კინო სტენლი კუბრიკი 2012, 11 აგვისტო, 1:47 ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის - სტენლი კუბრიკის ბიოგრაფიას და მისი საუკეთესო ფილმების მოკლე მიმოხილვას.
სტენლი კუბრიკი დაიბადა 1928 წლის 26 ივლისს, ნიუ იორკში. მას ადრეული ასაკიდან იტაცებდა ფოტოგრაფია და ზოგადად გადაღება. პატარა სტენლი სწავლას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. მისი საშუალო ქულა 67 იყო, რაც მაღალ ქულად იმდროინდელ ამერიკაში ნამდვილად არ ითვლებოდა. ნიუ იორკელმა რეჟისორმა ადრეულ ასაკში დაიწყო მოღვაწეობა. თავიდან ის იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ძირითადად სპორტულ თემატიკაზე. მის პირველ დამოუკიდებელ სურათად იქცა “ორთაბრძოლის დღე” (1951) სადაც მან ორი ამერიკელი მოკრივის მატჩი აღწერა. 50-იანი წლების ბოლოს მან უკვე მოიპოვა პერსპექტიული ჰოლივუდელი რეჟისორის წოდება, თუმცა მის კარიერაში აღმასვლის მომენტი 60იანი წლებიდან იწყება. მის პირველ დიდ ფილმად მიჩნეულია 1960 წელს გამოსული ოსკაროსანი სურათი - სპარტაკი. ფილმში მთავარ როლს კირკ დუგლასი ასრულებდა. ისტორიული მოვლენის ეკრანიზაციამ აშკარად გაამართლა, სურათმა დიდი მოგება ნახა, 1961 წელს კი, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვებაზე 4 ოსკარიც მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კუბრიკი თავიდან არ განიხილებოდა ამ ფილმის რეჟისორად, თუმცა დუგლასის დაჟინებულმა მოთხოვნამ გაამართლა და სტენლიმ ეს სამსახური მიიღო. ამერიკელმა რეჟისორმა მაქსიმალურად ზუსტად აღწერა რომის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები. ფილმი დაფუძნებული იყო ჰოუარდ ფასტის რომანზე. როგორც კუბრიკმა მოგვიანებით განაცხადა, სპარტაკი მისი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი იყო. იგი დიდ პატივს სცემდა კაცს, რომელიც უზარმაზარ რესპუბლიკას აღუდგა წინ და დაანახა რომს, რომ უძლეველი არავინაა. სპარტაკის გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ, ეკრანებზე გამოჩნდა კუბრიკის ახალი ფილმი - ლოლიტა. ეს იყო ვლადიმირ ნაბოკოვის სკანდალური რომანის ეკრანიზაცია, რომელმაც კინოკრიტიკოსებს შორის მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც დადებითი შეფასება დაიმსახურა. მეტიც, ნაბოკოვი 1963 წელს ოსკარზეც წარადგინეს, როგორც საუკეთესო სცენარის ავტორი. ფილმში მთავარი როლები ჯეიმს მეისონმა და სიუ ლაიონმა შეასრულეს. ახალგაზრდა გოგონას, და შუახნის პროფესორის რომანტიკულმა თავგადასავალმა მაყურებელშიც დადებითი გამოხმაურება ჰპოვა, კინოთეატრებთან გრძელი რიგები იდგა, ერთადერთი რაც ფილმს აკლდა, კომერციული მოგება იყო. 1964 წელს გამოვიდა ახალი ფილმი - ექიმი სთრეინჯლავი. ეს იყო შავი იუმორით გაფორმებული სარკაზმული შედევრი, რომელიც დაფუძნებულია პიტერ ჯექსონის რომანზე. ფილმი ეხება ამერიკისა და რუსეთის ატომურ ომს, კუბრიკის ფილმებში ხშირად გვხვდება იუმორის ხაზი, ეს ფილმი კი იშვიათი გამონაკლისია და შეგვიძლია მთლიანად კომედიის ჟანრს მივაკუთნოთ. სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნო კუბრიკმა მსახიობი ლი ერმი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი სამხედრო როლებით, მოგვიანებით მან კვლავ ითამაშა კუბრიკის ფილმში - სრულმეტალიკური გარსი. როდესაც ვსაუბრობთ სტენლი კუბრიკის წარმატებულ კარიერაზე არ უნდა დაგვავიწყდეს 1968 წელს გამოსული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი - 2001: კოსმოსური ოდისეა. კუბრიკის ფილმების უმეტესობა გადაღებული იყო ცნობილი ნაწარმოებების, ბესტსელერების მიხედვით, ამ მართლაც რომ გენიალურ ნამუშევარს საფუძვლად დაედო ცნობილი ფანტასტი მწერლის - არტურ კლარკის ამავე სახელწოდების რომანი, რომელიც მსოფლიო ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნად ითვლება. სწორედ ამ ფილმმა მოუტანა კუბრიკს მისი პირველი და ერთადერთი ოსკარი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კინოაკადემიამ რეჟისორს ოსკარი საუკეთესო სპეცეფექტებისთვის გადასცა. