საზოგადოება დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე - 20 წელი დედოფლისწყაროში (ინტერვიუ) 2020, 28 თებერვალი, 22:04 ამ რუბრიკაში უფრო ახლოს გაგაცნობთ იმ ადამიანებს, ვინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნისა და რაიონის ცხოვრებაში. აქ მხოლოდ კულტურის სფეროთი არ შემოვიფარგლებით. ამჯერად, ალმანახის მერვე ნომრის სტუმარია ხორნაბუჯისა და ჰერეთიც ეპარქიის მღვდელმსახური, დედოფლისწყაროს სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზი (ლომსაძე), რომელიც აგერ უკვე 20 წელი გახდა (1999 წლის სექტემბერში), რაც დედოფლისწყაროს ემსახურება და მოსახლეობის საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. როდესაც მან მოღვაწეობა დაიწყო მხოლოდ ერთი სამლოცველო სახლი მოქმედებდა, ამჟამად ათზე მეტი მოქმედი ეკლესიაა. მაშინ ის მარტო ემსახურებოდა მთელ დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონის რამოდენიმე ტაძარშიც ატარებდა მსახურებას, ამჟამად ათზე მეტი სამღვდელო პირია ჩვენს რაიონში. ასევე სწორედ მამა ნიკოლოზის მოღვაწეობის შედეგია დედოფლისწყაროს სიონის მშენებლობა, რომელიც ერთგვარად მისი სულიერი პორტრეტიცაა. – დაგვლოცეთ, მამაო! იქნებ გაიხსენოთ ბავშვობა, ის მშობლიური გარემო, სადაც აღიზარდეთ, თქვენი მშობლები, დედმამიშვილები, ბავშვობა და ყრმობა. – ღმერთმა დაგლოცოთ! რა გითხრათ ჩემი ბავშვობის შესახებ, 1969 წლის 2 აპრილს დავიბადე. ის წლები ათეისტურ ხანად ითვლებოდა, ღმერთზე მაშინ თითქმის არავინ საუბრობდა, მიუხედავად ამისა ბაბუა და ბებია ხშირად ახსენებდნენ უფლის სახელს, მახსოვს ბაბუჩემი ავედრებდა თავის ახლობლებს უფალს, იტრიის ღვისმშობელსა და წიფის წმინდა გიორგის, მამაც (თამაზი ნათლობით თომა) დაწოლის წინ პირჯვარს იწერდა და ლოცვას წარმოთქვამდა, ამანაც დატოვა ჩემზე თავისებური კვალი. ასევე მყავს დედა ემილია და ირმა და ძმა დავითი. არდადაგებზე მშობლებს ხშირად ჩავყავდით სოფელში, იქ კვლავ იყო შემორჩენილი ძველი ტრადიციები. გიორგობას ტაძრის ნანგრევებთან იყრიდა მთელი სოფელი თავს, ბებია სანთლებს გააკეთებდა და სიხარულით მივუყვებოდით საყდრის გზას. წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აუცილებლად ლობიანებს გამოაცხობდა ხოლმე. ვზეიმობდით შობას და ძველით ახალ წელს. ბებია და ბაბუა წარმოშობით ზემო იმერეთიდა იყვნენ, ხშირად იხსენებდნენ თავიანთი ყრმობის ამბებს და ჩვენც დიდი ინტერესით ვუსმენდით. მშობლები მკაცრად არ გვზრდიდნენ, ყველანაირად ცდილობდნენ კარგად გვესწავლა და გვაჩვევდნენ უფროსების პატივისცემას. – სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებდით, გამორჩეული მასწავლებელი თუ გყავდათ, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა? – ვერცერთ მასწავლებელს ვერ გამოვარჩევ ყველა თავისებურად კარგი იყო, ზოგი მკაცრი, ზოგიც ძალიან მეგობრული. რელიგურ თემაზე საუბარს კი ყველა მათგანი ერიდებოდა, თავდაპირველად ქალაქ რუსთავში ვსწავლობდი, ხოლო შემდეგ სოფელში მომიხდა სწავლის გაგრძელება. – საბჭოთა პერიოდში აღზრდილებისათვის ღმერთთან მიახლოების გზა ადვილი არ იყო. თქვენს შემთხვევაში ეს როგორ მოხდა? – ღმერთან მიახლოვების გზა ნამდვილად არ არის მარტივი. მიუხედავა იმისა, რომ ათეისტურ ხანაში გავიზარდე, ყოველთვის რაღაცის ძიებაში ვიყავი, მქონდა ათასი კითხვა, მაინტერესებდა როგორ შეიქმნა სამყარო, არასდროს მჯეროდა დარვინიზმის. 