x
image
თორნიკე55
დემური სტურუა
image
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დღემდე არავინ დასჯილა.
<

“პოლიციელი გოდერძი მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქვსო დათესილი, უნდა მითხრაო თორემ რაც არ გაქვს გაკეთებული იმას შეგტენიო. მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკალავო. მემუქრებოდა გოდერძი თევზაძე მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო… გემშვიდობებით ყველას… დედა, დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა.”

ფოტო: ნეტგაზეთი

ეს წერილი 22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 7 აგვისტოს დაწერა. მერე საკუთარ ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

თავიდან სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა პოლიციელ გოდერძი თევზაძეს დამნაშავედ მიიჩნევდა. მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და სასამართლოსაც მეტი მიზეზი მიეცა, რომ სისტემის ყოფილი წევრი თევზაძე დამნაშავის სტატუსისგან ეხსნა. ოფიციალური განმარტებით, ყოფილი პოლიციელის წინააღმდეგ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, ამიტომაც 9 თვიანი წინასწარი პატიმრობისგან სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ჯერ არავინ დასჯილა.

დემურ სტურუა
ფოტო: metronome.ge


სოფო ვერძეული ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტია. ის და მისი გუნდი სტურუას ოჯახის ინტერესებს იცავდნენ, თუმცა მოგვიანებით გარდაცვლილის დედამ მათგან იურიდიული დახმარების მიღება აღარ ისურვა. ვერძეული ამბობს, რომ ამ საქმეში ბევრი მტკიცებულებაა და ამ პირობებში გამამართლებელი განაჩენი სრულიად მოულოდნელი იყო.

ვერძეულის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მთავარი როლი დემურ სტურუას დედამ, ნონა ჯოჯუამ ითამაშა, რომელმაც პოზიცია მნიშვნელოვან დროს შეცვალა. “როდესაც დედა სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ბრალდებულს შვილის თვითმკვლელობაში დამნაშავედ არ მიიჩნევს, ეს უკვე გავლენას ახდენს მოსამართლის შინაგან რწმენაზე.”

“აი, ფაქტი” თურქეთში მყოფ ჯოჯუას დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ თავდაპირველად თავგზა ჰქონდა არეული და თევზაძეს ამიტომ სდებდა ბრალს.

ჯოჯუა ახლა ფიქრობს, რომ წერილი მის შვილს სხვა პირებმა ძალით დააწერინეს და ამაში გოდერძი თევზაძე არაფერ შუაშია. თუმცა, დედა არ ასახელებს იმ პირების ვინაობას, ვინც მისი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

მას შემდეგ, რაც დედამ ჩვენება შეცვალა, მოსამართლის შინაგან რწმენაზე საქმეში არსებულმა შემდეგმა მტკიცებულებებმაც ვერ იმოქმედეს:


  • სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილამდე დაწერილი წერილი ნამდვილად სტურუას ეკუთვნის. თუმცა, სასამართლომ დაასკვნა, რომ “მხოლოდ წერილი და წერილში მოყვანილი ინფორმაცია ვერ იქნება გოდერძი თევზაძის მიმართ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება თუ იგი არაა გამყარებული მტიკებულებათა ერთობლიობით;”
  • კამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ სტურუა მისი გარდაცვალების დღეს, პოლიციელ გოდერძი თევზაძეს პოლიციის შენობის გარეთ შეხვდა;
  • სატელეკომუნიკაციო ანძებით დასტურდება, რომ სტურუა და თევზაძე ერთდროულად იყვნენ იანეთის ტყეში. თუმცა, სასამართლო ამ ფაქტს არ მიიჩნევს სარწმუნოდ, რადგან თავად თევზაძის, მისი მეზობლისა და მეუღლის ჩვენებებს ეყრდნობა. მოწმეების თქმით, ყოფილი პოლიციელი ამ დროს სახლში იმყოფებოდა;
  • თვითმკვლელობის დღეს გოდერძი თევზაძემ რამდენჯერმე დაურეკა დემურ სტურუას. იმავე ღამეს ის იმყოფებოდა სტურუას სახლის ეზოში მის მოსაძებნად, რასაც თვითმხილველიც ადასტურებს. თვითონ თევზაძე ამბობს, რომ კი იყო ღამის 2 საათზე მისული, მაგრამ მაგ დროს სტურუა ჯერ მკვდარი არ იყო. სასამართლოს დადასტურებული აქვს, რომ თევზაძის იქ მისვლის დროს სტურუა უკვე გარდაცვლილი იყო;
  • სტურუას თანასოფლელი, ოლეგ თავაძე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაშიც ადასტურებს, რომ გოდერძი თევზაძესა და იმ რაიონის სხვა პოლიციელებს მისთვისაც მოუთხოვიათ “ინფორმატორობა.”

