიც მას შემოჰყურებს". თავიდან ფრთხილობს... "მტერი, ხომ არაა?" - ფიქრობს ის. შემდეგ კი ცელქობას იწყებს. კაცი საკუთარ თავს თვალს უკრავს, ცხვირს თითით ეხება და კბილებს კრიჭავს...რაღაც დონეზე მაინც ხვდება, რომ ისინი იდენტურები არიან, მაგრამ, ამავდროულად, განსხვავებულებიც", - წერს პენდერგრასტი. რა თქმა უნდა, თავდაპირველად სარკეებს გაპრიალებული ქვის, რკინის, მაგნეტიტის, ობსიდიანის და ლითონისგან ამზადებდნნენ. მინისგან სარკეების კეთება შედარებით გვიან-შუა საუკუნეებში დაიწყეს. კარგად დამუშავებული პირველი მოდელები ვენეციის ლაგუნაში მდებარე კუნძულ მურანოზე იქმნებოდა. მეცამეტე საუკუნიდან მოყოლებული ვენეცია მინის მწარმოებელ ქალაქად იქცა. აქაურობა მთელი ევროპიდან იზიდავდა ნიჭიერ ხელოსნებს, რომლებსაც როგორც ხელოვანებს, ისე ეპყრობოდნენ. ცნობილი არაა, თუ ვის ეკუთვნის თანამედროვე სარკის წინაპრის-ვენეციური სარკის დამზადების ფორმულა, არც ის ვიცით, პირველი თანამედროვე სარკის დასამზადებლად ვინ წაუსვა შუშის უკანა მხარეს ლითონების გამდნარი ნაზავი. მურანოში მინის მწარმოებლები და ვენეციის მთავრობა სარკეების დამზადების ტექნოლოგიას საიდუმლოდ ინახავდნენ. მისი გამხელა სიკვდილით ისჯებოდა და თუ მინის შექმნის რომელიმე ოსტატი მურანოდან გამგზავრებას გაბედავდა, მისი ოჯახის წევრები ზოგჯერ ტყვეობაში აჰყავდათ, რათა მისი დაბრუნება დაეჩქარებინათ. ალბათ ამიტომაა, რომ სარკეები უკვე დიდი ხანია, რაც ჯადოქრობასთან ასოცირდება. თუ მათ შეუძლიათ საკუთარი თავები, ანუ ისეთი რამ დაგვანახონ, რასაც სხვანაირად ვერ დავინახავდით, მაშინ, რატომ არ შეიძლება, რომ მათში თვალთაგან დაფარული სხვა საგნებიც ირეკლებოდეს; მაგალითად, სულები, მოჩვენებები ან თუნდაც - მომავალი? - მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში სარკეების შესახებ განსხვავებული მითები არსებობს. ერთი წყაროს თანახმად, ძველბერძნები სარკეს მთვარის შუქის დასაჭერად იყენებდნენ, რის შედეგადაც მომავლის დანახვა იყო შესაძლებელი. რომში არსებობდნენ მისნები, რომლებსაც დაორთქლილ სარკეში მომავლის სურათების დანახვა შეეძლოთ. თეოლოგთა ნაწილის აზრით, ძველი აღთქმაც კი შეიცავს ინფორმაციას სარკით წინასწარმეტყველების შესახებ. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ იოსები ვერცხლის ჭიქაში ყურებით ღმერთისგან მინიშნებებს იღებდა. იმის რწმენამ, რომ სარკეში ჩახედვა პარანორმალური ცოდნის მიღების გზას წარმოადგენს, კულტურებსა და საუკუნეებს გაუძლო. მეზოამერიკაში რკინისგან, ობსიდიანისგან და მაგნეტიტისგან დამზადებულ სარკეებს დეკორატიული და მაგიური მიზნებისთვის იყენებდნენ. 1940 წელს არქეოლოგებმა მექსიკის ტერიტორიაზე გათხრილ საფლავში ძველი წელთაღრიცხვის 600 წლით დათარიღებული ჩაზნექილი ქვის შვიდი სარკე აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი აზრით, მფლობელთა მაღალ სტატუსს უსვამდნენ ხაზს და ცეცხლის გაჩაღებისთვის გამოიყენებოდა. ოლმეკებისთვის სარკე რელიგიური დატვირთვის მატარებელი ნივთი იყო, რომელსაც მზის ღმერთთან აკავშირებდნენ, რადგან მისი საშუალებით ცეცხლის დანთება შეეძლოთ. ნოსტრადამუსი, მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგი ასტროლოგი, ცნობილი იყო, როგორც ბროლის ბურთში მომავლის