პროზა მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე"- ნოდარ დუმბაძე 2020, 20 მარტი, 19:46 "დაბადება – თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის. ჩვენ ხშირად ვხვდებით ამ პროცესის მოწმენი, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია."
"მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე."
"უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს."
"ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება მხოლოდ იმას ძალუძს, ვისაც ომის დაწყება ძალუძს."
"არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით." "დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი." "ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა." "ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს… უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით…" "ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს ვერ შეეგუება." "თუ არაფერში მივდივარ საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მითუმეტეს არ უნდა შეგეშინდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად, ან ჩიტად, ან ძაღლად…" "ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე." 129 2-ს მოსწონს
|