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, სტენლი კუბრიკი არაერთხელ დაიჩაგრა ამერიკის კინოაკადემიის მიერ, იგი არაერთხელ იყო ნომინირებული როგორც საუკეთესო რეჟისორი, ან სცენარისტი, თუმცა ჯილდო ერთადერთხელ აიღო, სწორედ კოსმოსურ ოდისეაში. კუბრიკის უკანასკნელმა ნამუშევარმა და დიდმა წარმატებამ განაპირობა ის ფაქტი რომ მას ანდეს ახალი ფილმის, ყველასათვის კარგად ნაცნობი მექანიკური ფორთოხლის გადაღება. ენტონი ბერჯესის ცნობილი წიგნის ეკრანიზაცია კინოთეატრებში 1971 წელს გამოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის მოქმედება მომავლის ლონდონში ხდებოდა, კუბრიკმა მსახიობების ბრიტანული დასი დაიქირავა. მთავარ როლზე იმ დროისთვის ახალგაზრდა და პერსპექტიული მალკოლმ მაკდაუელი დაამტკიცეს. ფილმი ნამდვილი სენსაცია იყო. 4 ოსკარის ნომინაცია და მაღალი შემოსავალი, კუბრიკმა ამ ფილმით ნამდვილად თავისი სიტყვა თქვა კინემატოგრაფიაში. ფილმის მთავარმა პერსონაჟმა ალექსმა, კი შეძრა მაყურებელი. 1971 წლისთვის ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი ახალგაზრდების გამოსვლები შტატებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდული პროტესტისადმი მიძღვნილმა ამ ფილმმა კიდევ უფრო გაამწვავა ეს მოვლენები, ფილმმა დიდი ზეგავლენა იქონია ინგლისის მოსახლეობაზე. კინოკრიტიკოსთა უმეტესობა დღემდე თვლის, რომ ეს იყო კუბრიკის საუკეთესო ნამუშევარი. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მუსიკამ, ენტონი ბერჯესის წიგნმა და კუბრიკის გენიალურმა სარეჟისორო ნამუშევარმა შექმნა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრული ფილმი, რომელიც დღემდე იწვევს მაყურებელთა გაოცებას. 1975 წელს გამოჩნდა კუბრიკის ახალი ისტორიული ჟანრის ფილმი - ბარი ლინდონი. ეს სურათი დღესდღეისობით დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და შეიძლება ითქვას, რომ იგი კუბრიკის ფილმებს შორის ყველაზე მივიწყებულ ნამუშევრად იქცა. 1976 წელს ამ ფილმს გადასცეს 4 ოსკარი, ეს კუბრიკის ფილმის უდიდეს წარმატებაზე მეტყველებდა. მთავარი როლი შეასრულა ცნობილმა მსახიობმა რაიან ო'ნილმა. რეჟისორმა ამ შემთხვევაშიც არ დაარღვია ტრადიცია და ფილმი წიგნის მიხედვით გადაიღო. მის შტაგონებად უილიამ თეკერეის ამავე სახელწოდების რომანი იქცა. 1980 წელს სტენლი კუბრიკმა გადაიღო მისი “საფირმო" ნამუშევარი - ნათება. ფილმს საფუძვლად დაედო იმ დროისთვის დიდების მწვერვალზე მყოფი ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის - სტივენ კინგის წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა, კინოკომპანიამ სცენარზე საავტორო უფლებები მომენტა ლურად შეისყიდა, თანაც საკმაოდ დიდ ფასად, აღმოჩნდა, რომ კუბრიკს უკვე დიდი ხნის მანძილზე სურდა საშინელებათა ფილმის გადაღება. კინგის რომანი კი მართლაც შესანიშნავ სასცენარო მასალას წარმოადგენდა. მთავარ როლზე არც მეტი არც ნაკლები ჯეკ ნიკოლსონი დაამტკიცეს. ფილმის ბიუჯეტი 19 მილიონამდე გაზარდეს. ნათება არის ერთი ოჯახის ისტორია, რომელიც მთელი ზამთრით რჩება განმარტოვებულ სასტუმრო “ოვერლუკ”-ში. იქ კი უცნაური მოვლენები ხდება. კუბრიკის ეს ფილმი აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო საშინელებათა ფილმად, თუმცა ყველასგან