1989 წელს სამხედრო სამსახური მოვიხადე, შემდეგ რუსთავში დავბრუნდი 9 აპრილის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო, ხალხში ეროვნული გრძნობები იღვიძებდა, უკვე ღმერთზეც საუბრობდნენ. სწორედ ამ პერიოდში აშენდა რუსთავში ეკლესია, აღსანიშნავია, რომ მანამდე იქ არ იყო ღვთის მსახურება. მახსოვს მეგობარს გავყევი პარაკლისზე, იქ ისეთი სიმშვიდე და სიხარული ვიგრძენი გამოსვლა აღარ მინდოდა, ამის შემდეგ გადავწყვიტე ტაძარში სიარული. – განათლება სად გააგრძელეთ? – შემდეგ ასეთი შემთხვევა მოხდა, ახალციხიდან მეუფე სერგი (ამჟამინდელი ნეკრესის მიტროპოლიტი) ჩამობრძანდა სამღვდელოებასთან ერთად, დღესასწაულზე წირვის ჩასატარებლად. ქადაგებისას ახსენა, რომ საფარის მონასტერში გახსნილი იყო სასულიერო სემინარია. იქვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სწავლა იქ გამეგრძელებინა. – საფარის მონასტერის მნიშვნელობაზე და იქ განვლილ წლებზე მოგვიყევით? – ყველაზე ტკბილად საფარაში გატარებული წლები მახსენდება. გაჭირვების წლები, მაგრამ ამავდროულად ძალზე ტკბილი, იმით რომ სხვა სიყვარული და ერთიანობა გვქონდა, მაშინ ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს მონასტრული ცხოვრება, წინამძღვარი, იღუმენი თეოდორე (ამჟამად ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი), განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მონასტერსა და სემინარიას. მონასტრის საძმოში ასევე იყვნენ: მღვდელმონაზონი საბა (ამჟამად ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი), ბერდიაკონი არსენი (ამჟამად არქიმანდრიტი და საფარის მონასტრის წინამძღვარი), ბერი ანტონი (ამჟამად არქიმანდრიტი და ვარძიის მონასტრის წინამძღვარი), მორჩილი დამიანე (ამჟამად ჩვენი ეპარქიის, დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი)... საფარის მონასტერმა და სემინარიამ უამრავი სასულიერო პირი გამოზარდა იმ მადლითა და სიყვარულით რომელიც იქ სუფევდა და სუფევს. – როდის და როგორ მოხდა თქვენი მღვდელმსახურად კურთხევა და ზოგადად თქვენი სამღვდელო მსახურების გზაზე მოგვიყევით? – სემინარიის დამთავრების შემდეგ, იქიდან წამოსვლა მომიწია. ჩავედი ჯერ რუსთავში შემდეგ კი ლაგოდეხის რაიონში, სადაც პედაგოგიური მოღვაწეობა გავაგრძელე. სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. იმ პერიოდში მეუფე თეოდორე გამოარჩიეს ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსად, მან იქ განაგრძო მოღვაწეობა და დიაკვნად კურთხევა შემომთავაზა, რაზეც მე დავთანხმდი. საცხოვრებლად სიღნაღში გადავედით. მეუფე თეოდორეს შემდეგ ეპისკოპოსი ნიკოლოზი დაადგინეს ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრად. რომელმაც მომამზადა მღვდლობისათვის და ჩემი მღვდლად კურთხევა მოხდა პატრიარქის მიერ სიონის საპატრიარქო ტაძარში 1998 წლის 19 დეკემბერს. ერთი წელი სიღნაღში ვმსახურობდი, შემდეგ კი დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის შობის სამლოცველო სახლში გადმომიყვანეს, აქედან იწყება ჩემი ცხოვრება და საქმიანობა ქალაქ დედოფლისწყაროში. – თქვენს მეუღლეზე და შვილებზე, ანუ თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ. – ჩემს ოჯახზეც გიამბობთ. მყავს მეუღლე ეკატერინე გორგაძე და ექვსი შვილი: იოვანე, ანტონი, ნინო, სალომე, თებრონია და თომა. სამი უფროსი შვილი უკვე სტუდენტია და სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში, უმცროსები კი სკოლის მოსწავლეები არიან. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ შვილებს თბილი გარემო შევუქმნათ და სწორ გზაზე დავაყენოთ. – გთხოვთ დალოცოთ ჩვენი საქმიანობა და თქვენი აზრიც მოგვახსენოთ ლიტერატურულ ალმანახ „ხორნაბუჯის“ შესახებ, რომელსაც მომავალ წელს ხუთი წელი უსრულდება. – დალოცოს ღმერთმა თქვენი საქმიანობა, შემოქმედებითი გზა რთულია, დღეს როდესაც აღარ გამოდის ჟურნალები, როგორც იყო `მნათობი~, `ცისკარი~. ამ ფონზე თქვენი ჟურნალი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, მიაქვს მკითხველამდე მწერლებისა და პოეტების ნააზრევი, მათი შემოქმედება. მინდა მოგილოცოთ ხუთი წლისთავი და გისურვოთ კვლავაც დიდხანს გაგეგრძელებინოთ თქვენი საქმიანობა, ასევე მინდა დავლოცო ყველა ის ადამიანი, ვინც ეხმარება ამ შემოქმედებით ჯგუფს. წყალობა და მადლი არ მოგაკლოთ ღმერთმა! დედოფლისწყაროს ლიტერატურული ალმანახი „ხორნაბუჯი“
357 შეფასება არ არის
|