ამოკითხვის უნარის მქონე მისანი. სპირიტისტები წინასწარმეტყველებისას ობსიდიანის სარკეებს აქტიურად იყენებდნენ. ზოგს სჯერა, რომ ეს ტექნიკა პარალელური განზომილებების დანახვის საშუალებას იძლევა. სხვები კი ფიქრობენ, რომ ამ გზით ჩვენს თავებში ჩაბუდებულ საიდუმლოთა ამოხსნა ან მომავლის დანახვაა შესაძლებელი. როგორც ვიქტორიანული პერიოდის ქალბატონები სთხოვდნენ სარკეებს, დაენახებინათ, ვინ იყო მათი ჭეშმარიტი გულისწორი, ზუსტად ასე, მილიონობით ადამიანი მისჩერებია დღეს სარკეს იმ იმედით, რომ მისი დახმარებით სწრაფი წარმატების მიღწევის გზას იპოვის. უძველსი დროიდანვე ითვლებოდა სარკის გატეხვა უბედურების მომასწავლებლად და ეს ცრურწენა დღემდეა შემორჩენილი. საკმარისია სარკე გაგვიტყდეს, თანაც მნიშვნელობა არ აქვს- ცხადში მოხდება ეს თუ სიზმარში, რომ მაშინვე ვიწყებთ შფოთვას, ნერვიულობას, სული გვეყინება რაღაც ცუდის მოლოდინში. სინამდვილეში ეს ცრურწმენა უძველესი დროიდან მოდის და დაკავშირებულია იმასთან, რომ სარკე ყოველთვის ძვირფას საგანს წარმოადგენდა, ის ფუფუნების საგანი იყო და ოქროზე მეტად ფასობდა. სწორედ ამიტომ უფრთხილდებოდა მას პატრონი და განიცდიდა მის გატეხვას. კიდევ ერთი ცრურწმენა, რომელიც დღემდე შემორჩენილია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც-ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სახლში ასრებულ ყველა სარკეს მუქ ქსოვილს ჩამოაფარებენ და ასე ტოვებენ მანამ, სანამ მიცვალებულის სული სახლს არ დატოვებს. ''სარკეში ჩახედვა'' - მისტიკური რიტუალი, რომელიც ასევე დღემდეა შემორჩენილი. ბნელ ოთახში ანთებული სანთელი, ცხრა წყაროს წყალი და იდუმალ სარკეში დანახული მომავალი საქმრო- ამ უცნაურ რიტუალს ჩვენი დედები და ბებიები გულის ფანცქალით ასრულებდნენ. ეს ცრურწმენები დღეს მეცნიერულადაა გამოკვლეული. სწავლულებმა გააკეთეს დასკვნა, რომ სარკეებს გააჩნიათ ადამიანის ემოციის დაფიქსირების უნარი, შემდეგ კი სარკე ამ ემოციას გადასცემს მომდევნო ადამიანს, ვინც მასში ჩაიხედავს. უამრავი ექსპერიმენტის საფუძველზე დადგინდა, რომ სარკეებს გააჩნიათ მახსოვრობა და თუკი ადამიანი თავის აზრებს, ფიქრებს და ემოციებს ანდობს სარკეს, მასში ტოვებს თვისი სულის ანაბეჭდს, რომელსაც ეს სარკე იმახსოვრებს. ამიტომ როცა სარკეში იხედებით, ეცადეთ ეს გააკეთოთ დადებითი ემოციით, ნუ იქნებით უკმაყოფილო საკუთარი გამოსახულებით, უსურვეთ საკუთარ თავს ჯანმრთელობა და წარმატება, ხოლო ავადმყოფობის და წარუმატებლობის დროს ეცადეთ სარკეში არ ჩაიხედოთ და იქ ცუდი ემოციები არ დატოვოთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოიქცეთ საძინებელში განთავსებულ სარკესთან: ძილის დროს ჩვენ ვთავისუფლდებით დაღლილობისა და ნეგატიური ემოციებისაგან და თუკი სარკე მათ შეისრუტავს და უკანვე დაგვიბრუნებს, სრულ დასვენებას და რელაქსაციას ვერ მივაღწევთ. არ დატოვოთ სახლში გაბზარული სარკე, ეცადეთ ის მაშინვე მოიშოროთ თავიდან, როგორც კი დაზიანდება. ხშირად გაწმინდეთ სარკე სველი ჩვრით, ამით მას მოაცილებთ ნეგატიურ ენერგიას. სარკე და დროში მოგზაურობა - ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია შავი ხვრელების მეშვეობით, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ეს ხვრელები მეტად არასტაბილურია: ისინი სწრაფად წარმოიქმნებიან და სწრაფადვე ქრებიან, ასე რომ ეს მეთოდი არასასურველია. ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ორი სარკის მეშვეობით. თქვენ დაგჭირდებათ ორი დაუმუხტავი სარკე და ვაკუუმი. სარკეები უნდა მოთავსდეს ვაკუუმში ერთმანეთისაგან რამდენიმე მიკრომეტრის დაშორებით და მათ შორის არ უნდა იყოს არანაირი ელექტრომაგნიტური ველი. სარკეებს შორის წარმოიშობა კვანტური ველი, რომელიც შავ ხვრელს წარმოშობს. ეს თეორიულად შეასძლებელია, მაგრამ ამ მეთოდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ წარსულში იმოგზაუროთ, თუმცა საუბედუროდ, მომავალში მოგზაურობა შეუძლებელია. ასე რომ მომგებიანი ლატარიის ბილეთის ნომრის ამოცნობას, სამწუხაროდ, ვერ შეძლებთ. აქ ყურადსაღებია მეორე მხარეც-ამ მეთოდით მიღებული შავი ხვრელი მეტად მცირეა, ასე რომ მე-12 საუკუნეში მოგზაურობა ჯერჯერობით უნდა გადადოთ. სარკეები ჰალუცინაციებს იწვევენ - როცა თქვენ სარკეში იხედებით, შეიძლება შეგექმნათ უცნაური ილუზია. თავად შეგიძლიათ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატაროთ: დაჯექით ბნელ ოთახში სარკის წინ მისგან ერთი მეტრის დაშორებით და პირდაპირ სარკეში იყურეთ ათი წუთი. ოთახში უნდა იყოს სრული სიბნელე, რომ მარტო თქვენი გამოსახულების დანახვა შეძლოთ. თავიდან შეამჩნევთ, რომ სარკეში თქვენი გამოსახულება დამახინჯდება:ის გამუდმებით იცვლება და ნიღაბს დაემსგავსება. მოგეჩვენებათ, რომ გამოსახულება თქვენ არ გეკუთვნით. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მეთოდი საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება. ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ეს შიზოფრენიის მკურნალობის საუცხოო მეთოდია. სარკეები მთვარეზე - დედამიწიდან მთვარემდე დაახლოებით 384 403 კილომეტრია და ეს ცნობილი გახდა სწორედ სარკეების საშუალებით. პროგრამა "აპოლონის "ასტრონავტებმა მთვარეზე დააყენეს კუთხოვანი ამრეკლი. ესაა განსაკუთრებული ტიპის სარკეები, რომლებიც აირეკლავენ ლაზერის სხივებს იმავე მიმართულებით, საიდანაც ისინი დაეცნენ სარკეს. ეს ლაზერის სხივები მთვარეზე იგზავნება დედამიწაზე მდებარე უზარმაზარი ტელესკოპებიდან, ამრეკლები მას ირეკლავენ და ეს საშუალებას აძლევს მეცნიერებს გამოთვალონ მთვარედან დედამიწამდე მანძილი 3 სმ-ის ცდომილებით. სარკეები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ - ის, რომ სარკე თქვენს სახეს შებრუნებულად აჩვენებს-ეს მითია. ის, რასაც თქვენ ხედავთ- მარცხენა მხარე თქვენი სახისა სარკის მარცხენა ნაწილში ჩანს და სახის მარჯვენა მხარე-სარკის მარჯვენა ნაწილში, მაგრამ არსებობენ არარევერსული, ანუ "მართალი სარკეები", ისინი საშუალებას აძლევენ ადამიანს დაინახოს სარკეში თავის თავი ისეთი, როგორც სხვა ადამიანები ხედავენ მას. პირველ რიგში ასეთი სარკეები გამოიყენება მაკიაჟის გასაკეთებლად. "მართალი სარკე" შეიძლება გააკეთოთ სახლის პირობებშიც:უბრალოდ დადგით ორი სარკე ერთმანეთისაგან პერპენდიკულარულად და კომბინირებულად შეხედეთ თქვენს გამოსახულებას:"მართალი სარკე" თქვენ მოგცემთ თქვენს 3D გამოსახულებას, რომელიც ისევე მოძრაობს, როგორც თქვენ და ის ბრტყელი არაა, როგორც ეს ჩვეულებრივ სარკეში ჩანს. 110 9-ს მოსწონს
|