x
ორგანიზაციული კულტურა სამხრეთ კორეაში
image

ორგანიზაციული ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა 21-ე საუკუნეში. ინდივიდის შესწავლა სამუშაო გარემოში, რაც ამ მეცნიერების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, მრავალი ასპექტის ცოდნას მოიცავს, მათ შორის ორგანიზაციული კულტურის. თავის მხრივ კი, ორგანიზაციული კულტურა ქვეყნის ნაციონალური კულტურის ფუნდამენტზე დგას.

კორეული მსოფლმხედველობა და სოციალური ურთიერთობები შამანური რელიგიის, ძველ ჩინურ რელიგიურ-ფილოსოფიური ტრადიციებისა და კონფუციანიზმის გავლენის პროდუქტია. კონფუციანიზმი ხედავს თითოეულ ინდივიდუალს, როგორც ჯგუფის წევრს და არა ავტონომიურ არსებას. კონფუციანიზმის გავლენა ბუნებრივად ქმნის კორპორაციულ სულს სამხრეთ კორეაში. კოლექტივისტურ საზოგადოებაში, რაც გულისხმობს საზოგადოების ინტერესების ხაზგასმას და არა ინდივიდუალურ მისწრაფებებზე ფოკუსირებას, პროგრესი მიიღწევა ჯგუფის ერთიანი ძალებით.

სამუშაო გარემოში კომუნიკაცია უფროსებსა და ხელქვეითებს შორის მამა-შვილის მსგავს აღმზრდელობით ურთიერთობის პროტოტიპზეა დამყარებული. ამ ტიპის ურთიერთობებია არა მხოლოდ ბიზნეს ორგანიზაციებში, არამედ სკოლებში, სამხედრო სამსახურსა და მთავრობაშიც კი. ლიდერები, მასწავლებლები და ხელმძღვანელები ირგებენ მშობლის მსგავს როლს და პასუხისმგებლობას. თავის მხრივ სტაჟიორებსა და ახლად დასაქმებულ ახალგაზრდობას კულტურით აქვთ დასწავლილი უფროსების მორჩილება. ავტორიტეტის პატივისცემა მეტად მნიშვნელოვანია. შეკამათება, კითხვების დასმა და კრიტიკა, განსაკუთრებით საზოგადოების გარემოცვაში, მიღებული არ არის. მნიშვნელოვანი მახასიათებელია ასევე ასაკზე ფოკუსირებაც ზოგადად მთელს ქვეყანაში და მათ შორის კორპორაციულ გარემოშიც. მხოლოდ ერთი და იმავე წელს დაბადებულ ადამიანებს შორის არის კულტურით მიღებული არაფორმალური საუბრის გამოყენება, ასაკით უფროს ადამიანებს კი უმცროსები მიღებული ფორმალური ენით უნდა ესაუბრებოდნენ. ეს წესები ვრცელდება სამუშაო გარემოშიც, მათ შორის მსგავს თანამდებობაზე მყოფ ასაკით განსხვავებულ მომუშავეებს შორის.


ორგანიზაციის თანამშრომლების ძლიერ ერთ გუნდად შესაკრავად თითქმის ყველა კორეულ ფირმას აქვს თავისი დევიზი (სა ჰონ), ისევე როგორც თითქმის ყველა კორეულ ოჯახს (კა ჰონ). ტერმინი „კა ჰონ“ მოიაზრებს სწავლებას ოჯახის წევრებისთვის პატივი სცენ იმ ატიტუდებს, რომლებიც მისაღები იყო მათი წინაპრებისთვის, ასევე მოიაზრებს სწავლებას რა არის ოჯახის მართვის სწორი ფორმა_ სხვა სიტყვებით, კა ჰონი არის ოჯახის ტრადიციული აღქმა იმისა, თუ როგორ უნდა დაწესდეს ჯანმრთელი, ჰარმონიული და ბედნიერი ოჯახი. კა ჰონი შეიძლება წარმოადგენდეს ერთ ასო-ბგერას, ერთ სიტყვას, წინადადებას ან რამდენიმე წინადადებას ერთად. კა ჰონის ანალოგს წარმოადგენს სა ჰონი კომპანიებში. დასავლურ კულტურებში მის ანალოგად შეიძლება მოვიაზროთ ორგანიზაციის სლოგანი, დევიზი ან მენეჯმენტის იდეოლოგია. კა ჰონი ფუნქციონირებს, როგორც ზოგადი გაიდლაინი, სახელმძღვანელო კომპანიისთვის და მასში დასაქმებულთათვის. წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუენტს ახალი კადრების გადამზადებასა და კარიერის განვითარებაში თავად ორგანიზაციის შიგნით.

განსხვავებით ამერიკული კომპანიებისგან, რომლებიც როგორც წესი ფოკუსირდებიან სამუშაოს პრაქტიკულ და ტექნიკურ ასპექტებზე, კორეული ფირმები ახალ კოლეჯდამთავრებულებს ატრენინგებენ კომპანიის შიდა მენეჯმენტის ღირებულებებისა და რწმენების განვითარებაში.

დიდ კორეულ კომპანიებს ასევე აქვთ თავისი სიმღერაც (საგა) კი. მსგავსად კომპანიის სლოგანისა, კომპანიის სიმღერაც დატანილია ბროშურაზე. „საგა“ს ასრულებენ დილით, სანამ დაიწყებენ მუშაობას, ყოველთვიურ დილის კონფერენციებზე, სოციალური შეკრებისას ან კომპანიის დაარსების წლისთავის შეხვედრებზე.

image

დრესკოდი სამუშაო გარემოში მკაცრადაა დაცული. კორეელები უფრო ფორმალურები არიან სოციალურ ინტერაქციებში ვიდრე თავად სახელგანთქმული სკანდინავიელები. პირველი შთაბეჭდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. ბიზნეს შეხვედრებისთვის შარვალ-კოსტიუმი და ჰალსტუხი მამაკაცებისთვის, ასევე პიჯაკი ქალებისთვის სავალდებულოა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და პირდაპირ. ხშირად არიან მოუთმენლები და იღებენ ემოციურ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს. კორეული ბიზნესის კულტურაში აღსანიშნავია სოციალური ასპექტი_ ბიზნეს პარტნიორები, როგორც ნორმას შეესაბამება გამოყოფენ დროს ერთად გასატარებლად არაფორმალურ გარემოში_ ძირითადად კორეულ ტრადიციულ რესტორნებში, კარაოკე ბარებში, ბუნებაში პიკნიკზე და ა.შ. ორგანიზაციები ყურადღებით უდგებიან თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და შრომითი კმაყოფილების დონეს, ამიტომ ყოველწლიურად მართავენ სპორტულ გასართობ შეჯიბრებებს.

წარმატებული და წარუმატებელი კომპანიების მაგალითების აჩვენებს, რომ ორგანიზაციულ კულტურას უფრო დიდი გავლენა აქვს დამსაქმებლის მიერ მომუშავის ქცევის ეფექტურ გაკონტროლებაში ვიდრე დაწერილ წესებსა და კანონებს. ორგანიზაციული კულტურა დიდწილად განსაზღვრულია თავად ქვეყნის კულტურით, შესაბამისად კორპორაციული კულტურა სამხრეთ კორეაში ამ ერის კულტურის გავლენით არის ჩამოყალიბებული.


0
34
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
მარიამი კუბლაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0