x
თქვენ აფროდიტე განგმირეთ გულში
თეთრი ხელთათმნით თავი დაღუპა ქალღმერთმა გუშინ,

მწვანე მინდორზე სეკუნდანტიც პირღია დარჩა,

გუშინ დუელში თქვენ აფროდიტე განგმირეთ გულში.

(ღირსია, როგორ მოიშვირა თქვენკენ დამბაჩა?!)



დილით დაჩოქილს თქვენს წინაშე ვხედავდი ღმერთებს,

"იმ" აფროდიტეს იხსენებდნენ მემუარებად,

თქვენ გაღმერთებდნენ, თქვენ – ერთადერთს და არა ერთ–ერთს,

თქვენი ღმერთობა კაშკაშებდა შეუდარებლად.


მერე სამყაროს დაუბრუნდით, კვლავ გახდით ქალი,

რუხი სომბრერო ზღვისფერ რიდეს აყრიდა მარილს,

თვალები ძველი კაშკაშებდა, თითები – მკრთალი,

ფიქრთხეტიალი, მდუმარებით მსგავსი სამარის.


იყავით ისევ ძველებურად ჩვილი და სათნო,

ქალიდან ღმერთის იერარქიას ვერ გრძნობდით თითქოს,

მოკვდავნი ქალღმერთს თაყვანს გცემდნენ, თქვენ – მათ ქალბატონს,

ზეცა მზადაა თქვენი ბრძანებით მზეც კი დაფიფქოს.


გნახავთ – მაჩეტეს ააცილებს კოვბოი ქარქაშს,

ხორცის ნაგლეჯებს შეიზიზღებს ბერი ყასაბი,

ხვალ დილით თქვენი ბრწყინვალება მზის სხივებს შთანთქავს,

საღამოს თქვენგან ნათელს იხმობს მთვარე წასვლამდის.


ღონემიხდილი ვარსკვლავები მოგცემენ სკიპტრას

და უკანასკნელს გაანათებს ღამეს ქუხილი,

თქვენს სუნთქვის ტონზე აამღერებს მაესტრო სკრიპკას

და ტანგოს ცეკვას მოინდომებს შავი წუხილიც.


ეჩმიაზინი, ეკლესია, მეჩეთი – გუმბათს,

აქანდაკებენ თქვენი ხატებით, მოგცემენ თაყვანს,

ბერი ასკეტი გალერეას გასტეხს, გაჰქურდავს –

თქვენს ხატს იპარავს, მარტოობის გაარღვევს ალყას.


და შეიწირავს თქვენი სხივი ეშვგაზრდილ დემონს,

და გარდიცვლება მზის ჩასვენება საღამოს ზღვაში,

და დედამიწა ხვალ პირველად შეიგრძნობს გემოს

ზებუნებრივი სილამაზის, შეგხვდებათ ტაშით.


განადგურდება თეატრებში ძველი პიესა

და ახლის წერას დაიწყებენ თქვენზე მაშინვე,

(მოიქარგება თქვენი სახით ნაწერი ფრესკა)

დროს მარადიულს მიაწერენ გაკრულ აფიშებს.


და თქვენ იხილავთ თავდახრილ ანუბისს თქვენს წინაშე,

შავი ჰადესიც აიფარებს თვალებზე თავშალს,

ღამე უმთვარო გადაკარგავს ჩვეულ სიშავეს,

მიაგდებს ჰერას, ზევსი, თქვენთან მოავლენს მაშვალს.


პატივს აჰყრიან ნეფერტიტის მუმიას – გამხმარს,

თქვენი პორტრეტით შეიმკობა პირამიდებიც,

საოცრებები თქვენს წინაშე დაყრიან ფარ–ხმალს,

დაიჩრდილება თქვენიv ყველა ძველი მითები.


თვალებს აახელს ჰომეროსი და თქვენით მთვრალი

ილიადას და ოდისეა – შეჰღებავს ნაწერს,

მუზას შტორმნარევს ჩაუღვენთავს სინათლე მთვარის

და იგი თქვენზე – ქალღმერთზე ახალ ბესტცელერს დაწერს.


და ბულბულები დაიწყებენ გალობას ასე:

რომ აფროდიტემ მიგიწვიათ დუელში გუშინ,

რომ სეკუნდანტი პირღია დარჩა გასროლის ხმაზე,

რომ თქვენ ქალღმერთი დაამარცხეთ – განგმირეთ გულში...

2
30
2-ს მოსწონს
ავტორი:roma frater
roma frater
30
  
2012, 8 აპრილი, 15:00
ყველაფერი რაც მიდევს ჩემი დაწერილია
2012, 8 აპრილი, 12:47
ვისი ლექსია?
0 1 2