ქალი და მამაკაცი მე თუ მე 2020, 20 მარტი, 6:05 ურთიერთობა ეს არის ორი ადამიანის ლტოლვა ერთმანეთისადმი, დაუოკებელი სურვილი ერთად ყოფნისა და დაუსრულებელი ოცნებები სიხარულითა და სიყვარულით აღსავსე დღეებზე... ჩემი აზრით, სიყვარული საერთოდ არ არსებობს. ეს უკანასკნელი, უბრალოდ, ჩვენი ილუზიის ნაწილია. ყველაფერი მარტივადაა: გაიცანი პიროვნება, მოგხიბლა, მასაც მოეწონე, გამოთქვით ინტერესი ერთმანეთის მიმართ და დაიწყეთ ერთად დროის გატარება, რომლის განმავლობაშიც მიეჩვიეთ ერთმანეთს და, შესაძლოა, ხშირად ეკითხებოდეთ საკუთარ თავს, როგორ ცხოვრობდით მის გარეშე აქამდე. რეალურად, პასუხი იმაზე აშკარაა ვიდრე წარმოგვიდგენია - ჩვეულებრივად. დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემთვის, დღესდღეობით, უკვე მნიშვნელოვანმა ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში ფეხი შემოადგა. თავიდან ყველაფერი ნათელ ფერებში მეჩვენებოდა, ყველაფრით აღტაცებული ვიყავი. უაზრობაა ამას, რომ მე ვამბობ, თუმცა, მისი დანახვისთანავე ვიცოდი, ის ჩემი მომავალი იქნებოდა. მწყინს ...მწყინს იმიტომ, რომ ამ დროის განმავლობაში უფრო მეტს ველიდი, მეტ წინსვლას, ან მწტ ყურადღებას მაინც... განვიცდი... განვიცდი იმიტომ, რომ მისგან შორს ვარ. ამას გარდა, ალბათ, იმასაც, რომ ამ ყველაფრის პირადად თქმა არ შემიძლია ზემოთაღნიშნული მიზეზის გამო... ვნანობ... ვნანობ იმიტომ, რომ შეიძლებოდა უკეთესი არჩევანი გამეკეთებინა, მეტი დრო გამეტარებინა მასთან, ან მეტად მეზრუნა მასზე, მაგრამ ეს ჩემს ბუნებაში არ ჯდება. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი და ვერასდროს დავუშვებდი იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ვერ გააკეთებდა იმას, რასაც მე ვაკეთებდი. მიუხედავად ამისა, ნელნელა გავიაზრე, რამდენად განსხვავებულნი შეიძლება იყვნენ ადამიანები, რამდენად მატყუარები, თაღლითები, საკუთარ ნიღბებსა და ოცნებებს ამოფარებულნი... უბედურებაა, როდესაც ორი ერთმანეთის ფიქრით აღსავსე გული ფანჯრიდან სხვადასხვა ქალაქებს ხედავს... მან კარგად იცის, რომ არ ვთხოვ, იყოს მუდამ ჩემს გვერდით, არ ვთხოვ, შემასხას შარავანდედი ან დამადოს ოქროს გვირგვინი, არც იმას ვთხოვ, ისმინოს ჩემი პრობლემები ან ჩემი წარსულის მძიმე ისტორიები. უბრალოდ, ჩამეხუტოს, თუნდაც უსიტყვოდ და უმეტყველოდ, მაშინ, როცა მჭირდება.და მან იცის, როდის მჭირდება ეს. თუ რჩები დარჩი ბოლომდე, თუ წასვლას აპირებ, დღესვე წადი. თუ შეიცვლები კარგისკენ შეიცვალე მხოლოდ. - ასეთია ჩემი პრინციპი. ოდესღაც ყველას მოუწევს წასვლა, თანაც, რაც მოსახდენია მაინც მოხდება ადრე თუ გვიან. ის რაც მინდა იცოდეს მან... მინდა იცოდეს, მისი სიბრაზე უფრო მიყვარს, რადგან ასეთ დროს მგონია, ყველაფერზე წავა თავისი მიზნის მისაღწევად და თვითონაც კარგად იცის როგორ მიზიდავს მასში ეს, რომ ყველაზე ტკბილი და ძვირფასი რაც კი უჩუქებია ჩემთვის, ეს ჩვენი საერთო მოგონებებია. ზოგი ტკბილი, ზოგი მტკივნეული, გაურკვეველი, არეული, უხეში, მოკლედ, ყველაფერია, ოღონდ, ცოტ-ცოტა... და ზუსტად ეს არის, რაც მასში მომწონს. არასდროს ვიცოდი რას მოველოდი მისგან, არც ახლა ვიცი, მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ყოველთვის ვბრუნდები მასთან - მინდა, ის მუდამ იყოს ჩემს ცხოვრებაში და ყოველ დილით, ნერვების მოსაშლელად, მილიონჯერ ვთხოვო გააკეთოს არჩევანი და კითხვაზე ზუსტი პასუხი გამცეს: მე თუ მე? 58 შეფასება არ არის
|