ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვქონია ისეთი მომენტი, როცა რაიმე ახალს შევიტყობთ და სწავლის მომენტიდან მოყოლებული, მას ძალიან ხშირად ვაფიქსირებთ. ბაადერ-მაინჰოფის ფენომენი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ის, რასაც ახლახანს შევიტყობთ ან ვისწავლით სწავლის მომენტიდან თითქოს ყველგან გვხვდება. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ახლა შევიტყოთ რომ არსებობს ყურსასმენების ფირმა “მარშალი". ამ მომენტიდან, ჩვენ ხშირად შევამჩნევთ რომ ჩვენს გარშემო ბევრ ადამიანს აქვს მოცემული ფირმის ყურსასმენი და საერთოდაც, ვიღაცები ხშირად ახსენებენ “მარშალის" ფირმის ყურსასმენებს.
მოცემულ ფენომენის ახსნა ყურადღების თვისებებისა და კოგნიტური მიკერძოების ახსნით შეგვიძლია. საჭიროა დაისვას პირველი კითხვა- რა არის ყურადღება?
ყურადღება ერთ-ერთი კოგნიტური პროცესია, რომელიც ცნობიერების ფოკუსირებას ახდენს გარკვეულ ინფორმაციაზე. ინფორმაციის ქაოსში იგი თითქოს და დაბინდავს ყველაფერს, გარდა კონკრეტული ინფორმაციისა; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყურადღება სელექციური პროცესია.
შესაბამისად, ახალი ფაქტის შესწავლის შემდეგ, იგი შემოდის ჩვენი ყურადღების ველში და ყურადღების დამსახურებით ხდება მისი ამოცნობა მრავალ სტიმულს შორის.
რატომ ხდება ისე, რომ მხოლოდ მოცემული ფაქტის გაცნობის შემდეგ ვაქცევთ კონკრეტულ ფაქტს ყურადღებას და მანამდე თითქმის ვერ ვამჩნევდით?
ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ინფორმაციაა ჩვენს გარშემო- მაგალითად, მხოლოდ სმენით და ვიზუალურ მოდალობებს რომ დავუკვირდეთ მივხვდებით, რომ იმაზე გაცილებით ნაკლებ სტიმულს აღვიქვავთ, ვიდრე რეალურად გვახვევია გარს. მაგალითად, ქუჩაში ამხანაგთან საუბრისას ჩვენ არ გვესმის სხვა ადამიანების დიალოგები, ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ხმაური, ქუჩის მუსიკოსთა სიმღერა და ა.შ.
ყურადღება ამდენად სელექციური რომ არ ყოფილიყო, ადამიანი ვერ მოახერხებდა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან სტიმულებზე ფოკუსირებას, რაც მას გადარჩენაში შეუშლიდა ხელს.
სწორედ ამიტომ, როცა ფაქტი უკვე ნაცნობი ხდება ჩვენთვის, სელექციური ყურადღება მასზეც იწყებს ფოკუსირებას და შედეგად ჩვენ ვამჩნევთ, რომ მოცემული ფაქტი აქამდეც არსებულა ჩვენს გარშემო და უბრალოდ სელექციის გამო არ მოხვედრილა ჩვენს არეალში.
მეორე ფაქტორი, რომელიც მოცემული ფენომენის აღმოცენებას უწყობს ხელს, კოგნიტური მიკერძოებაა. სიხშირის ილუზია სწორედ კოგნიტური მიკერძოების ერთ-ერთი ვარიაციაა. კოგნიტური მიკერძოება კი გულისხმობს რაციონალური მსჯელობიდან გადახვევას და არარაციონალურ ფაქტებზე დაყრდნობით აზროვნებას. შედეგად, ჩვენ ვახდენთ იმ ინფორმაციის გადამუშავებას, რომელიც შეესატყვისება ჩვენს მოლოდინებს, ეს კი სტატისტიკურ შეცდომებს იწვევს, ანუ ამ შემთხვევაში მივიჩნევთ, რომ ახალი ფაქტი იმაზე ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე რეალურად გვხვდება. ამგვარი აღქმა მაღალი სუბიექტურობით ხასიათდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლადნასწავლი ინფორმაცია უეცრად, ჯადოსნურად არ ჩნდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ უბრალოდ ვწყვეტთ მის იგნორირებას.