x
image
მანჩო 777
რა სახის კოშმარები ესიზმრებათ ადამიანებს ყველაზე ხშირად და როგორი ახსნა აქვს მათ
გქონიათ შემთხვევა, როცა ძლიერი სტრესის შემდეგ ერთი და იგივე საშინელი სიზმარი გესიზმრებოდათ? იქნებ შემზარავ ურჩხულს გაურბოდით კოშმარულ სიზმარში ან სრულიად შიშველი აღმოჩნდით მნიშვნელოვანი სამსახურებრივი შეკრების დროს ათობით ადამიანის წინაშე? როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩვენ ყველანი თითქმის ერთსა და იმავე სიზმრებს ვხედავთ შიშის, სულიერი დაძაბულობის, ფინანსური პრობლემების, ახლობლის დაკარგვის ან რაიმე სხვა მოუგვარებელი პრობლემის დროს.



image



მაინც რა სახის კოშმარები ესიზმრებათ ყველაზე ხშირად ადამიანებს და რა ახსნა აქვს თითოეულ მათგანს? ბრიტანელი ფსიქოლოგი მაიკლ ლენოქსი დაგვეხმარება ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში.



წარუმატებელი გაქცევა



image


ფსიქოლოგმა და სიზმრების ინტერპრეტაციის სპეციალისტმა მაიკლ ლენოქსმა სიზმრების ამ ტიპს უწოდა "სტრეს-სიზმარი ნომერი 101". ამ სიზმრის დროს ადამიანი რაღაცას ან ვიღაცას გაურბის, თუმცა გრძნობს, რომ მისი სირბილი წარუმატებელია და მდევარი სადაცაა დაეწევა. ლენოქსის აზრით, ამ კოშმარში ასახულია ის შიში და შეშფოთება, რასაც რეალურ ცხოვრებაში განიცდის ადამიანი. მეცნიერი ამბობს, რომ თუ ადამიანს ამგვარი სიმზარი ხშირად ესიზმრება, მას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა მის ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც მას უქმნის დისკომფორტს, უხერხულობის შეგრძნებასა და ფორიაქს.. შესაძლებელია, ეს ადამიანი იყო რაიმე კონფლიქტის მონაწილე, რის გამოც თავს დამნაშავედ გრძნობს. სიზმრები ხშირად იყენებენ "დრამატულ მეტაფორებს" იმ ემოციებისთვის, რომლებიც სულის სიღრმეშია დამალული და ადამიანს მოსვენებას უკარგავს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ გესიზმრებათ, რომ ვიღაცას ან რაღაცას გაურბიხართ, ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჩავარდებით არასასიამოვნო სიტუაციაში და ამას თავს ვერაფრით დააღწევთ.



საზოგადოების წინაშე სრულიად შიშველ


image


ლენოქსი თვლის, რომ კოშმარი-შიშველი აღმოჩნდეთ საზოგადოების წინაშე, ეს არის იდეალური სიმბოლური გამოხატულება ეგრეთ წოდებული "თვითმარქვიას სინდრომისა". ბევრი ადამიანი განიცდის შიშს, რომ ვთქვათ, მისი რომელიმე კოლეგა ან ბოსი აუცილებლად გაშიფრავს მას და მიხვდება, რომ ის არც თუ ისე კომპენენტურია იმ თანამდებობისთვის, რომელიც უჭირავს (ერთი ქართული ფილმიდან დავისესხებ გამოთქმას- "თანამდებობისთვის შეუფერებელი"). რა თქმა უნდა, ეს არაპროფესიონალიზმი ადამიანის გონებაში ზის, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა გულის სიღმრმეში კარგად ვიცით, თუ როგორია ჩვენი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები და რამდენად მზად ვართ იმ სამუშაოს შესასრულებლად, რისთვისაც ხელფასს გვიხდიან.