გოდერძი თევზაძე. ფოტო: ipn.ge

გოდერძი თევზაძე სამტრედიის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე 2003 წლიდან მუშაობდა. სტურუას თვითმკვლელობის შემდეგ მან განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.

თევზაძეს პატიმრობა დაუსწრებლად 2016 წლის 29 აგვიტოს შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში პოლიციელი მიმალული იყო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში კი ვკითხულობთ, რომ “თევზაძე თანამდებობის დატოვების შემდეგ, იმყოფებოდა სახლში და უვლიდა ავადმყოფ მეუღლეს.”

2016 წლის 12 სექტემბერს რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილს კითხვა დემურ სტურუას საქმის შესახებაც დაუსვეს. “საუბედუროდ, სანამ პოლიცია თანმიმდევრულად მოქმედებდა, დამნაშავემ მოასწრო მიმალვა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ გაგრძელდება ძიება და დამნაშავე შესატყვისს მიიღებს, ” – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებიდან მეორე დღეს, 13 სექტემბერს გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა. ის ამბობდა, რომ ამ ხნის განმავლობაში მიმალული არ ყოფილა და არც ბრალს აღიარებდა. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობაც დაიწყო.

“აი, ფაქტთან” საუბრისას გოდერძი თევზაძე ამბობს, რომ მაშინ, როცა პოლიცია ეძებდა, ის სახლში იყო. ჩვენს კითხვაზე, მიაკითხა თუ არა პოლიციამ მას სახლში, გვიპასუხა, რომ სამართალდამცველები კი იყვნენ მასთან, მაგრამ ამ დროს თვითონ არ იმყოფებოდა შინ. “მე არ ვიცოდი, რომ მეძებდნენ. როცა გავიგე ამის შესახებ, მივედი და ჩავბარდი, ” – გვეუბნება თევზაძე. გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა ახლა ჩვენთან საუბრისას ამტკიცებს, რომ გოდერძი თევზაძე გამოძიებას არ ემალებოდა. “ელოდებოდა საქმის ჩაწყნარებას. დასამალი იქ არაფერი არ იყო, ” – გვითხრა ნონა ჯოჯუამ.

ნონა ჯოჯუა
ფოტო: რეგინფო

პოლიციასთან დემურ სტურუას ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა გარდაცვლილს 2 წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. გარდაცვლილის ბიცოლა, დარიკო ჯაში ამ ამბავს გვიყვება: “დემურიმ დაინახა, როგორ მოიპარეს ნივთები იმ ადგილიდან, სადაც ის რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად მუშაობდა. თუმცა, პოლიციაში არ განაცხადა, რის გამოც გაასამართლეს და პირობითი სასჯელი და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯეს.” მეზობლების თქმით, გოდერძი თევზაძე სტურუას სიკვიდილამდე ხშირად აკითხავდა.

