საზოგადოება „არ ვიცი, საიდან გაიგეს ჩემი ნომერი, უამრავი ადამიანი მირეკავს, ტირიან...“ – როგორ ეხმაურება პაატა ჭონიაშვილი პროექტის დატოვებით გამოწვეულ აჟიოტაჟს 2020, 29 ივნისი, 16:07 „მასტერშეფის“ სეზონებში ყოველთვის არის რამდენიმე კონკურსანტი, რომელთა გავარდნასაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. გუშინ პროექტი სწორედ ორმა ასეთმა მონაწილემ დატოვა - პაატა ჭონიაშვილმა და რამილია ალიევამ. „პაატა დააბრუნეთ“, „პატრიკი როგორ გაუშვით?!“ - ალბათ, ასეთი კომენტარები მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან პაატა პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და დასამახსოვრებელი კონკურსანტი იყო. როგორ აფასებს თავის მონაწილეობას „მასტერშეფში“ და როგორ ეხმაურება მისი გავარდნით გამოწვეულ აჟიოტაჟს, ამით შესახებ პაატა ჭონიაშვილი თავად გვესაუბრა. - როგორია პირველი დილა პროექტის დატოვების შემდეგ? - საოცრება ხდება ჩემს ცხოვრებაში. იმ წამიდანვე, რაც პროექტი დამატოვებინეს, შეტყობინებები არ წყდება; ლამის, გადამეწვა მობილური. არ ვიცი, საიდან გაიგეს ჩემი ნომერი, უამრავი ადამიანი მირეკავს, ტირიან: „პაატა, გვიყვარხარ, არ წახვიდე“, არ მოვკვდი, ხალხო, ცოცხალი ვარ! მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ამდენ ადამიანს თუ ვუყვარდი. ისეთები მოვისმინე და წავიკითხე, რომ ვიჯექი და ვტიროდი ემოციებისგან. - გულშემატკივრები წერენ, რომ შენ გარეშე შოუს ყურებას აღარ აპირებენ, კომენტარებისთვის მაინც დატოვეთ შოუშიო... მაყურებელი რომ ვიყო, აღარც მე მენდომებოდა ისეთი კონკურსანტის გარეშე შოუს ყურება, როგორიც მე ვარ. ეს ხუმრობით, თუმცა მაყურებელს რა მოსწონს „მასტერშეფში“, რატომ არის სუპერ რეიტინგული? – „პერსონელითი“, ინდივიდუალიზმი, რაც მე ნამდვილად მაქვს და დარჩენილ კონკურსანტებს აქვთ თუ არა, თქვენ უკეთ იცით. რაც შეეხება კომენტარების გაკეთებას, ცოტა წარმოუდგენელია, მაგის გამო რომ მიმიწვიონ, მაგრამ თუ შემომთავაზებენ, რატომაც არა, დავბრუნდები. - ელოდი, რომ შოუს ამ ეტაპზე გამოეთიშებოდი? - არ ველოდი, მაგრამ ჟიურიმ ასე ჩათვალა საჭიროდ. ხომ ხდება ხოლმე, რომ პროფესიონალებსაც კი რაღაც ყოველთვის არ გამოსდით და ისე მოხდა, რომ კერძი ჩამივარდა. ალბათ, ცუდი დღე მქონდა. - როცა ჟიურიმ ფავორიტის დასახელება გთხოვა, თავი შეიკავე და თქვი, რომ რამდენიმე კონკურსანტი საერთოდ არ იმსახურებს პროექტში ყოფნას. რას გულისხმობდი? - როცა ჟიურიმ მითხრა, რომ პროექტს ვტოვებდი, კონკურსანტი უკვე აღარ ვიყავი და მაყურებლის პოზიციიდან ვაფასებდი. პროექტში ჯერ კიდევ არის რამდენიმე მონაწილე, რომელიც მაყურებელმა საერთოდ არ იცის, ვინ არის; მათი პიროვნების შესახებ არაფერი არ იციან. ვფიქრობ, ასეთი კონკურსანტები ამ პროექტში არ უნდა იყვნენ. ფავორიტი ნამდვილად არ მყავს, თუმცა ყველაზე მეტად იანა და ქეთო მომწონს. ალბათ, ფინალშიც ესენი იქნებიან. - პაატა ჭონიაშვილი როგორ დაამახსოვრდება მაყურებელს? - აი, პატრიკი რომ იყო, გლიტერებიანი - ალბათ, ასე. კომენტარებში წავიკითხე, ჩემს ჩუსტებზეც დიდი ამბავია და გეტყვით. ვერ ვიტან სიცხეს, როგორც კი სიცხეს ვგრძნობ, ცუდად ვხდები. „მასტერშეფის“ სამზარეულოში ძალიან ცხელა და ამიტომ მეცვა ჩუსტები. ზოგადად, ყველგან ჩუსტებით დავდივარ, ასე რომ, დადგმული ნამდვილად არ იყო. - როგორ შეაფასებდი „მასტერშეფში“ გატარებულ პერიოდს? - ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ამისთვის მადლობელი ვარ. მართალია, ჩემი ძალების მაქსიმუმი ვერ გამოვავლინე, თუმცა ყველაფერი წინ არის. ახლა აჟიტირებული ვარ, ვერ ჩამოვყალიბდი, რა გავაკეთო, კულინარიაში დავრჩე თუ არა. რაც უნდა იყოს, ეს სფერო ძალიან მიყვარს და ჩემს ცხოვრებაში რაღაც დოზით ყოველთვის იქნება. რაც ყველაზე მთავარია, ხალხის სიყვარული მომცა ამ პროექტმა. ჩემს ყველა გულშემატკივარს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა შეტყობინებას ვერ ვპასუხობ, მაგრამ ძალიან მიყვარხართ, უდიდეს სტიმულს მაძლევთ. მხოლოდ ამის გამოც კი ღირდა პროექტში მონაწილეობის მიღება - ამდენი თბილი ადამიანი რომ გამეცნო და მათთვის მომეწონებინა თავი. 584 1-ს მოსწონს
|