გასაკვირად ნათება ვერ მოხვდა ოსკარზე. ეს მართლაც სენსაცია იყო, ჯეკ ნიკოლსონის ბრწყინვალე თამაშმა ვერ მოახდინა გავლენა ამერიკელ კინოკრიტიკოსებზე და ეს ფილმიც კინოაკადემიის ჯილდოს გარეშე დარჩა. ნათების შემდეგ კუბრიკის კარიერაში იყო მცირე პაუზა. მას სურდა გადაეღო ფილმი ვიეტნამის ომის შესახებ, თუმცა ვერ შეძლო დროის გამონახვა. მიუხედავად თავის გენიისა კუბრიკი საკმაოდ ნელი იყო, ფილმის გადაღება მას დიდ დროს ართმევდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას მერე, რაც მან წაიკითხა გუსტავ ჰასფორდის წიგნი - The Short Timers. ჰასფორდი იყო ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ვიეტნამში იბრძოდა, მან გადაწყვიტა აღეწერა ყველაფერი, რაც იქ იხილა, სწორედ ასე შეიქმნა ეს წიგნი, რომელიც საფუძვლად დაედო კუბრიკის ახალ სურათს - სრულმეტალიკური გარსი. ამ ფილმში მან მოიწვია ძირიტადად ახალგაზრდა მსახიობები, ასევე ათამაშა ძველი ნაცნობი ლი ერმი, საზღვაო ქვეითების კორპუსის სერჟანტის როლში. სრულმეტალიკური გარსის მიზანს ომის უაზრობის წარმოჩენა წარმოადგენდა. ფილმმა მიიღო ოსკარის ერთი ნომინაცია. სხვა მხრივ, განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია. აღსანიშნავია ის, რომ კუბრიკმა ეს სურათი მთლიანად ინგლისში გადაიღო, ეს საკმაოდ რთული იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედება შუაგულ ვიეტნამში ხდება. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც გადაღებას დიდი დრო დასჭირდა. ვიეტნამის ომის თემატიკაზე უკვე გადაღებული იყო ფილმი რაზმი, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა, კურბიკის ამ ნამუშევარმა ვერ გაამართლა იმედები. ამ ფილმის შემდეგ რეჟისორმა ხანგრძლივი პაუზა აიღო. კუბრიკის უკანასკნელ პროექტად იქცა 1999 წელს გამოსული მხატვრული ფილმი - ფართოდ დახუჭული თვალები. ეს არის გინესის რეკორდის მფლობელი მხატვრული სურათი, მისი გადაღება 400 დღეს გაგრძელდა, ფილმმა სხვადასხვაგვარი გამოხმაურება ჰპოვა. სცენარად გამოიყენეს არტურ შნიცლერის წიგნი. მთავარი როლები შეასრულეს ტომ კრუზმა და ნიკოლ კიდმანმა, ფილმში ასევე მიიწვიეს სიდნი პოლაკი. კომერციული თვალსაზრისით “ფართოდ დახუჭული თვალები” ნამდვილად წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ფილმს მაინც აკლდა რაღაც. უნდა ითქვას, რომ კუბრიკმა გადაღებების დროს არ გამოიყენა ხელოვნური განათება, ყველაფერი საყოფაცხოვრებო ნათურების შუქზე გადაიღეს. კრიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ შინაარსი არ იყო დასრულებული ხაზის მატარებელი, ერთი შეხედვით ფილმში ყველაფერი იყო, კუბრიკის ფრაზები, ნათების მსგავსი ჰორორი, გენიალური კადრები, მაგრამ მან მაინც ვერ მიიღო კუბრიკის მორიგი შედევრის სახელი. ფილმის პრემიერიდან 4 დღის შემდეგ ლეგენდარული რეჟისორი გარდაიცვალა. 70 წლის ასაკში სტენლი კუბრიკი გულის შეტევით გარდაიცვალა. მას მრავალი პროექტი ჰქონდა დაგეგმილი, როგორც ცნობილია, ის და სტივენ სპილბერგი აპირებდნენ ერთობლივად ემუშავათ ფილმზე - შინდლერის სია, მას ასევე სურდა გადაეღო ჯონ რონალდ როუელ ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის ეკრანიზაცია, რომლის უფლებაც კინოკომპანია United Artist-მა 1982 წელს შეიძინა. იგი ასევე მიიწვიეს ბითლზის ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის რეჟისორად. სამწუხაროდ მას სიკვდილმა ხელი შეუშალა, მან, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთმა საუკეთესო რეჟისორმა, წარუშლელი კვალი დატოვა დიდ კინოზე, თავისი სიტყვა თქვა კინემატოგრაფიაში და ვალმოხდილი გაუდგა სხვა სამყაროს გზას. 1051 3-ს მოსწონს
|