x
image
მანჩო 777
რა კავშირია მთვარეზე გაფრენასა და სანაძლეოს შორის, რომელმაც ერთ ინგლისელს ათი ათასი ფუნტი მოაგებინა
ინგლისელმა დევიდ ტრელფომა 1964 წელს 10 ფუნტი სტერლინგი დადო ფსონად იმაზე, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში ადამიანი მთვარეზე ფეხს დაადგამდა. ხუთი წლის შემდეგ, 1969 წლის ზაფხულში ნილ არმსტრონგმა (Neil Armstrong) განახორციელა ეს დიდი ნაბიჯი კაცობრიობის ისტორიაში და ამ ნაბიჯმა ტრელფოს 10 ათასი ფუნტი სტერლინგი მოაგებინა.




image



თუ დღესდღეობით ბუკმეკერული კანტორები (ტოტალიზატორები) ფსონებს ძირითადად სპორტულ სიახლეებზე ღებულობენ, წინა საუკუნებში ფულის დადება შესაძლებელი იყო ყველაზე უაზრო და აბსურდულ მოვლენებზე - დაწყებული იქედან, თუ კვირაში რამდენი დღე იქნებოდა წვიმიანი დამთავრებული იმით, თუ რა მოხდებოდა უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ კოეფიციენტები ასეთ უცნაურ და არასტანდარტულ მოვლენებზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ფეხბურთის ან კალათბურთის მატჩის შედეგების გამოცნობაზე. ასე, მაგალითად, 1960-იანი წლების დასაწყისში ინგლისურმა ბუკმეკერულმა კომპანიამ ''William Hill'' მოთამაშეებს შესთაზავა ფსონების დადება იმაზე, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში კაცობრიობა აუცილებლად შეძლებდა მთვარეზე გაფრენას და ადამიანი ფეხს დაადგამდა ღამის მნათობის ზედაპირზე. ეს ფაქტი ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელ ფანტასტიკას ნიშნავდა: იმ დროს მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ახერხებდნენ კოსმოსური რაკეტების ძრავებისათვის საწვავის მიწოდების პრობლემის გადაჭრას, მაგრამ 1961 წელს იური გაგარინის გაფრენამ კოსმოსში ბევრს შთაუნერგა იმედი, რომ უახლოეს მომავალში ადამიანი აუცილებლად შეძლებდა მთვარის დაპყრობას.


ასეთ ''მთვარეულს'' მიეკუთვნებოდა ინგლისელი დევიდ ტრელფორი, რომელიც რიგითი მოსამსახურე იყო. მას არ გააჩნდა არც ცისფერი სისხლი საგვარეულო შტოში და არც მსხვილი საბანკო ანგარიში. ტრელფორის მიერ გაკეთებული ფსონიც არ იყო მაინდამაინც დიდი: სულ 10 ფუნტი, რაც იმდროინდელი საზომით უბრალო მოსამსახურის 1.5 კვირის საშუალო ხელფასს უდრიდა. დევიდმა ფსონი 1964 წელს დადო და იმ მომენტისათვის ''William Hill''-ის ბუკმეკერებმა ის 1:1000 კოეფიციენტით მიიღეს.


როგორც ისტორია გვიჩვენებს, დევიდმა სანაძლეო მოიგო და მას შემდეგ, რაც ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დაადგა, მეორე დღესვე მან პატიოსნად მიიღო თავისი კუთვნილი 10 ათასი ფუნტი სტერლინგი. როგორც შემდგომში ბუკმეკერული კანტორის მეპატრონეებმა აღიარეს, იმ დროს, როცა ყველა ზეიმობდა კაცობრიობის მიერ გადადგმულ დიდ ნაბიჯს - მთვარის დაპყრობას, ისინი ცხვირჩამოშვებულები, სამგლოვიარო სახეებით ისხდნენ კაბინეტებში, რადგან ტრელფორის მიერ სანაძლეოს მოგებამ მათ სერიოზული ზარალი მიაყენა და არამარტო ტრელფორის - მოგვიანებით გაირკვა, რომ მსგავსი ფსონი საკმაოდ ბევრ ადამიანს ჰქონდა დადებული, თუმცა დევიდს ყველაზე მსხვილი მოგება შეხვდა.

მოკლედ, კომპანიამ თავისი იმიჯის შესანარჩუნებლად პატიოსნად გასცა ყველა მოგებული თანხა. მოუხედავად იმისა, რომ ბევრს უკვე სერიოზულად ეპარებოდა ეჭვი, მართლაც გაფრინდნენ თუ არა ამერიკელები მთვარეზე. ამ მომენტიდან ორიოდე კვირაში ბუკმეკერებმა ახალი სადავო საკითხი წამოჭრეს: აღიარებს თუ არა აშშ-ის მთავრობა, რომ მთვარზე გაფრენა გაყალბებული იყო? ამჯერად ფსონის კოეფიციენტი 1:1500 იყო. ამასთანავე კანტორის მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამტკიცდებოდა, რომ გაფრენა გაყალბებული იყო, ისინი მოგებულ თანხებს არ წაართმევდნენ იმ იღბლიანებს, ვინც არმსტრონგის მიერ მთვარეზე ფეხის დადგმით სერიოზული თანხა მოიგო, მათ შორის, რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა დევიდ ტრელფორი...

10 ათასი ფუნტით ჯიბეში დევიდი ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა. ბრიტანულმა გაზეთებმა მას " მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი მთვარეული" უწოდეს (უნდა აღინიშნოს, რომ 10 ათასი ფუნტი იმ დროისათვის ძალიან დიდი თანხა იყო). თანხის დიდი ნაწილი დევიდმა სპორტული ავტომობილის შესაძენად დახარჯა. ის ამბობდა, რომ მოგებული ფულის შენახვა ცუდი ნიშანია. სამწუხაროდ, მანქანაში დახარჯულმა ფულმაც ვერ იხსნა იღბლიანი მოთამაშე ბედისწერისაგან: მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანა სწრაფი ავტოთი მისმა ნავარდმა: მალე დევიდს სერიოზული ავარია მოუვიდა და დაიღუპა.



image



...და მაინც, ისტორიაში დევიდ ტრელფორის სახელი სამუდამოდ შევიდა, როგორც ბუკმეკერული კომპანიების ყველაზე იღბლიანი მოთამაშისა, მაგრამ ამავე დროს მისმა ისტორიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მარადიული სიბრძნე, რომ ბევრ ფულს ბედნიერება სულაც არ მოაქვს!


0
265
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0