სტურუას თანასოფლელი, ოლეგ თავაძე “აი, ფაქტთან” საუბრისას ამბობს, რომ პოლიცია მას ინფორმატორობასა და კონკრეტული ქურდობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სისტემატურად სთხოვდა. “პირად საუბრებში ყველა (ადგილობრივი ახალგაზრდები) მოგიყვებათ, რომ მსგავსი ისტორია გადახდენიათ, მაგრამ ოფიციალურად ამის დადასტურება არავის უნდა. რომ ამოიღოს ხმა, რამე რეალური შედეგი იქნება?” – გვეკითხება თავაძე და ამატებს, რომ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს აღნიშნულ თემაზე საუბრის ეშინიათ.

გარდაცვლილის დედა, ნონა ჯოჯუა ახლა ფიქრობს, რომ მისი შვილის გარდაცვალება სოფელში დაკარგულ ტელეფონს უკავშირდება. სასამართლოს დოკუმენტებში აღწერილია, რომ 2016 წლის ივლისში, სოფელ დაფნარში ერთ-ერთი ოჯახიდან დაიკარგა ტელეფონი, რომელიც პოლიციამ მოგვიანებით ქუთაისში, ერთ-ერთ ლომბარდში იპოვა. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სტურუა ამ ლომბარდში დღემდე უცნობ პირთან ერთად იმყოფებოდა და ეს ტელეფონი თავისი პირადობით დაალომბარდა. დედა ამბობს, რომ სწორედ ამ ამბის გამო სცემეს მისი შვილი 7 აგვისტოს და შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს. სასამართლო ექსპერტიზამ სტურუას სხეულზე ცემის კვალი ვერ იპოვა. გოდერძი თევზაძე, რომელიც სტურუას 7 აგვისტოს შეხვდა, ამბობს, რომ იგი ნაცემი არ ყოფილა. თუმცა, ყოფილი პოლიციელი იმასაც ამბობს, რომ სტურუამ მას 7 აგვისტოს შეხვედრა თავად სთხოვა, რადგან თანასოფლელ ბიჭებთან უთანხმოება ჰქონდა. პროკურატურის განცხადებაში კი წერია, რომ თევზაძემ გარდაცვლილი პოლიციის განყოფილებაში დაიბარა. თუმცა, გამოძიებას არ დაუდასტურებია თევზაძემ დაიბარა სტურუა თუ მართლა გარდაცვლილმა სთხოვა დახმარება ყოფილ პოლიციელს. თევზაძემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ ამ დღეს შეხვედრისას სტურუა მას დაკარგული ტელეფონის ამბავზე ესაუბრა.

სტურუას გარდაცვალებას ტელეფონის საქმეს არ უკავშირებს გამოძიება. ეს ვერსია მხოლოდ დედას ეკუთვნის და მას ნაწილობრივ, გოდერძი თევზაძეც იზიარებს. თუმცა, სტურუას თანასოფლელები ამბობენ, რომ გარდაცვლილი თავს დღიური შრომით ირჩენდა – ხან ერთ მეზობელს დაეხმარებოდა ანაზღაურების სანაცვლოდ, ხან მეორეს. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც დემურ სტურუა მათთან მუშაობდა, არასდროს არაფერი მოუპარავს.

ფოტო: On.ge

დემურ სტურუა და მისი ძმა 6 წლიდან ეწერის ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ. მას შემდეგ, რაც დემური 18 წლის გახდა, ის ხან ბიძასთან და ბიცოლასთან ცხოვრობდა, ხან დედასთან. დედა, ნონა ჯოჯუა, პერიოდულად სამუშაოდ თურქეთში დადიოდა.

დემურ სტურუას ოჯახს საკუთარი სახლი არ ჰქონდა და ბოლო 10 წლის განმავლობაში, სოფელ დაფნარში, ერთ-ერთ სახლში უსასყიდლოდ ცხოვრობდნენ. მეზობლები ამბობენ, რომ სტურუა ჩაკეტილი ადამიანი იყო და ხალხთან ურთიერთობა უჭირდა.

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0