x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს საჯარო გამოსვლისა და დებატების კონკურსში ზაქარია ჭუაძემ გაიმარჯვა
image


„საქართველოს ახალგაზრდული ხედვის“ ორგანიზებით დედოფლისწყაროში საჯარო გამოსვლისა და დებატების კონკურსი დასრულდა. ფინალურ ტურში ჟიურის გადაწყვეტილებით და ქულათა უპირატესობით დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ზაქარია ჭუაძემ გაიმარჯვა. მას დედეოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საჩუქრად კომპიუტერი გადასცა.


ფინალური ტური ორ ეტაპად გაიმართა და ორივე მათგანი ცალცალკე შეფასდა. პირველ ეტაპზე ჟიურიმ მათი ინდივიდუალური გამოსვლა შეაფასა, შემდეგ კი ისინი ერთმანეთს დებატში გაეჯიბრნენ.


როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, თავდაპირველად 20 აქტიური ახალგაზრდა შეირჩა, რომელთაგან მეორე ტურში 16 მათგანი გადავიდა, მესამე ტურში ხმის მიცემის პრინციპისა და ჟიურის ქულათა გათვალისწინებით 8 კონკურსანტი ფინალში მოხვდა.



დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია კონკურსმა ტრადიციული სახე მიიღოს და ყოველწლიურად ჩატარდეს.'


„პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და არდადეგების გამო, შესაძლოა, მასშტაბური ჩართულობა არ იყო, მაგრამ, ჩვენი პირველი მცდელობა ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოვიდა და მინდა მომავალ წელსაც ჩავატაროთ. იმედია, პანდემია აღარ იქნება და ბევრად დიდი ჩართულობით შევძლებთ კონკურსმა ფართო მასშტაბები შეიძინოს. თუმცა, მახარებს ისიც, რომ ამჯერად, ფინალში თითქმის დედოფლისწყაროს ყველა ზონის ახალგაზრდა მონაწილეობდა, “ - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.


ჟიურის ერთ-ერთი წევრი, დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ მოკლე ხანში კონკურსანტებმა უნარჩვევები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს.


„მოხარული ვარ, რომ ამ მოკლე ხანში კონკურსანტები ძალიან გაიზარდნენ და ბევრი უნარი დახვეწეს. წინა ტურებში შენიშვნებს ვაძლევდით იმასთან დაკავშირებით, რომ მომზადებული მასალა საჯარო გამოსვლის დროს არ უნდა წაეკითხათ და მეტი კომუნიკაცია ჰქონოდათ აუდიტორიასთან. ანალოგიური შენიშვნა მივეცი წინა ტურში ფინალის გამარჯვებულსაც, რომელიც საფინალო გამოსვლაზე ბევრად გაზრდილი და დახვეწილი წარსდგა ჩვენს წინაშე. ამ პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ მათ პრაქტიკული გამოცდილება მიეღოთ და საჯარო გამოსვლისა და დებატებისთვის საჭირო უნარები განევითარებინათ. ვფიქრობ, ამ პროექტმა გაამართლა და თავისი მისია შეასრულა, “ - აღნიშნავს ილია მარტყოფლიშვილი.


დედოფლისწყაროს სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორმა აკაკი ნატროშვილმა კონკურსანტებს სიურპრიზი მოუწყო და აღნიშნა, რომ ნახევარფინალში მონაწილე 16 ახალგაზრდას სამდღიანი ექსკურსიით უზრუნველჰყოფს.


კონკურსის საბოლოო შედეგების მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა ანი თედეევმა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა ნინო წიკლაურს.


პროექტი „საქართველოს ახალგაზრდულმა ხედვამ “, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ და დედოფლისწყაროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრმა დაიწყო. პროექტის პარტნიორია "საქართველოს ტრენერთა ასოციაცია” და "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი”.


0
34
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0