„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“, - აღნიშნა გია ლომინაძემ. მისივე თქმით, კომპანია მზადაა 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კი პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო.
კიდევ ერთი ქართული სამკერვალო საწარმო, რომელიც პირბადეების წარმოებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს – „ელსელემაა“. არსებული ინფორმაციით, კომპანია პროდუქტის წარმოების დაწყებას უკვე ამ კვირის განმავლობაში გეგმავს. პირბადეების სარეალიზაციო ფასი კი დაახლოებით 50-დან 70 თეთრამდე იქნება.