თუ გესიზმრებათ, რომ სრულიად შიშველი დგახართ დირექტორის კაბინეტში, სადაც მთელი დირექტორთა საბჭოა შეკრებილი, ეს კოშმარი პირდაპირი გაგებით ნიშნავს: "ისინი ხედავენ, როგორი ვარ მე სინამდვილეში და დამცინიან". აი ამას გეუბნება შენი შინაგანი შიში.



გამოცდაზე გახვედი, მაგრამ არაფერი არ იცი


image


ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანს ესიზმრება, რომ ის გამოიძახეს დაფასთან ან მისცეს საგამოცდო ფურცელი, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ იცის იმის შესახებ, რაც უნდა უპასუხოს. ადამიანი პანიკაშია და სურს გაიქცეს ამ ოთახიდან, მაგრამ მასწავლებლის ან გამომცდელის მკაცრი მზერა არ აძლევს ადგომის საშუალებას. ლენოქსი თვლის, რომ ეს კოშმარი დაკავშირებულია დაძაბულობასთან და სამსახურში მიცემულ სერიოზულ დავალებასთან. სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი-ეს იყო პირველი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, როცა მივხვდით, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობის გრძნობა. სიზმარი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ თქვენ შეეჯახეთ სერიოზულ პრობლემას სამსახურში.



კბილების დაკარგვა სიზმარში


image


ამ სიზმრის დროს ადამიანი თავდაპირველად დისკომოფრტს გრძნობს პირის ღრუში, შემდეგ კი ერთი მეორის მიყოლებით კარგავს კბილებს. ზოგჯერ უმტკივნეულოდ, ზოგჯერ კი საშინელი ტკივილის თანხლებით.

''კბილების დაკარგვა მიგვანიშნებს თქვენს დაუცველობაზე"-, ამბობს ლენოქსი. კბილებს გააჩნიათ რამდენიმე ფუნქცია: გარდა მათი ძირითადი ფუნქციის-საჭმლის დაღეჭვისა, ისინი ჩვენ გვეხმარებიან გულღიად გაღიმებაში. ხალხში გავცრელებული ცრურწმენის მიხედვით, სიზმარში კბილის დაკარგვა ნიშნავს ახლობელი ადამიანის ან ოჯახის წევრის დაკარგვას, თუმცა მეცნიერულად ამ კოშმარს სულ სხვა ახსნა ა ქვს: სიზმარში კბილების დაკარგვა დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანი ზედმეტად აღელვებულია და შეშფოთებული იმის გამო, რომ ვიღაცებს შესაძლებელია არ მოსწონდეთ მისი გარეგნობა და დასცინონ ულამაზო სახის, დიდი ცხვირის, ზედმეტი წონის ან სხვა ფიზიკური ნაკლის გამო.



სიმაღლიდან გადმოვარდნა


image


კოშმარი, რომლის დროსაც ადამიანი დიდი სიმაღლიდან ვარდება, გვიამბობს მის პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე და თვითკონტროლის არ არსებობაზე. ეს შფოთი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ფინანსური პრობლემების არსებობასთან, პარტნიორთან დაშორების ან სამსახურიდან დათხოვნის შიშთან. სიმაღლიდან ვარდნის გრძნობა პირდაპირ გვიჩვენებს იმას, რომ ადამიანი, ვისაც ეს კოშმარი ესიზმრება, ვერ გაექცევა მის პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემას. ამგვარი ტიპის სიმზრები ხშირად ესიზმრებათ გავლენიან ადამიანებს, რომლებიც შინაგანად არ არიან მზად შეცვალონ თავიანთი ცხოვრების ესა თუ ის მხარე.



