თუ იცით, რომელია ამერიკის
ჯუნგლების მეფე? ამერიკის ყველაზე დიდი კატა, იაგუარი. სად შეიძლება მისი ნახვა? ცენტრალური
და სამხრეთი ამერიკის ჯუნგლებში, ჭაობიან ადგილებში, ტყეებში, უდაბნოებსა და ბუჩქნარებში.
სხვა კატებისგან განსხვავებით ის თავს კარგად გრძნობს არა მარტო ხმელეთსა და ხეებზე,
არამედ წყალშიც.
წარმოიდგინეთ, რომ ზრდასრული
ხვადი იაგუარის გვერდით დგახართ. ის 2 მეტრამდე სიგრძისაა, თუ არ ჩავთვლით კუდს;
იწონის 120 კილოგრამს ან უფრო მეტს. იაგუარი მარტოხელა ცხოველია და როგორც წესი,
თავისივე სახეობის კატებს მხოლოდ შეწყვილების პერიოდში ხვდება. ხვად იაგუარს შთამომავლობის
წარმოქმნა სამი-ოთხი წლის ასაკში შეუძლია, ხოლო ძუმ ორი წლის ასაკშიც შეიძლება შობოს
პირველი ნაშიერი. მაკეობა სამი-ოთხი თვე გრძელდება და იგი, ჩვეულებრივ, ორ ბოკვერს
შობს. ცნობილია, რომ ზოგი იაგუარი ტყვეობაში 20 წელზე მეტს ცოცხლობს.
ამ მოუხელთებელ და საიდუმლოებით
მოცულ დიდ კატებზე, ერთი ბიოლოგი წერდა: „იაგუარი ძალიან ძნელი შესამჩნევია. ის შეიძლება
გვერდით მედგას ... და მაინც ვერ ვხედავდე“. იაგუარი მოყავისფრო-მოყვითალო
ფერისაა, თან შავი რგოლები აქვს, რგოლების შიგნით კი — პატარ-პატარა ლაქები. ასეთი
შეფერილობის გამო ის ადვილად იმალება და უჩინარდება.
მარტოხელა ჩუმი მონადირე
ეს გამოცდილი მონადირე
დაახლოებით 85 სახეობის ცხოველით იკვებება, მათ შორის ტაპირებით, ირმებითა და
მაიმუნებით. ვინაიდან წყალშიც უყვარს ყოფნა, მის ხახაში თევზები და კუებიც ადვილად
ხვდება. ერთხელ მკვლევარებმა დაინახეს, თუ როგორ მოკლა იაგუარმა ცხენი და როგორ ათრია
ხმელეთზე დაახლოებით 80 მეტრი, მერე კი მდინარის მეორე ნაპირზე გადაიტანა.
ეს ჭკვიანი კატა თავის
მსხვერპლს ხშირად ხეზე შემოსკუპებული ჩუმად ელოდება. როცა პეკარის (ღორის მსგავსი მარდი
ცხოველი) ჯოგი ჩაივლის, ზემოდან აცხრება. მას შეუძლია კბილის ერთი ჩასობით ერთი პეკარი
მოკლას. შემდეგ ისევ ხეზე ხტება და ჯოგის ჩავლას ელოდება, რომ ნადავლს თავი მოუყაროს.
დიდი კატებიდან იაგუარი
ყველაზე ნაკლებად ერჩის ადამიანს; მას არასოდეს მიაკუთვნებდნენ კაციჭამია ცხოველებს.
სინამდვილეში, ადამიანი უფრო მეტ საფრთხეს უქმნის იაგუარს, ვიდრე იაგუარი ადამიანს.
რატომაა დღეს ასე ცოტა?
იაგუარები ერთ დროს შეერთებული
შტატების სამხრეთი ნაწილიდან სამხრეთი ამერიკის თითქმის ბოლო წერტილამდე იყვნენ გავრცელებული.
დღეს ისინი იმის ნახევარ ტერიტორიაზეც აღარ არიან შემორჩენილი, ვიდრე 100 წლის
წინათ იყვნენ. მე-20 საუკუნის 70-იანი წლების შუა პერიოდამდე ტყავის მოსაპოვებლად მონადირეები
ყოველწლიურად ათასობით იაგუარს ხოცავდნენ. მარტო 1968 წელს ამერიკიდან
13 500-ზე მეტი იაგუარის ტყავი იყო გატანილი საექსპორტოდ. ვარაუდობდნენ, რომ
2002 წელს 50 000-ზე ნაკლები იაგუარი იყო დარჩენილი. თუ არ ჩავთვლით ზოოპარკებში
მობინადრე იაგუარებს, დღეს შესაძლოა მათი რიცხვი 15 000-მდე იყოს.
ველური ბუნების დაცვის
საზოგადოების მონაცემებით, ტყის გაჩეხვის შედეგად იაგუარების საცხოვრებელი ფართობი
40 პროცენტით შემცირდა. მარტო მექსიკაში ყოველ ერთ წუთში ფეხბურთის სტადიონისხელა
ტყის მასივი ნადგურდება. შედეგად იაგუარი იძულებულია თავის გადასარჩენად შინაურ ცხოველებზე
ინადიროს.
ბრძოლა მათ გადასარჩენად
დაახლოებით
200 ქვეყანა მხარს უჭერს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და
ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციას“, რომელიც კრძალავს კომერციული
მიზნით იაგუარებზე ნადირობას. მათი საარსებო გარემოს დასაცავად შეიქმნა ეროვნული პარკის
ნაკრძალები. 1986 წელს ბელიზში „ქოქსქოუმის აუზის ველური ბუნების ნაკრძალი“ მსოფლიოში
იაგუარების პირველი თავშესაფარი გახდა. გარდა ამისა, მექსიკამ მათ დასაცავად იუკატანის
ნახევარკუნძულზე „კალაკმულის ბიოსფეროს ნაკრძალში“ 150 000 ჰექტარი ტროპიკული
ტყის ტერიტორია გამოყო.
კაცმა არ უწყის, რამდენად
წარმატებული აღმოჩნდება ადამიანის მცდელობა „ჯუნგლების მეფის“ გადასარჩენად