ფეხბურთი ვან პერსი მანჩესტერში? 2012, 11 აგვისტო, 23:10 ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ არსენალის ჰოლანდიელი შემტევი რობინ ვან პერსი არ აპირებს მეთოფეებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, ამას მოყვა მრავალი ჭორი მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, არსენალის 10 ნომრით მანჩესტერ სიტი, მათი მოწინააღმდეგე და დაუძინებელი მტერი მანჩესტერ იუნაიტედი და ასევე იტალიური გრანდი იუვენტუსი არიან დაინტერესებული. გერმანული გაზეთების ცნობით ვან პერსის სატრანსფერო ღირებულება 47.5 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ მან წინა სეზონში არსენალის შემადგენლობაში პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 38 მატჩში 30 გოლის გატანა შეძლო, რითიც ინგლისის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის წოდებაც დაიმსახურა. ამას დაუმატა სხვადასხვა შეჯიბრებებში, ინგლისის ასოციაციის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლები და საბოლოო ჯამში სეზონში 41 გოლი მოუგროვდა. დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მისმა წარმატებულმა თამაშმა ისეთი გუნდების დაინტერესებაც გამოიწვია, როგორიცაა მადრიდის რეალი და მილანი. იყო ასევე ცნობა, რომ მახაჭკალას ანჟი ასტრონომიული თანხის გაღებას აპირებდა ჰოლანდიელის ტრანსფერისთვის. დღეს ვან პერისის ბედი კვლავ ბურუსითაა მოცული, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ თუკი იგი ლონდონურ კლუბს დატოვებს, სავარაუდოდ იგი გადავა რომელიმე მანჩესტერულ კლუბში, ამ შემთხვევაში კი იუნაიტედს უფრო მეტი შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ რობინ ვან პერსი არსენალში 2004 წელს ჩაირიცხა. არსენალის სკაუტებმა იგი ფეინოორიდიდან გადმოიყვანეს 3.9 მილიონ ფუნტად. 18 2-ს მოსწონს
|