ხლობელი ადამიანის სიკვდილი


image


ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კოშმარია სიზმარი, რომლიც დროსაც გესიზმრებათ, რომ თქვენთვის საყვარელი ადამიანი კვდება და რჩებით სრულიად მარტო. ხშირად ეს სიზმრები ძალიან დეტალურია და გარკვეული: ნათლად ხედავთ მის სიკვდილს, დასაფლავებას და ოჯახის მტირალ წევრებს. ადამიანი იღვიძებს ცივ ოფლში და კარგა ხანს ვერ გამოდის სიზმრის მდგომარეობიდან. სინამდვილეში სიზმარში სიკვდილი სულაც არაა საშიში და ის მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდნელი ცვლილებების სიმბოლოა. როცა სიზმარში ახლობელი ადამიანი კვდება, ეს მეტყველებს ამ ადამიანსა და თქვენს შორის არსებულ ურთიერთობაში შესაძლო ცვლილებაზე. სულაც არაა აუცილებელი ეს ცვლილება ნეგატიური სახის იყოს, მაგრამ ფაქტია ერთია: ის ძალიან გაღელვებთ და შესაბამისად, ეს თქვენს სიზმარზეც აისახება.



მიცვალებულის ნახვა სიზმარში


image


ამ ტიპის კოშმარულ სიზმარში თქვენ გრძნობთ, თუ როგორ გიახლოვდებათ დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანი, გესაუბრებათ, თავისკენ გიხმობთ ან ცდილობს თქვენთან გარკვეული სახის კონტაქტის დამყარებას. ეს შესაძლებელია იყოს როგორც ახლობელი, კარგად ნაცნობი ადამიანი ან ოჯახის წევრი, ასევე სრულიად უცხო ადამიანი, თუმცა აშკარად გრძნობთ, რომ ის გარდაცვლილია და სიზმარშიც კი მასთან მიახლოება შიშს გგვრით. კოშმარის ეს ტიპი ასოცირდება იმასთან, რომ ვერაფრით ვერ ეგუებით ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას. უცნობი გარდაცვლილი ადამიანის დასიზმრება კი ნიშნავს შიშს მოსალოდნელი ან უკვე არსებული ავადმყოფობისა. ასეთი კოშმარები ხშირად ესიზმრებათ უკურნებელი სენით დაავადებულ, მძიმედ ავადმყოფ ადამიანებს, რომლებსაც სიკვდილის აკვიატებული შიში აქვთ.



სტიქიური უბედურება


image


დაგსიზმრებიათ ოდესმე, რომ იმყოფებით ბობოქარი ქარიშხლის შუაგულში ან თქვენსკენ მოემართება ტორნადო, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანგრევს?- ამ ტიპის კოშმარი გვიჩვენებს იმ შიშსა და შეშფოთებას, რომელსაც მძინარე ადამიანი განიცდის. გამომდინარე იქედან, რომ ბუნების ძალები შეუცნობელია და რთულია ამა თუ იმ სტიქიური უბედურების წინასწარმეტყველება და კონტროლი, ასეთი ტიპის სიზმარი გვიჩვენებს, რომ ასევე ძნელია იმ შიშისა და დაძაბულობის კონტროლი, რომელსაც ადამიანი შინაგანად განიცდის. მსგავსი შეგრძნება შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით: ექიმთან მოსალოდნელი ვიზიტის შიშით, რთული გამოცდის წინ ნერვიულობით, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის წინარე დაძაბულობით და სხვა ცხოვრებისეული პრობლემებით.


ასე რომ, კოშმარული სიზმრები სულაც არ გვესიზმრება უმიზეზოდ. ხშირად მათ თავისი მეცნიერული ახსნა აქვს, რომლის ცოდნაც დაგვეხმარება იოლად გადავლახოთ ესა თუ ის ცხოვრებისეული დაბრკოლება. სიზმრები აგრეთვე გვეხმარება შევაღწიოთ ჩვენი აზრებისა და გრძნობების სიღრმეში და შევიქმნათ წარმოდგენა ჩვენს მენტალურ და ემოციურ მდგომარეობაზე.

თუ აქ ჩამოთვლილი სიზმრებიდან რომელიმე ჯერ კიდევ არ დაგსიზმრებიათ, მაშინ მოემზადეთ, რადგან ყველასათვის არასასურველი ღამის კოშმარი ნებისმიერ უწყინარ ღამეს შეიძლება გესტუმროთ!




0
75
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
75